საკონკურსო კომისიამ ცესკო-ს თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატები შეარჩია

პარლამენტის თავმჯდომარეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გიორგი კალანდარიშვილის, ხოლო ცესკო-ს წევრობის თანამდებობაზე მაია ზარიძის, გიორგი შარაბიძის და გია ცაცაშვილის კანდიდატურები წარედგინა. ამის შესახებ გადაწყვეტილება დღეს პარლამენტში გამართული ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატების შესარჩევი საკონკურსო კომისიის სხდომაზე მიიღეს.

პარლამენტის თავმჯდომარის მიერ შესარჩევი კონკურსი გამოცხადებული იყო ცესკო-ს თავმჯდომარის და ცესკო-ს წევრობის სამ ვაკანტურ თანამდებობაზე.

ცესკო-ს თავმჯდომარეობის თანამდებობის დასაკავებლად განაცხადი საკონკურსო კომისიას გიორგი კალანდარიშვილმა წარუდგინა, ხოლო ცესკო-ს წევრობის სამი ვაკანტურ თანამდებობაზე განცხადებები კი ლუხუმ ბურჯალიაინმა, მაია ზარიძემ, გიორგი შარაბიძემ და გია ცაცაშვილმა წარადგინეს.

კომისიის წევრებმა დღეს გამართულ სხდომაზე, ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად წარმოდგენილ ყველა კანდიდატს მოუსმინა, რომელთაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით საკუთარი ხედვები წარადგინეს.

ცხრა წევრისგან შემდგარ საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციების და აკადემიური სექტორის წარმომადგენლები და ასევე, საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელი. მათ შორის, ორი ორგანიზაციის წარმომადგენლის სურვილი იყო, კომისიის მუშაობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვამდე გადადებულიყო, თუმცა კომისიამ ეს თხოვნა, შემჭიდროებული ვადების გამო, ვერ გაიზიარა. კომისიის წევრებმა, ნინო ჩხობაძემ და ზაურ ხალილოვმა კომისიის მუშაობაში მონაწილეობა არ მიიღეს. მათ სოლიდარობა გამოუცხადა ასევე, საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა ლევან შენგელიამაც.

„კანონმდებლობის მიხედვით კომისიას აქვს შვიდი დღე, რათა იმსჯელოს და შესაბამისი კანდიდატები პარლამენტის თავმჯდომარეს წარუდგინოს. ორი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის თხოვნა იყო, რომ კანდიდატების შერჩევა 15 აპრილამდე გადაგვედო, თუმცა, კომისიის წევრებმა ვიმსჯელეთ და რადგან ჩვენი უფლებამოსილება, კომპეტენცია და რაც მთავარია, ვადები არის ძალიან შეზღუდული მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კომისიის მუშაობა არ გადაგვედო, რადგან შვიდდღიანი ვადა საშუალებას არ გვაძლევს კანდიდატების მოსმენა კიდევ უფრო გადავწიოთ. ყველამ ვიცით, რომ კანონის მიღება არის პროცედურები და არა ერთჯერადი აქტი აქედან გამომდინარე, ეს პროცესი შეიძლება დაუსრულებლად გაიწელოს რა შემთხვევაშიც დაგვერღვეოდა უფლებამოსილება“, – განაცხადა შესარჩევი კომისიის თავმჯდომარემ ზვიად გაბისონიამ.

banner
წინა სტატიაშილევან მურუსიძის 5 გადაწყვეტილებაზე სტრასბურგის სასამართლოში დარღვევა დადგინდა
შემდეგი სტატიასაქართველოსა და პაკისტანს შორის უვიზო მიმოსვლა ამოქმედდა