საპროკურორო საბჭო ახალ თავმჯდომარეს ირჩევს

გენერალურ პროკურატურაში საპროკურორო საბჭოს სხდომა მიმდინარეობს, სადაც საბჭოს ახალი თავმჯდომარე უნდა აირჩიონ.

კენჭისყრა ფარული იქნება და გადაწყვეტილება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით მიიღება. თავჯდომარე საბჭოს შემადგენლობიდან ირჩევა.

სხდომაზე საკუთარი კანდიდატურის დაყენებას არ გამორიცხავს, საპროკურორო საბჭოს წევრი ირმა ჭკადუა, თუმცა დარწმუნებულია, რომ  მხარდაჭერა არ ექნება. რაც შეეხება კითხვას, ვის დაუჭერს თავად მხარს ამ თანამდებობაზე, ჭკადუას მიაჩნია, რომ საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარე პროკურორი არ უნდა გახდეს.

ამასთან, როგორც საპროკურორო საბჭოს წევრი, „ევროპული საქართველოს“ დეპუტატი ოთარ კახიძე აცხადებს, ის სხდომის მედიისთვის გახსნის საკითხს დააყენებს. კენჭისყრაში მონაწილეობას და რომელიმე კანდიდატის მხარდაჭერას არ გეგმავს.

მისი შეფასებით, საპროკურორო საბჭო ფორმალური ინსტიტუტია, რომელსაც არანაირი დატვირთვა არ აქვს. შესაბამისად, „ევროპულ საქართველოს“ არ მიაჩნია აქტუალურ საკითხად, ვინ იქნება საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარე.

დღევანდელ სხდომაზე 15-წევრიანი საბჭო ხელმძღვანელს საკუთარი შემადგენლობიდან, ფარული კენჭისყრით, ორი წლის ვადით აირჩევს. არჩევნების ჩატარება ახალი კონსტიტუციისა და პროკურატურის შესახებ ორგანული კანონის ამოქმედების შედეგად გახდა საჭირო, რადგან საქართველოს მთავარი პროკურატურა გენერალურ პროკურატურად გარდაიქმნა და საქართველოს იუსტიციის მინისტრი საბჭოს წევრი აღარ იქნება. საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარე იუსტიციის მინისტრი იყო.

საპროკურორო საბჭოს წევრთა უმრავლესობას პროკურორები და პროკურატურის გამომძიებლები შეადგენენ. საბჭოს წევრები არიან ასევე საქართველოს პარლამენტის დეპუტატები, მოსამართლეები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.

banner
წინა სტატიაში,,სათანადო საკანონმდებლო საფუძველი მომზადდება, რათა მოსამართლეები სწორი პროცედურისა და კრიტერიუმების საფუძველზე შეირჩნენ”
შემდეგი სტატიასამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილედ მალხაზ თორია დაინიშნა