სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილის “ალტერ ეგოა”

სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილის “ალტერ ეგოა” საგარეო-პოლიტიკურ საკითხებში, მისი მეორე ხმა-აცხადებს “თაიმერთან” საუბარში საპარლამენტო ფრაქციის “ნაციონალური მოძრაობის”თავმჯდომარე რომან გოცირიძე.

“რუსეთი ერეოდა ამერიკის, საფრანგეთის, მაკედონიის და მრავალი სხვა ქვეყნის არჩევნებში. ეს დადასტურებულია. ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში რუსეთი განსაკუთრებული მონდომებით ყოველთვის აკეთებდა ამას.
თუ გადავხედავთ რუსულ საინფორმაციო საშუალებებს-  ჰიბრიდულ ომის ამ ერთ-ერთ მთავარ იარაღს, ნათელია, რომ მათ ღიად გამოუცხადეს მხარდაჭერა სალომე ზურაბიშვილს. ფარულად რას მოიმოქმედებენ, ეს არავინ იცის.
გინახავთ ამ ექვსი წლის განმავლობაში რუსული ოფიციალური პირებისაგან და მათთან დაახლოებული საინფორმაციო საშუალებებისგან ბიძინა ივანიშვილის თუნდაც ერთი კრიტიკა? სულ რამდენიმე თვეა რაც ხელისუფლებაშია და უკვე აშკარა თავდასხმები დაიწო სომხეთის პრემიერ-მინისტრ პაშინიანზე და ალბათ მისი დამხობის გეგმებიც მზადდება კრემლში.
”ქართული ოცნება” ღალატის გზას დაადგა, როცა მის მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა პირველივე დღეს ისეთი განცხადებები გააკეთა, რომელმაც აღფრთოვანებაში მოიყვანა რუსეთი და რომელიც ზიანს აყენებს ქვეყანას.
სალომე ზურაბიშვილი არაფერს ამბობს განსხვავებულს, რასაც არ ამბობდა ივანიშვილი. ამაშია ძაღლის თავი დამარხული-თუ რატომ დაასახელა მან იგი საპრეზიდენტო კანდიდატად, მიუხედავად ”ქართული ოცნების” ლიდერების და საპარლამენტო უმრავლესობის ჩუმი თუ ღია პროტესტისა.
ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, მათ შორის საერთაშორისო ბერკეტები, რომ რაც შეიძლება მაქსიმალურად შევამციროთ რუსეთის ზემოქმედება საპრეზიდენტო არჩევნებზე. თუ ვინ ჰყავს ფავორიტი, ეს ისედაც ნათელია”-აცხადებს “თაიმერთან” საუბარში საპარლამენტო ფრაქციის “ნაციონალური მოძრაობის”თავმჯდომარე რომან გოცირიძე.

banner
წინა სტატიაშიდიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაე.წ. ციანიდს საქმე – ადვოკატებს უზენაესი სასამართლოს განჩინება გადაეცათ