ერთადერთი, ვისაც შეუძლია შეცვალოს ჩვენი დღევანდელი ვითარების ფართო სურათი, არის თავად ხალხი არჩევნებში მონაწილეობით – პრეზიდენტი

არჩევნების შედეგები გადაწყვეტს, შეაჩერებს თუ არა ევროკავშირი ვიზალიბერალიზაციას თუ სხვა პროცესებს საქართველოსთვის – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა EURACTIV-თან ინტერვიუში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, კანონპროექტი არის აშკარა დაბრკოლება საქართველოს ევროპული მომავლისთვის.

“ეს კანონპროექტი ცვლის ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან და მეგობრებთან ურთიერთობის პირობებს, რადგან მათ განიხილავს დივერსიისა და რევოლუციის აგენტებად, რომლებიც ცდილობენ დღევანდელი ხელისუფლების დამხობას.

თქვენ 30 წელი გვეხმარებოდით, ახლა კი უცხო გავლენის აგენტები ხართ“ – შეუსაბამოა“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ის, ვისაც დღევანდელი სიტუაციის შეცვლა შეუძლია, არჩევნებზე მისული ხალხი იქნება, რადგან პრეზიდენტის განცხადებით, ევროკავშირმა უნდა მოისმინოს არა მარტო ქუჩაში გამოსული ხალხის ხმა, არამედ ის, თუ რას იტყვის ხალხი არჩევნებზე.

„ერთადერთი, ვისაც შეუძლია შეცვალოს ჩვენი დღევანდელი ვითარების ფართო სურათი, არის თავად ხალხი არჩევნებში მონაწილეობით. ჩვენ მშვიდად და წყნარად უნდა მოვემზადოთ არჩევნებისთვის და იმ როლისთვის, რომლის შესრულებაც ევროკავშირი შეუძლია. მათ უნდა გაარკვიონ, რა არის საქართველოს არჩევანი არჩევნებზე – ევროკავშირისკენ სვლის გაგრძელება და აჩქარება, თუ ეს შესაძლებელია, ან სხვა მიმართულების აღება.

ევროკავშირმა უნდა მოისმინოს არა მარტო ქუჩაში გამოსული ხალხის ხმა, არამედ ის, თუ რას იტყვის ხალხი არჩევნებზე, რაც იქნება გარკვეული ტიპის რეფერენდუმი. შედეგიდან გამომდინარე, გადაწყდება, შეაჩერებენ თუ არა ისინი (ევროკავშირი) ვიზალიბერალიზაციას თუ სხვა პროცესებს“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა ვეტოზე, რომელსაც ის რუსულ კანონს დაადებს და თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მისი ვეტო სიმბოლური იქნება, მაინც გამოიყენებს ამ უფლებას.

„ჩემი ვეტო სიმბოლურია. ვიცი, რომ ვეტოს დაძლევა მოხდება, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა, რადგან ამას გავაკეთებ ქუჩაში გამოსული ხალხის სახელით“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშიკომიტეტებში მონაწილეობენ, პარლამენტიდან ბრიფინგს აკეთებენ, ხელფასს იღებენ, ბოიკოტი რას ნიშნავს- ხვიჩია
შემდეგი სტატიასტატუსი მიენიჭა არა ხელისუფლების მიღწევების, არამედ ქართველი ხალხის ნების გამო -ლინკევიჩუსი