საფრთხეების მიუხედავად შესაძლოა ექსტრადირების შუამდგომლობას დაეთანხმოს – ჯეკ შეფარდის ადვოკატი

ინტერპოლით ძებნილ ჯეკ შეფარდის დიდ ბრიტანეთში ექსტრადირების საკითხთან დაკავშირებით, დღეს საქალაქო სასამართლო იმსჯელებს. შესაძლოა, გადაწყვეტილება დღესვე გახდეს ცნობილი. მოსამართლე პროკურატურის შუამდგომლობას განიხილავს.

იმ შემთხვევაში, თუ შეფარდი ექსტრადირებას დათანხმდება, შესაბამისი პროცედურები დაიწყება.

ბრალდებულის უფლებადამცველები ამბობენ, რომ დიდ ბრიტანეთში ექსტრადირების შემთხვევაში შესაძლოა შეფარდის სიცოცხლე საფრთხე დაემუქროს. ადვოკატის, მარიამ კუბლაშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ციხეში მუქარის შემცველ წერილებს იღებს.

„ეგზავნება წერილები მას დღესაც ციხეზე. ხშირად, წერილებში არის როგორც მისი ღირსების მიმართ მიმართული კონკრეტული ციტატები ან მუქარის წერილები. არსებობს საშუალება, რომ მან განსაკუთრებული უსაფრთხოება მოითხოვოს ციხეზე და გამოიყენოს ეს უფლება ცხადია და რა გადაწყვეტილებას მიიღებს და როგორ მოიქცევა, ეს არის მისი გადასაწყვეტი. ჩვენ განვუმარტეთ, რომ მზად ვართ ბრძოლისთვის,“ – განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.

დიდი ბრიტანეთის სააპელაციო სასამართლო მალე შეფარდის საქმის განხილვას დაიწყებს. უფლებადამცველი ტარიელ კაკაბაძე ამბობს, რომ რეალური საფრთხის მიუხედავად შეფარდს სურვილი აქვს სხდომებს დაესწროს. სწორედ ამიტომ არ არის გამორიცხული შეფარდი ექსტრადირების მოთხოვნას დაეთანხმოს.

„ჩვენ გარკვეული საფრთხეები ჩვენი აზრით, ნამდვილად გამოკვეთილია მის მიმართ. თუმცა, იმდენად დიდია მისი სურვილი, რომ მონაწილეობა მიიღოს სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვაში, შესაძლოა ამ საფრთხეების მიუხედავად, ის დაეთანხმოს ექსტრადირების შუამდგომლობას,“ – განაცხადა ადვოკატმა, ტარიელ კაკაბაძემ.

ბრიტანეთის სასამართლომ ჯეკ შეფარდს შარლოტა ბრაუნის არაგანზრახ მკვლელობისთვის 6 წლიანი პატიმრობა შეუფარდა, გადაწყვეტილება კი შეფარდისოჯახმა სააპელაციოში გაასაჩივრა.

banner
წინა სტატიაშიშსს – გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისი საქართველოში თავშესაფრის მინიჭების პროცედურას პოზიტიურად აფასებს
შემდეგი სტატია“2012 წელს საქართველოში არჩევნები ჩატარდა, სადაც რუსეთი აქტიურად ერეოდა” – მიხეილ სააკაშვილი