სახელმწიფო მინისტრის აპარატი: საქართველოს საკითხი კვლავ რჩება მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფორუმის დღის წესრიგში 11:08, 17.06.2021

გენერალური ასამბლეის რეზოლუცია კიდევ ერთხელ ადასტურებს დევნილი მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს, უპირველესად, საკუთარ საცხოვრებელ ადგილებში ნებაყოფლობითი, უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლებას ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, – ამის შესახებ აღნიშნულია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„რეზოლუცია გმობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს და ხაზს უსვამს დევნილთა საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას. დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში ჰუმანიტარული საქმიანობის შეუფერხებელი განხორციელების აუცილებლობა. აღნიშნული დებულება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ე.წ. გადასასვლელი პუნქტების ხანგრძლივი პერიოდით ჩაკეტვის შედეგად ახალგორის რაიონსა და მთელ ცხინვალის რეგიონში შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისის ფონზე.

მნიშვნელოვანია, რომ რეზოლუცია მოუწოდებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მონაწილეებს, გაააქტიურონ ძალისხმევა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნებას.

ჰუმანიტარული კონტექსტის გარდა, რეზოლუციას აქვს პრაქტიკული დატვირთვა, ვინაიდან მოუწოდებს გაერო-ს გენერალურ მდივანს, ყოველწლიურად მოამზადოს ანგარიში საქართველოში მცხოვრები დევნილი მოსახლეობის მდგომარეობისა და რეზოლუციის შესრულების თაობაზე, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მძიმე ვითარებისა და საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების არარსებობის გათვალისწინებით.

გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ რეზოლუციის ყოველწლიური მიღება ადასტურებს, რომ საქართველოს საკითხი და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობა კვლავ რჩება მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფორუმის დღის წესრიგში და იპყრობს საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღებას“,- აღნიშნულია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციაში.

 

banner
წინა სტატიაშიმეუფე იაკობსა და ნინო ლომჯარიას შორის შეხვედრა მიმდინარეობს
შემდეგი სტატია„ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ პირებს პატიმრობა შეეფარდა