“საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული რეფორმები კიდევ ერთხელ აღიარეს”

საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე ევროკომისიის საკანონმდებლო ინიციატივას საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების თაობაზე, მიესალმება.

აღნიშნულ ფაქტს მინისტრი მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯად აფასებს.

მისი თქმით, დღეს კიდევ ერთხელ მოხდა საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული რეფორმების აღიარება.

“მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რომ საქართველომ 2013 წლის შემდეგ, შეასრულა ყველა რეკომენდაცია და რეფორმა. ეს რეფორმები შედგებოდა ოთხი ბლოკისგან. პირველი ბლოკი – დოკუმენტების უსაფრთხოება და ბიომეტრიკა, ანუ აუცილებელი პირობები იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეს ჰქონდეს ბიომეტრიული პასპორტი, რათა ისარგებლოს მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლით ევროკავშირში. მეორე ბლოკი, ეს იყო მიგრაცია და ინტეგრირებული საზღვრის კონტროლი, მათ შორის, თავშესაფრის მაძიებელთა პოლიტიკა. მესამე ბლოკი – საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება, ხოლო მეოთხე ბლოკი – საგარეო ურთიერთობები, ფუნდამენტური უფლებები.
რეკომენდაციების შესაბამისად, შეფასება მოხდა რამდენიმე ფაზად. პირველ ფაზაში შეფასდა ის საკანონმდებლო, პოლიტიკური და ინსტიტუციონალური ჩარჩო, რომელიც საქართველოს მთავრობამ შექმნა და შერმდეგ, მეორე ფაზაზე მოხდა ამ ცვლილებების იმპლემენტაციის განხორციელების ეფექტურობის შემოწმება. ეს არის კიდევვ ერთი დადასტურება იმ წარმატების, რომელსაც ჩვნ მივაღწიეთ შესაბამისი რეფორმების განხორციელების კუთხით, რა თქმა უნდა, ჩენი საზოგადოების მხარდაჭერით”, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

ევროკომისიამ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის თაობაზე დღეს, საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინა.

ინიციატივაში ნათქვამია, რომ საქართველომ რეფორმების თვალსაზრისით ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ყველა ამოცანა შეასრულა და „ამიტომ, აკმაყოფილებს ყველა შესაბამის კრიტერიუმს, რათა მისი მოქალაქეები სავიზო მოთხოვნებისგან განთავისუფლდნენ“.

საკანონმდებლო ინიციატივა ძალაში შესვლამდე ევროპარლამენტმა და ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა უნდა დაამტკიცონ.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის დე-ფაქტო შს მინისტრი მომიტინგეებმა სცემეს
შემდეგი სტატიალევან გაჩეჩილაძის სახლში “მაესტროს” თანამშრომლების ნაწილი იკრიბება