სამწუხაროა, რომ მეგობარი ქვეყნების ლიდერებს ვერ ვხვდები – “ოცნებამ” პრეზიდენტი ისევ დაბლოკა

“ქართულმა ოცნებამ” სომხეთის პრემიერ-მინისტრთან სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა დაბლოკა – საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, რომ იგი შესაბამისი უწყებების მხრიდან არ იყო ინფორმირებული ნიკოლ ფაშინიანის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით.

ზურაბიშვილი მომხდარს სამწუხარო ფაქტად აფასებს და აღნიშნავს, რომ მმართველმა პარტიამ პრეზიდენტს არ მისცა საშუალება, სტუმარს ღირსეულად დახვედროდა.

საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება ქვეყანაში სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ვიზიტს, თუმცა სამწუხაროა, რომ პრეზიდენტს არ ეძლევა შესაძლებლობა შეხვდეს და სათანადოდ უმასპინძლოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებს საქართველოში ვიზიტის ფარგლებში.

ასევე სამწუხარო და აღსანიშნავია ისიც, რომ შესაბამისი უწყებების მხრიდან არ ხდება პრეზიდენტის ინფორმირება ქვეყანაში დაგეგმილი მაღალი რანგის ვიზიტების, შეხვედრებისა თუ ღონისძიებების შესახებ”, – წერს ზურაბიშვილი.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი ამბობს, რომ მთავრობა მას სხვადასხვა ქვეყნის ლიდერების ოფიციალურ ვიზიტთან დაკავშირებით საქმის კურსში არ აყენებს – პირველად პრეზიდენტმა ხელისუფლება მისთვის ინფორმაციის დამალვაში 2023 წელს ამხილა, რა დროსაც გაირკვა, რომ სალომე ზურაბიშვილს არ ჰქონდა ინფორმაცია აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით.

banner
წინა სტატიაშიიმედია, მოხდება საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც მოქალაქეებს საცხოვრებლიდან გამოსახლებისგან დაიცავს – საპატრიარქო
შემდეგი სტატიაარასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო“ მაღალი დონის კორუფციის შესაძლო დარღვევებს სწავლობს