სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 17, 2020 18:37

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2020 წლის 15 ივნისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაკეთდა განცხადება რუსეთის ფედერაციის მოქალაქის, ვასამბეკ ბოკოვის ბრალდების საქმესთან დაკავშირებით, რა დროსაც, ჩვენს მიერ გახმოვანდა მხოლოდ ის ინფორმაცია, რაც, ჩვენი თვალთახედვით, მნიშვნელოვანი და აუცილებელი იყო საზოგადოების სწორი ინფორმირებისთვის და არ დატოვებდა სივრცეს მანიპულირებისთვის.
ხსენებულ განცხადებაში, ჩვენ ცალსახად მივუთითეთ, რომ საქმეზე მიმდინარეობს ინტენსიური გამოძიება და ნებისმიერი სახის ინფორმაციის – ნამდვილის თუ ყალბის – გავრცელებამ, შესაძლოა დააზიანოს მთავარი საჯარო ინტერესი – დადგინდეს საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტება, მხილებულ იქნას დანაშაულში ჩაბმული ყველა პირი და აღსრულდეს მათ მიმართ მართლმსაჯულება.
მიუხედავად ამისა, მასმედიის საშუალებებში თემის განხილვის დროს, რიგ შემთხვევებში, კეთდება ისეთი სახის უპასუხისმგებლო განცხადებები, რომლებიც არც ფაქტობრივ გარემოებებზეა დაფუძნებული და რაც ყველაზე შემაშფოთებელია, აზიანებს გამოძიების ინტერესებს.
უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ ურთულეს სისხლის სამართლის საქმეზე პრაქტიკულად უწყვეტ რეჟიმში ტარდება სხვადასხვა სახის საგამოძიებო მოქმედებები, იკრიბება და ფასდება მტკიცებულებები და სკურპულოზურ ანალიზზე დაყრდნობით იგეგმება ყოველი შემდგომი ნაბიჯი, რათა არც ერთი ვერსია და ფაქტობრივი გარემოება არ დარჩეს გამოძიების ჯეროვანი ყურადღების მიღმა.
ამ პროცესში ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალსაც შეიძლება ჰქონდეს გადამწყვეტი მნიშვნელობა, რის გამოც კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ სისხლის სამართლის საქმის გარემოებების საჯარო განხილვისაგან, რათა ხელი არ შეეშალოს ინტენსიურად მიმდინარე საგამოძიებო პროცესს.
ამასთან, გვსურს ცალსახად აღვნიშნოთ, რომ გამოვთქვამთ მზადყოფნას, კანონით დადგენილი წესისა და პროცედურის დაცვით, ნებისმიერი პირისაგან მივიღოთ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებული ინფორმაცია და მოვუწოდებთ საზოგადოებას, ითანამშრომლონ გამოძიებასთან.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 17, 2020 18:37

Google სტატისტიკა


13,362
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics