სამადაშვილი – შედგება თუ არა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება, მთლიანად “ოცნებაზეა” დამოკიდებული

„ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, შედგება თუ არა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება, ეს მთლიანად „ქართულ ოცნებაზეა“ დამოკიდებული.

„ვერ გეტყვით, ნაყოფიერი იქნება თუ არა ეს პროცესი, რადგან მთლიანად დამოკიდებული იქნება „ქართულ ოცნებაზე“, აქვთ თუ არა მათ სურვილი, რომ შეთანხმება შედგეს.

რეალურად, კრისტინ დანიელსონის პირველი ვიზიტის დროს შედეგი ვერ დაიდო, რადგან „ქართული ოცნების“ პოზიციამ მხარეები მოლაპარაკებების პროცესში დააშორიშორა.

ვფიქრობ, ოპოზიციური პარტიები ამ პროცესში განსაკუთრებული კონსტრუქციულობით გამოირჩეოდნენ. ვფიქრობ, ჩვენ ნამდვილად ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ შეთანხმება შედგეს. თავისთავად ის, რომ დღეს ორი პოლიტპატიმარი პატიმრობაში რჩება და მოლაპარაკებებს ვაგრძელებთ, ვფიქრობ, ესეც ოპოზიციის მხრიდან ერთგვარი კომპრომისია. ამ მოლაპარაკებებში ჩვენი ამოცანა არის ის, რომ შევცვალოთ პოლიტიკური გარემო. საქართველოს მოქალაქეებს ფაქტობრივად, წაართვეს შანსი, რომ დემოკრატიული არჩევნების გზით ქვეყანაში ხელისუფლება შევცალონ. ამიტომ, ერთადერთი კომპრომისი, რაზეც შეიძლება წავიდეთ, არის გზები, მაგალითად, როგორ მივდივართ ვადამდელ არჩევნებამდე, შეიძლება შევთანხმდეთ, როგორ მოხდება პოლიტპატიმრების გათავისუფლება. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საარჩევნო სისტემის რეფორმა. ვფიქრობ, „წითელი ხაზი“ ჩვენთვის გადის იქ, სადაც „წითელი ხაზი“ ამ ქვეყანაში პოლიტიკური გარემოს ცვლილებისთვის გადის. ჩვენი ამოცანა არ არის შეთანხმება, ჩვენი ამოცანა არის ამ შეთანხმების გზით ქვეყანაში პოლიტიკური გარემოს შეცვლა“,-განაცხადა სამადაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს მიმართ დასავლელი პარტნიორების მხრიდან დახმარება დამოკიდებულია იმ გარემოზე, რომელიც ქვეყანაში დემოკრატიის, კანონის უზენაესობის და სხვა თვალსაზრისით არსებობს. სამადაშვილი იმედოვნებს, რომ დასავლეთი ხელისუფლებაზე ზეწოლის ბერკეტებს გამოიყენებს, თუმცა, ის არ აკონკრეტებს, შეიძლება თუ არა ეს სანქციები იყოს.

„ზოგადად, ყველანაირი უკუსვლა ცხადია, თავის შედეგებს გამოიწვევს დასავლეთთან ურთიერთობაში. პოტენციურად, ეს საკმაოდ დამაზიანებელია, პირველ რიგში, მმართველი გუნდისთვის, რომელიც დღეს კვლავ მართავს ქვეყანას ოქტომბრის არჩევნების შემდეგ. შესაბამისად, ცხადია, დასავლეთს ხელისუფლებაზე ზეწოლის ბერკეტები აქვს. იმედი მაქვს, ამ ბერკეტებს ისე გამოიყენებენ, რომ ქვეყანაში შეიცვლება პოლიტიკური გარემო, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს დემოკრატიულ, ევროპულ სახელმწიფოში ცხოვრების შესაძლებლობას ართმევს“,-განაცხადა სამადაშვილმა.

ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაშიNDI-ის კვლევა – მთავარი გამოწვევა ვაქცინაციის პროცესისადმი ნდობის გამყარება იქნება
შემდეგი სტატიალევან ბეჟაშვილი – გიორგი გახარია არის „ქართული ოცნების“ გეგმა „ბე“