აჭარის მთავრობის სახლთან აქციაზე ხმაური იყო

ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან აქციაზე ხმაური იყო. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს გამსახურდიას ქუჩის სავალი ნაწილის გათავისუფლება მოსთხოვეს, სადაც გაშლილია კარავი და სცენა გამომსვლელებისთვის. ამას აქციის მონაწილეების უკმაყოფილება მოჰყვა. ისინი დამატებითი კარვის გაშლას ითხოვენ.

„აქ დგას უამრავი ადამიანი, ვისთვისაც გვინდოდა კარვის გაშლა, რომ ელემენტარულად წვიმისგან დაგვეცვა. გუშინ იყო ძალიან ხალხმრავალი აქცია და საზოგადოებრივი წესრიგი არავის დაურღვევია, მე მივმართავ პოლიციას, გადმოვიდეს ხალხის მხარეს, ხელისუფლება წავა, მათ კი, ყველა უნდა დაგვიცვან“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ელგუჯა ბაგრატიონმა.

აქციის მონაწილეებთან აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე ანანიაშვილი მივიდა. მისი განცხადებით, გუშინ მიღწეული იყო შეთანხმება, რომ ხალხის რაოდენობა თუ არ იქნებოდა ბევრი, ქუჩა არ გადაიკეტებოდა. მისი თქმით, ადგილზე სწორედ ამის შესახსენებლად მივიდა.

„ხედავთ, რომ არ არის ხალხის ის რაოდენობა, რის გამოც ქუჩა უნდა გადაიკეტოს. ჩვენ გვქონდა გუშინ ამაზე შეთანხმება და ისიც ვუთხარით, რომ საჭიროების და ხალხმრავლობის შემთხვევაში, ჩვენ დავიცავდით და ჩვენ უზრუნველვყოფდით წესრიგს, დღეს როცა ეს შევახსენეთ, გარკვეული ჯგუფი წამოვიდა პოლიციელებთან პროვოკაციაზე“, – განაცხადა კონსტანტინე ანანიაშვილმა.

ამ დროისთვის, გამსახურდიას ქუჩაზე სიმშვიდეა. ქუჩა ისევ გადაკეტილია.

banner
წინა სტატიაშისაერთაშორისო სპეცოპერაციის შედეგად კრიმინალურ ქსელ QQAAZZ-ის 20 წევრია დაკავებული – შსს
შემდეგი სტატია“დაფინანსების ნაწილი არ ეხება პარლამენტში შესვლა-არ შესვლას”