დავით უსუფაშვილი: სამშობლოში დავბრუნდები პოზიტიური სიგნალით და დამატებითი ენთუზიაზმით

ევროპარლამენტის პრეზიდნეტისგან კიდევ ერთხელ მოვისმინე, რომ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის გზაზე დამატებითი პირობები და მოთხოვნები არ იქნება,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ევროპარლამენტის პრეზიდენტ მარტინ შულცთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ამასთან, როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, პროცესი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.

„მოხარულები ვართ, რომ ევროპარლამენტმა საქართველო ვიზალიბერალიზაციის საკითხზე სპეციალური მომხსენებლი დანიშნა, რომელიც საკითხს პარლამენტში განხილვისთვის მოამზადებს. ჩვენ გვჯერა, რომ პროცესი მშვიდობიანად ჩაივლის, საქართველოს მთავრობისა და ხალხის მიღწევები აღიარებული იქნება, რადგან ჩვენ ყველა ვაცნობიერებთ, რამდენად მნიშვნელოვანია ამ პროცესის დასრულება. ეს არ იქნება მხოლოდ სარგებელი საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც თავისუფლად იმოგზაურობენ ევროპაში, ეს იქნება სარგებელი ევროპისთვისაც“,-აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველო ხაზს ვუსვამთ, რამდენად მნიშვნელოვანია ერვოკავშირისთვის მეგობარი საქართველო რეგიონში.

„ეს მნიშვნელოვანია ეკონომიკური, კულტურული და უსაფრთხოების თვალსაზრისით. ჩვენ გავაგრძელებთ მომავალში თანამშრომლობას, რადგან ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა არ ნიშნავს, რომ ჩვენ სამუშაო დავასრულეთ. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ, რომელზეც ბევრი საქმე და რეფორმაა შესასრულებელი სასამართლო სისტემის, ინვესტორებისათვის საქართველოს უფრო მიმზიდველად ქცევის მხრივ და სხვა სფეროებში. სწორედ ამიტომ ჩვენ გვსურს, ვიყოთ უფრო ახლოს ევროპასთან. მე სამშობლოში დავბრუნდები პოზიტიური სიგნალით და დამატებითი ენთუზიაზმით. მოხარული ვარ, რომ ბატონმა პრეზიდენტმა მიიღო ჩვენი მოწვევა და საქართველოს უახლოეს თვეებში ჩამოვა“,-აღნიშნა დავი უსუფაშვილმა.

უსუფაშვილმა მიმართა მარტი შულცს – „მჯერა,როდესაც საქართველოში ჩამოხვალთ, ევროპარლამენტისგან კარგ ამბებს ჩამოგვიტანთ და საქართველოში პოზიტიურ ცვლილებებს იხილავთ“.

banner
წინა სტატიაშინუკრი ქანთარია: ახლადგამოჩეკილ ლანსელოტ მელიას მოვუწოდებ, ფრთხილად იყოს
შემდეგი სტატიადავით უსუფაშვილი: ჩვენ გვინდა სასამართლოც და მედიაც დამოუკიდებელი იყოს