„სამართლიანი არჩევნები“ – საქართველოს მასშტაბით კენჭისყრის პროცესმა უმეტესწილად მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე ჩაიარა

საქართველოს მასშტაბით საარჩევნო უბნების უმრავლესობაზე კენჭისყრის პროცესმა უმეტესწილად მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე ჩაიარა, – ამის შესახებ ინფორმაციას „სამართლიანი არჩევნები“ ავრცელებს. თუმცა, როგორც ორგანიზაციაში აღნიშნავენ, კენჭისყრის დღის განმავლობაში, დაფიქსირდა სხვადასხვა სახის პროცედურული დარღვევები.

„სამართლიანი არჩევნების“ PVT მეთოდოლოგით მიღებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საქართველოს მასშტაბით საარჩევნო უბნების უმრავლესობაზე კენჭისყრის პროცესმა უმეტესწილად მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე ჩაიარა. მიუხედავად ამისა, კენჭისყრის დღის განმავლობაში, დაფიქსირდა სხვადასხვა სახის პროცედურული დარღვევები, როგორიცაა: დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვა; მარკირების პროცედურის დარღვევა; ბიულეტენებთან დაკავშირებული პროცედურების დარღვევები; არაუფლებამოსილი პირების უბანზე ყოფნის ცალკეული შემთხვევები; არასათანადო დოკუმენტაციით ხმის მიცემის შემთხვევები; ამომრჩეველთა სიასთან დაკავშირებული ხარვეზები; სხვის ნაცვლად ხმის მიცემა, აგიტაცია საარჩევნო უბანზე და სხვა დარღვევები. ასევე დაფიქსირდა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების გამონაკლისი შემთხვევა.

არჩევნების დღეს ტენდენციის სახით გამოიკვეთა პარტიული აქტივისტების საარჩევნო უბნების მიმდებარედ მობილიზება და მათი მხრიდან ამომრჩევლების სიებში აღრიცხვა, რაც შესაძლოა ნეგატიურ გავლენას ახდენდეს ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენაზე და ამომრჩევლის მიერ აღქმული იქნას, როგორც მათზე განხორციელებული ირიბი ზეწოლა. ძირითადად ამ მეთოდს „ქართული ოცნების“ აქტივისტები იყენებდნენ, თუმცა რამდენიმე ოლქში დაფიქსირდა მსგავსი ქმედებები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლების მხრიდანაც. მათ შორის, „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებმა დააფიქსირეს მმართველი პარტიის აქტივისტების მხრიდან აგიტაციისა და მოსული ამომრჩევლებისთვის მხარდამჭერების მოყვანის დავალების შემთხვევები. ცალკეულ უბნებზე, მსგავსი მეთოდებით მოქმედებდნენ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მოწმობის მქონე პირებიც“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

ამ დროისთვის „სამართლიან არჩევნებს“ 61 საჩივარი წარდგენილი აქვს საუბნო კომისიებში, ხოლო 62 საოლქო საარჩევნო კომისიებში.

banner
წინა სტატიაშივაშაძე და ზურაბიშილი 40-40% ბაქრაძე – 10% – Edison Research-ის საბოლოო შედეგი
შემდეგი სტატიაწალენჯიხელებმა პრეზიდენტად გრიგოლ ვაშაძე აირჩიეს?