საკუთრების მითვისების აშკარა და უპრეცედენტო ფაქტის-„ღვინის ქარხანა #1-ის“ ადვოკატი განცხადებას ავრცელებს

,,მოგესალმებით!
საზოგადოებას გვინდა მივაწოდოთ ინფორმაცია კერძო საკუთრების მითვისების აშკარა და უპრეცედენტო ფაქტის შესახებ. კერძოდ საუბარი გვაქვს თბილისში, პეტრიაშვილის ქუჩაზე არსებული ისტორიული “ღვინის ქარხანის” შესახებ.
2013-2014 წლებში კერძო ინვესტორთა ჯგუფმა ღვინის ქარხანა გამოისყიდa საქართველოში მოქმედი ორი ყველაზე მსხვილი კომერციული ბანკისაგან, კერძოდ თიბისი ბანკისაგან და საქართველოს ბანკისგან.
იმის მიუხედავად რომ ობიექტის შესყიდვის პროცესს უშუალო ზედამხედველობას უწევდა საქართველოში ყველაზე მაღალი რეპუტაციის მქონე ორი უმსხვილესი ბანკი, ქონების შეძენამდე ინვესტორებმა შეამოწმეს ყველა ის დოკუმენტი, რომელთა შემოწმებაც საჭიროა უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების შესაძენად. კერძოდ გაეცნენ საჯარო რეესტრის ამონაწერებს და ვინაიდან მასში არ ფიქსირდებოდა არავითარი შეზღუდვა პლიუს ამ პროცესს უშუალოდ წარმართავდა ორი უმსხვილესი ბანკი, ისინი ენდვნენ სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემულ დოკუმენტებს და ვერც კი წარმოიდგენდნენ იმას, რომ მათი საკუთრების უფლება სრულიად მართლზომიერად შესყიდულ ქონებაზე, დადგებოდა საფრთხის ქვეშ.

2015 წლის 16 იანვარს ქარხნის მესაკუთრეებმა მიიღეს სასამართლოს განჩინება რომლითაც გაურკვეველი ვადით, ყადაღა დაედო “ღვინის ქარხანის” მთელ ტერიტორიას. ცნობილი გახდა რომ ამ გადაწყვეტილების მიღების ინიციატორი და მოსარჩელე მხარის წარმომადგენელი გახლდათ საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ბატონი არჩილ კბილაშვილი, რომელიც მოცემულ დავაში მოგვევლინა, როგორც მოდავე კომპანიის სს “სავანე ღვინის #1 ქარხნის” ადვოკატი.

ბატონი არჩილ კბილაშვილი, რომელიც ამჟამად წარმოადგენს სააქციო საზოგადოება „სავანე ღვინის #1 ქარხანა“-ს ადვოკატს სასამართლოსაგან ითხოვს, რომ ღვინის ქარხნის ტერიტორია მასზე არსებული შენობებით სრულად ჩამოერთვას მის ამჟამინდელ მესაკუთრეებს და ის გადაეცეს სს “სავანე – ღვინის #1 ქარხანას”, რომელსაც თურმე 2004–2006 წლებში აღნიშნული ქონება იძულებით, პროკურატურის ზეწოლით დანაშაულებრივად გააყიდინეს სხვა პირზე, თუმცა თავად არ უარყოფს და პირიქით აღიარებს კიდეც, რომ თითქმის 15 წლის წინ გაყიდული ობიექტის ამჟამინდელ მესაკუთრეებს არავითარი შემხებლობა ამ ე.წ. “ქონების წართმევის” ფაქტთან არ ქონიათ!
შედეგად იმის მიუხედავად რომ დავის დაწყებიდან დღემდე გასულია თითქმის 5 წელი ობიექტი კვლავაც იმყოფება სასამართლო ყადაღის ქვეშ და მოდავე მხარე ბატონი არჩილ კბილაშვილის ხელმძღვანელობით ყველაფერს აკეთებს იმისთვის რომ რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს დავა, და შესაბამისად ობიექტს შეუნარჩუნდეს დაყადაღებულის და სადაოს სტატუსი.

ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით ქარხნის მესაკუთრეებს გაუჩნდათ დასაბუთებული ვარაუდი იმის შესახებ რომ ამ პროცესების უკან დგას ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი, რომელიც მისი გავლენების გამოყენებით ცდილობს სასამართლოს მეშვეობით ქონება წაართვას მის ამჟამნდელ მესაკუთრეებს. სხვაგვარად შეუძლებეილა აიხსნას ის უპრეცედენტო გადაწყვეტილება რომელიც მოცემულ საქმეზე მიიღო საქართველოს უზენაესმა სასამართლომ როდესაც დავის დაწყებიდან მეოთხე წელს ქვემდგომ ორივე ინსტანციის სასამართლოში მოგებული საქმე 2018 წლის თებერვლაში ახლიდან გამოკვლევის მოტივით უკან დაუბრუნა განსახილველად თბილისის სააპელაციო სასამართლოს. სააპელაციო სასამართლოში საქმის უკან განსახილველად დაბრუნების შემდეგ მიმდინარეობდა უპრეცედენტო ზეწოლა საქმის განმხილველ მოსამართლე ქეთევან მესხიშვილზე, რომელიც დასრულდა იმით რომ 2019 წლის 19 ივნის ის საერთოდ ჩამოაცილეს მოცემული საქმის განხილვას, მოახდინეს საქმის განხილველი პალატის სრული დაშლა და შესაშური ოპერატიულობით მეორე დღესვე საქმე გადააწერეს სრულიად სხვა მოსამართლეებს.
ჩვენის ღრმა რწმენით აღნიშული მოხდა იმის გამო, რომ მათ ვერ შეძლეს ზეგავლენის მოხდენა მოსამართლე ქეთევან მესხიშვილზე და პრაქტიკულად ძალით ჩამოაცილეს ის საქმის განხილვას. თუმცა ყველაზე საგანგაშო ამ ყველაფერში არის ის რომ ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით აღნიშნული იურიდიული მანიპულაცია უშუალოდ დაიგეგმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძესთან, რათა ღვინის ქარხნის საქმე განსახილველად მომხდარიყო მისი უშუალო კონტროლის ქვეშ მყოფ მოსამართლეების ხელში. რაც მათ განახორციელეს კიდეც როდესაც პალატის დარჩენილმა ორმა მოსამართლემ თამარ ალანიამ და თამარ ზამბახიძემ ჯერ ქეთევან მესხიშვილი ჩამოაცილეს საქმეს ხოლო შემდეგ კი გამოაცხადეს პრაქტიკულად თვითლიკვიდაცია და საქმე განსახილველად გადასცეს მიხეილ ჩინჩალაძეს, ხოლო ამ უკანასკნელმა კი ის განსახილველად გადასცა მოსამართლე გოგიტა თოთოსაშვილს (თავმჯდომარე), რევაზ ნადარაიას და მერაბ ლომიძეს, რომელთა საეჭვო დაწინაურებაზე არაერთი მასალაა გავრცელებული მედია სივრცეში.

ღვინის ქარხნის მესაკუთრეები, რომელთაც მართლზომიერად შეიძინეს ქონება, არიან იმედგაცრუებული, მათი საკუთრება არის საფრთხის ქვეშ, მათ მიერ გაღებული ინვესტიცია დროში გაურკვეველი ვადით არის სრულიად “გაყინული”. ამ ნეგატიური პროცესების ფონზე როდესაც ორ სასამართლო ინსტანციაში მოგებული დავა, სრულიად მოულოდნელად მე-4 წელს ბრუნდება უკან ახლიდან განსახილველად, და შემდგომ უკან დაბრუნებულ საქმეზე კიდევ დამატებით წელიწად ნახევარიანი განხილვის ხდება საქმის განმხილველი მოსამართლეების ჩამოცილება, ბუნებრივია ჩნდება სრულიად ლეგიტიმური ეჭვი, იმის თაობაზე რომ ერთის მხრივ ბატონი ვანო ჩხარტიშვილი, როგორც მაღალი სახელმწიფო თანამდებობის პირებთან დაახლოებული ბიზნესმენი და მეორეს მხრივ ბატონი არჩილ კბილაშვილი, როგორც ყოფილი მაღალი სახელმწიფო თანამდებობის პირი ბოროტად სარგებლობენ საკუთარი “კავშირებით” და ახდენენ გავლენას სასამართლოზე, მათთვის სასურველი შედეგის მისაღწევად.

სასამართლოს მეშვეობით კერძო საკუთრების მიტაცების მსგავსი მცდელობა, რომელსაც მოცემულ საქმეში აქვს ადგილი არის სერიოზული საფრთის მატარებელი. რამეთუ ის რისი მიღწევაც სურთ სამოქალაქო დავის საფარით შენიღბულ მოსაჩელეებს საფრთხის ქვეშ აქცევს არა მარტო ერთი კონკრეტული საინვესტიციო ჯგუფის კერძო საკუთრებას, და მასში ჩადებულ მრავალმილიონიან ინვესტიციას, არამედ ასეთი ქმედებებით საფრთხის ქვეშ დგება ზოგადად კერძო საკუთრება, როგორც ინსტიტუციური მოვლენა.

ის ბატონები რომლებიც დგანან ამ საქმის უკან გააზრებულად თუ გაუაზრებლად ქმნიან საშიშ პრეცედენტს, რომ 15 წლის წინ რამდენჯერ მართლზომიერად გაყიდული ქონების ბოლო მესაკუთრეს შესაძლებელია შეედაო, და დავის განხილვის დასრულებამდე სასამართლოს გამოყენებით მოახდინო მისი სრული პარალიზება! ასეთ დამოკიდებულებას შეაქვს ქაოსი სამოქალაქო ბრუნვაში და მისი რაიმე ფორმით დაშვება საფუძველშივე კატეგორიულად მიუღებელია, რადგან ეს შედეგად გამოიწვევს თავისუფალი სამოქალაქო ბრუნვის სრულ ჩამოშლას.
გამომდინარე აღნიშნულიდან ჩვენ მივმართავთ ქვეყანაში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ ჩაერთონ მოცემულ საქმეში, მოახდინონ მისი შესწავლა და განახორციელონ მუდმივი მონიტორინგი რათა თავიდან იქნეს აცილებული ის ნეგატიური პროცესები რომლის დაშვების მცდელობასაც აქვს ადგილი მოცემულ საქმეზე. ჩვენ მზად ვართ ყველა დაინტერესებულ ორგანიზაციას გადავცეთ საქმის მასალები და ვითანამშრომოთ მათთან აქტიურად!”-აცხადებს „ღვინის ქარხანა #1-ის“ ადვოკატი არჩილ თაბაგარი

banner
წინა სტატიაშიშალვა თადუმაძე – დღეს სასამართლოში პროკურატურიდან არანაირი მითითებები არ მიდის
შემდეგი სტატიაეკა ბესელია – მეტი სერიოზულობაა საჭირო, ვიდრე ასეთი სატყუარების გადაგდება, სომხეთის ციხეში მყოფი პატიმრის თაობაზე რამდენიმე თვეა, ვიცოდით