სახალხო დამცველის განცხადება საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ხელმძღვანელობის მიერ წარმოდგენილი სამოქმედო გეგმის თაობაზე

news
ავტ.: news თებერვალი 23, 2017 11:59

სახალხო დამცველის განცხადება საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ხელმძღვანელობის მიერ წარმოდგენილი სამოქმედო გეგმის თაობაზე

საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ხელმძღვანელობის ხედვა, რომელიც გადაცემების დახურვას მხოლოდ მათ რეიტინგს უკავშირებს, არ წარმოადგენს საკითხის სრულფასოვან შესწავლაზე დაყრდნობილ გადაწყვეტილებას და კითხვის ნიშნებს აჩენს რეფორმის მთელი პროცესის მიმართ.

როგორც ცნობილია, ამა წლის 6 თებერვალს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალმა გენერალურმა დირექტორმა და აღმასრულებელმა საბჭომ „სამწლიანი სამოქმედო გეგმა“ წარმოადგინეს. აღნიშნული გეგმის მიხედვით, 2017 წლის განმავლობაში მთელი ფინანსური რესურსი მხოლოდ ახალი შენობის მოწყობაზე, ტექნიკურ გადაიარაღებასა და რეგიონული ოფისების შესყიდვაზე უნდა დახარჯულიყო, სამაუწყებლო ბადეში რჩებოდა მხოლოდ ახალი ამბების გამოშვება, ხოლო ყველა სხვა გადაცემა იხურებოდა/შეჩერდებოდა. საქართველოს სახალხო დამცველმა ამ დრომდე არაერთი კომენტარი გააკეთა საზოგადოებრივი მაუწყებლის გარშემო განვითარებული მოვლენების თაობაზე და გამოთქვა ეჭვები შემოთავაზებულ გეგმასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი გეგმა წინააღმდეგობაში მოდის „მაუწყებლობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ ვალდებულებებთან, რომლის მიხედვითაც, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უნდა გადასცეს არა მხოლოდ ახალი ამბები, არამედ საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამებიც, ხოლო საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას – აგრეთვე წინასაარჩევნო დებატები და სხვა.

ზემოაღნიშნული გეგმის განხილვისას სამეურვეო საბჭომ მიიჩნია, რომ რეიტინგი არ არის ერთადერთი საზომი, რომლითაც ფასდება საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობა და ამ პროცესში სხვა კრიტერიუმებიც უნდა იქნეს შემოტანილი. გენერალური დირექტორის თხოვნის საფუძველზე შემუშავდა და ამა წლის 16 თებერვალს გამოქვეყნდა სამეურვეო საბჭოს ხედვა მაუწყებლის საქმიანობის შეფასების ჩარჩო–კრიტერიუმების თაობაზე. აღნიშნულ დოკუმენტში რეიტინგებთან ერთად (წვდომა და წილი) შეფასების კრიტერიუმებად მითითებულია ხარისხი, ზეგავლენა და ფასეულობა დანახარჯებთან მიმართებით. მომდევნო დღეს, 17 თებერვალს ახალმა მენეჯმენტმა წარმოადგინა სამ ჯგუფად დაყოფილი გადაცემების ჩამონათვალი. აღნიშნული დაყოფა დაფუძნებულია მხოლოდ რეიტინგზე და ითვალისწინებს იმ გადაცემების დახურვას, რომელთა რეიტინგიც არხის საშუალო რეიტინგზე ნაკლებია.

პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ საზოგადოებაში არსებობს კითხვები თავად რეიტინგების დათვლის საკითხზე, მათ სანდოობაზე, ასევე, თუ რამდენად უწყობდა ხელს გადაცემების სამაუწყებლო ბადეში განთავსების თაობაზე მენეჯმენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები მათ ყურებადობას. ამავდროულად, ცალსახად უნდა ითქვას, რომ ამ კითხვების არსებობის მიუხედავად, მიუღებელია რეიტინგი იყოს ერთადერთი კრიტერიუმი საზოგადოებრივ მაუწყებელში გადაცემების დახურვის გადაწყვეტილების მისაღებად. საზოგადოებრივი მაუწყებელი დაფუძნებულია კანონით, „პოლიტიკური და კომერციული გავლენისაგან თავისუფალი, საზოგადოებრივი ინტერესების შესაბამისი, მრავალფეროვანი პროგრამების საზოგადოებისათვის მიწოდების მიზნით“. საზოგადოებრივი მაუწყებელი ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და პასუხისმგებელია კანონით დაკისრებული მთელი რიგი ვალდებულებების შესრულებაზე. მათ შორის, საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია, პროგრამებში ასახოს საზოგადოებაში არსებული ეთნიკური, კულტურული, ენობრივი, რელიგიური, ასაკობრივი და გენდერული მრავალფეროვნება; სათანადო პროპორციით განათავსოს უმცირესობების ენაზე, უმცირესობების შესახებ და უმცირესობების მიერ მომზადებული პროგრამები; უზრუნველყოს საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების, მათ შორის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში და ევროკავშირში ინტეგრაციის, პოპულარიზაცია და სხვა. იმ ფუნქციებიდან გამომდინარე, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელს აკისრია, დაუშვებელია, მისი საქმიანობა შეფასდეს მხოლოდ რეიტინგებზე დაყრდნობით და მხოლოდ ეს გარემოება დაედოს საფუძვლად გადაცემების დახურვას.

ამავდროულად აღსანიშნავია, რომ გადაცემების შეჩერება/დახურვის გეგმა, სავარაუდოდ, გამოიწვევს თანამშრომლებთან შრომითი ურთიერთობების გადახედვას. ამ საკითხის გარშემო დღეს ბევრი არაფერია ცნობილი. მნიშვნელოვანია, რომ სამეურვეო საბჭომ განხილვების განმავლობაში აღნიშნულ საკითხს მიაპყროს სათანადო ყურადღება და კრიტიკულად განიხილოს თითოეული დეტალი. ამასთან, უკვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თანამშრომელთა ნაწილს „სამწლიანი სამოქმედო გეგმის“ პრეზენტაციის შემდეგ ერთთვიანი ხელშეკრულებები გაუფორმდა.

სახალხო დამცველი მოუწოდებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალ ხელმძღვანელობასა და სამეურვეო საბჭოს, საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმის საკითხი განიხილონ საზოგადოების, მათ შორის თანამშრომელთა მაღალი ჩართულობით, გამჭვირვალედ და მიიღონ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც შესაბამისობაში იქნება როგორც კანონთან, ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლობის იდეასა და მიზნებთან. სახალხო დამცველი დააკვირდება აღნიშნულ პროცესს, მათ შორის, საზოგადოებრივ მაუწყებელში დასაქმებული პირების შრომითი უფლებების რეალიზაციას.

news
ავტ.: news თებერვალი 23, 2017 11:59