საპროტესტო აქციები ზოგადად სრულიად კონსტიტუციური,კანონიერი და დემოკრატიული ფორმაა

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ განცხადებას აკეთებს. მისი განცხადებით, ოპოზიცია მუშაობს იმისთვის, რომ ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ მყოფი საზოგადოების აზრის მობილიზება მოხდეს და ხელისუფლება იძულებული იყოს 8 მარტის შეთანხმება შეასრულოს.

მისივე განცხადებით, საპროტესტო აქციები სრულიად კონსტიტუციური და კანონიერი გზაა პროტესტის გამოსახატად, თუმცა ეპიდმდგომარეობის გათვალისწინებით, ოპოზიცია მოქალაქეების ჯანმრთელობას საფრთხეს ვერ შეუქმნის.

„ჩვენ ვიმუშავებთ ქვეყნის შიგნით და გარეთ იმისთვის, რომ მოხდეს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება, რათა აიძულონ ხელისუფლება, რომ 8 მარტის შეთანხმება შესრულდეს. ჩვენ არ გვინდა რომ 8 მარტის შეთანხმება ჩავარდეს, არ გვინდა, რომ ქვეყანა შევიდეს კრიზისში და დარჩეს დღევანდელი საარჩევნო სისტემა.

ჩვენ გვინდა 8 მარტის შეთანხმების შესრულება, ამიტომ საზოგადოებრივი აზრის მობილიზება შიგნითაც და გარეთაც გავაკეთეთ იმიტომ, რომ შიდა და გარე ზეწოლის ქვეშ ხელისუფლებამ შეასრულოს 8 მარტის შეთანხმება.

საპროტესტო აქციები ზოგადად სრულიად კონსტიტუციური,კანონიერი და დემოკრატიული ფორმაა, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სანამ ქვეყანაში არ არის ბოლომე დასრულებული კორონავირუსის პანდემია, ჩვენი ამოსავალი წერტილი, შევუერთდებით თუ არ შევუერთდებით და დავგეგმავთ თუ არ დავგეგმავთ საპროტესტო აქციებს, იქნება სწორედ ქვეყანაში არსებული ეპიდემიური მდგომარეობა და ხალხის ჯანმრთელობა. ადამიანების ჯანმრთელობას პოლიტიკური ამოცანებისათვის საფრთხის ქვეშ არ დავაყენებთ“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

banner
წინა სტატიაშითინა ბოკუჩავა შეთანხმების ჩაშლის საკითხზე სრულ პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილს აკისრებს
შემდეგი სტატიაშალვა ნათელაშვილი: ისტორიული დღეა