საპენსიო ფონდის გარეშე ადეკვატური სოციალური დაცვის უზრუნველყოფა წარმოუდგენელია

თქვენ ვერ ნახავთ ვერც ერთ წარმატებული საბაზრო ეკონომიკის ქვეყანას, რომელსაც არ აქვს საპენსიო ფონდები, რადგან წარმოუდგენელია ნორმალური სოციალური უზრუნველყოფის დონის შენარჩუნება საპენსიო ფონდების გარეშე,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „ფეისბუქლაივში“ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის ერთადერთი წარმატებული და აპრობირებული მეთოდი სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით.

როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, აღნიშნულ საკითხზე გრძელვადიანი კონსულტაციები გაიმართა ყველა წამყვან მსოფლიო ექსპერტთან, იმისთვის, რომ გათვალისწინებული ყოფილიყო ქართული რეალობა, ის პრობლემები, რაც ქვეყანას აქვს ეკონომიკაში და ჩამოყალიბებულიყო ისეთი მოდელი, რომელიც იქნებოდა მინიმალური ტვირთი ყველასთვის.

„ღრმად მწამს, რომ ეს რეფორმა აუცილებლად იქნება წარმატებული, თუმცა, თუ ჩვენ სხვა ქვეყნების გამოცდილებას გავითვალისწინებთ, ვნახავთ, რომ იქაც პროცესის განმავლობაში რეფორმა უფრო იხვეწებოდა.

ფაქტი არის ერთი: საპენსიო ფონდის გარეშე ადეკვატური სოციალური დაცვის უზრუნველყოფა არის წარმოუდგენელი, შესაბამისად, ჩვენც უნდა ავირჩიოთ ეს გზა. საუბარი იმაზე, რომ საქართველოს არ სჭირდება საპენსიო ფონდი და ისე შეუძლია მომავალში უზრუნველყოს სოციალური დაცულობის მაღალი ხარისხი, ეს ჩემი შეფასებით, იაფფასიანი პოპულიზმია.

ჩვენ უნდა ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს ფონდი უფრო ეფექტური, კარგად მართული, რისკები დაზღვეული. დიახ, რისკები დაზღვეულია და შეფასებული. ის უზრუნველყოფს იმას, რომ ფონდის კაპიტალიზაცია, ზრდა მოხდეს იმდაგვარად, რომ ინფლაცია მასზე ნეგატიურად არ აისახოს. ის იყოს ინვესტირებული მაქსიმალურად დაცულ ფასიან ქაღალდებში, ისეთ პროექტებში, რომელიც იქნება ფაქტობრივად ურისკო კომერციული თვალსაზრისით“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

banner
წინა სტატიაშიჩვენ გვჭირდება დამატებითი სიმძლავრეები ენერგეტიკაში, თუმცა ეს არ უნდა მოხდეს ჩვენი ულამაზესი ბუნების ხარჯზე
შემდეგი სტატია“ეს ვირთხა გელა დუმბაძე არის გაქანებული ნაცი”