სახალხო დამცველი ქსნის N15 პენიტენციურ დაწესებულებაში გახსნილი საარჩევნო უბნის შედეგების გაუქმებას ეხმაურება

admin
ავტ.: admin ნოემბერი 5, 2020 14:00

სახალხო დამცველი ქსნის N15 პენიტენციურ დაწესებულებაში გახსნილი საარჩევნო უბნის შედეგების გაუქმებას ეხმაურება

2020 წლის 31 ოქტომბერს დაბა ქსანში, მდებარე N15 დაწესებულებაში გახსნილ საარჩევნო უბანზე მსჯავრდებულებმა სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებს უფლებამოსილების განხორციელებაში ხელი შეუშალეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სახალხო დაცვის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, მსჯავრდებულებმა სახალხო დამცველის აპარატის სპეციალური პრევენციული ჯგუფის თანამშრომლებს, ad hoc ვიზიტის დროს დაბა ქსანში, მდებარე N15 დაწესებულებაში გახსნილ საარჩევნო უბანზე უფლებამოსილების განხორციელებაში ხელი შეუშალეს.

„2020 წლის 31 ოქტომბერს დაბა ქსანში მდებარე N15 დაწესებულებაში გახსნილ საარჩევნო უბანზე სახალხო დამცველის აპარატის სპეციალური პრევენციული ჯგუფის ad hoc ვიზიტის დროს, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა შეგვემოწმებინა როგორც ზოგადი მდგომარეობა, ასევე, პატიმრებისთვის საარჩევნო ხმის უფლების თავისუფალი გამოვლენის შესაძლებლობა, ადგილი ჰქონდა სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლების მიმართ უფლებამოსილების განხორციელებაში ხელშეშლას და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტს რამდენიმე მსჯავრდებულის მხრიდან. ინციდენტის ადგილზე იმყოფებოდნენ ადმინისტრაციის წარმომადგენლები, მათ შორის დაწესებულების დირექტორი და მათი მხრიდან სათანადო რეაგირება არ განხორციელებულა. მას შემდეგ რაც საარჩევნო უბნების ოქმების შემაჯამებელი ოქმები გამოქვეყნდა, არასამთავრობო ორგანიზაციათა მიერ გასაჩივრდა ქსნის N15 დაწესებულებაში შექმნილი უბნის მაჟორიტარული ოქმი, ვინაიდან მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 641-მა პატიმარმა, რომელთაგან ყველა სავარაუდოდ არ წარმოადგენდა მცხეთის საარჩევნო ოლქის ამომრჩეველს. საბედნიეროდ, საოლქო კომისიამ დააკმაყოფილა არასამთავრობო ორგანიზაციათა საჩივარი და მაჟორიტარული ოლქის არჩევნების შედეგები გაუქმდა ამ საარჩევნო უბანზე. ამ ხმების გაუქმებამ ზეგავლენა იქონია ოლქის არჩევნების შედეგებზე, ვინაიდან, მცხეთის საარჩევნო ოლქში მეორე ტურის გამართვის საჭიროება დადგა. საარჩევნო დარღვევის მასშტაბიდან გამომდინარე, სახალხო დამცველის აპარატისთვის ნათელი გახდა ის ფაქტი, თუ რატომ განხორციელდა ცალკეული პატიმრების მხრიდან სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებზე თავდასხმა, რაც არ იქნა აღკვეთილი დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ. განსაკუთრებით შემაშფოთებელია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაც, როდესაც მათ სცადეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, თითქოს N15 დაწესებულებაში პატიმრებმა სახალხო დამცველის წარმომადგენლებს „უსაყვედურეს უყურადღებობის გამო და დაწესებულებაში უფრო ხშირი ვიზიტებისკენ მოუწოდეს”, – ნათქვამია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს სახალხო დამცველმა 2019 წელს გამოაქვეყნა სპეციალური ანგარიში, სადაც საუბარი იყო N15 დაწესებულებაში მომძლავრებული კრიმინალური სუბკულტურის არსებობაზე და მათ გავლენებზე ციხის ადმინისტრირების პროცესში, რაც პატიმართა უფლებების თავისუფალ რეალიზებაზე უარყოფითად აისახება.

admin
ავტ.: admin ნოემბერი 5, 2020 14:00