სამხარაძე – არიან ევროპარლამენტარები, რომელთა რეკომენდაციებსაც ჩვენ არ მივიღებთ

საქართველო არის სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომლის შიდა საქმეებში ჩარევის უფლება არც ერთ ქვეყანას არ აქვს, ამიტომ ეს მოთხოვნა უკვე არის ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის შელახვა,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა “ნაციონალური მოძრაობის” განცხადებას, რომ ისინი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისა და უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებს რეაგირებისთვის მიმართავენ.

მისივე თქმით, საქართველოს შიდა საქმეებში არავინ ჩაერევა, ხოლო რაც შეეხება რეკომენდაციებს, როგორც სამხარაძე აცხადებს, მათი გათვალისწინების კონტექსტში მნიშვნელოვანია ვინ იგულისხმება საერთაშორისო პარტნიორებში, რადგან არიან ევროპარლამენტარები, რომელთა რეკომენდაციებსაც “ქართული ოცნების” ხელისუფლება არ მიიღებს.

„კითხვა იყო, რომ „ნაციონალური მოძრაობა” ითხოვს ჩარევას უცხო ქვეყნებისგან მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, მე არ მინახავს ეს განცხადება, შესაბამისად, თუ ვინმე ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას ითხოვს, ეს არის უკანონო. კიდევ მრავალჯერ შემიძლია გავიმეორო, რომ საქართველო არის სუვერენული სახელმწიფო და მის შიდა საქმეებში არავინ ჩაერევა. რაც შეეხება რეკომენდაციებს, ეს იქნება მეგობრებისგან, საერთაშორისო ორგანიზაციებისგან თუ პარტნიორი ქვეყნებისგან, თუ ეს რეკომენდაციები არის თანხვედრაში ჩვენი ქვეყნის ინტერესებთან, კანონის უზენაესობასთან და სამართალთან, ამ რეკომენდაციებს ყოველთვის ვიღებთ და ვახორციელებთ. დასავლელი პარტნიორები ძალიან ფართო ცნებაა, ვინ არიან დასავლელი პარტნიორები?! კონკრეტულ ქვეყნებს გულისხმობთ, საერთაშორისო ორგანიზაციებს თუ ყველას? ყველა დასავლელი პარტნიორისგან არ არის ყოველთვის ისეთი რეკომენდაცია, რომელიც შეიძლება მივიღოთ. მაგალითად, არიან ევროპარლამენტარები, რომელთა რეკომენდაციებსაც ჩვენ არ მივიღებთ, რადგან მიგვაჩნია, რომ არ არის თანხვედრაში ჩვენი კანონის უზენაესობასთან”, – განაცხადა სამხარაძემ.

მისივე თქმით, „უტიფრობაა, როცა „ნაციონალური მოძრაობის” წევრები საუბრობენ ციხეში არსებულ ვითარებაზე”.

„ცა და დედამიწაა 2012 წელსა და 2021 წელს შორის ციხეში არსებული ვითარება. საქართველოში პენიტენციური რეფორმა ევროკავშირის მიერ შეფასებულია როგორც ერთ- ერთი შთაგონების წყარო სხვა ქვეყნებისთვის,”- განაცხადა სამხარაძემ.

წინა სტატიაშირუსთაველის გამზირზე დაგეგმილი აქციის გამო, ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
შემდეგი სტატიამელია – შეუძლებელია იმის ახსნა თუ რატომ არ ახდენს „ოცნება“ სააკაშვილის ჰოსპიტალიზირებას სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში