,,საჩუქრები”- ყველაზე ჰუმანური ჯგუფის სამომავლო გეგმები

სრულიად უცნობი ადამიანისაგან მე უკვე მერგო მაგთის ,,მოდემი“ . ჩემი ძველი მოდემი ბავშვებმა გააფუჭეს და უკვე ახლის შეძენას ვაპირებდი,  როდესაც სრულიად უცნობმა ხათუნამ სოციალურ ქსელში დადო ,,მოდემის“  ფოტო და დააწერა ,,ჩუქდება“ – მე ერთი ჯადოსნური სიტყვა  ,,ვიჩუქებ“ ავკრიფე და ხათუნამაც მაჩუქა. კიდევ ქუდი ვიჩუქე, მაგრამ ჯერ არ მივსულვარ წამოსაღებად. რომ არ იფიქროთ რომ მხოლოდ ჩემ თავზე ვზრუნავ აქვე გეტყვით რომ მეც გავაჩუქე ,,რაღაცეები“ . ალბათ ზოგირთი მკითხველი დავაბნიე; ზოგი კი ალბათ მიხვდა რაზეც ვსაუბრობ:   სოციალურ ქსელში თვეც არ არის რაც ახალი ჯგუფი ,,საჩუქრები“ შეიქმნა. ახალგაზრდა  ცოლ-ქმრის გიგას და თაიას იდეა  30 ათასამდე მომხმარებელმა აიტაცა და დღეს ასობით ნივთი, აი ასე  უბრალოდ ჩუქდება…

აი მაგალითად სახლში ნახე კაბა,   მიხვდი რომ შენ არ გიხდება, არ ხმარობ და  უბრალოდ დებ ამ ჯგუფში წერ –   ,, ჩუქდება“  და ვიღაც იღბლიანი,  ვისაც მოსწონს უბრალოდ იჩუქებს. მერე ხვდებით გამჩუქებელი და მჩუქებელი ერთმანეთს და ხშირად მატერიალურზე უფრო ღირებული გემატება – ახალი მეგობარი.  გაჩუქება -ჩუქების მომენტი კი ძალიან, სიტყვაზე მენდეთ ძ ა ლ ი ა ნ სასამოვნო პროცესია.

როგორ შეიქმნა ჯგუფი ამაზე უკვე არაერთი სტატია მომზადდა, ამიტომ მის შექმნელს დღეს ჯგუფის სამომავლო გეგმებზე ვესაუბრე და აი ინტერვიუ გიგა ლოლაძესთან:

 

  • ჯგუფის შექმნის იდეა საიდან მოდის უკვე საყოველთაოდ არის ცნობილი – ამიტომ ამას აღარ გკითხავ. თავიდან როდესაც ამ ჯგუფს ქმნიდი ფეისბუქზე ფიქრობდი რომ ასეთი რეზონანსული იქნებოდა? საერთოდ რას ფიქრობდი, რა იყო შენი მოლოდინის მაქსიმუმი?
  • ჯგუფი 1 ივნისს ამოქმედდა და უკვე 22 ათასი წევრი გვყავს. ყოველდღიურად, საშუალოდ 1000-ზე მეტი ადამიანი ემატება. ამ ტემპს მართლაც ვერ წარმოვიდგენდი, თუმცა მჯეროდა, რომ დადებითი ემოციების ურთიერთგაცვლა და თუნდაც უცნობი ადამიანისთვის სიხარულის მინიჭება იმდენად სასიამოვნო რამაა, ჯგუფი პოპულარობას იოლად მოიპოვებდა. ასეც მოხდა. თავიდან მე და ჩემმა მეუღლემ მხოლოდ ჩვენი მეგობრები დავამატეთ ისე, რომ მათთვის არ გვითხოვია, თავის მხრივ ვინმე დაემატებინათ. ამის მიუხედავად, იდეა იმდენად მალე აიტაცეს, ჯგუფის წევრების რიცხვმა გეომეტრიული პროგრესიით დაიწყო ზრდა, ასევე მოულოდნელი იყო, რომ დაინტერესდა მედიაც. ჩემი მოლოდინის მაქსიმუმი ალბათ ორიენტირებული იყო კომუნიკაციის ხარისხზე და არა ჯგუფის წევრების რაოდენობაზე: მთავარი იყო, შექმნილიყო სივრცე, სადაც მხოლოდ დადებითი ემოციებით დავმუხტავდით ერთმანეთს. აღმოჩნდა, რომ ამან საკმაოდ ბევრი ადამიანი გააერთიანა. ყველაზე მაგარი ის არის, რომ „საჩუქრებმა“ ძალიან ბევრი ადამიანი გააცნო ერთმანეთს, ზოგ შემთხვევაში სამომავლო მეგობრობასაც ჩაუყარა საფუძველი. მე და თაიამ რამდენიმე მეგობარი შევიძინეთ ჩვენი ჯგუფი მოდერატორების სახით. არადა, მანამდე, ერთის გარდა, არც ერთს არ ვიცნობდით. ასევე, ძალიან მოულოდნელი და გასახარი აღმოჩნდა ჩვენი ემიგრანტების აქტიურობა. ისინი არ იზარებენ და საჩუქრებს ახლა არამარტო ოჯახის წევრებს, არამედ სოციალურ ქსელში შეძენილ მეგობრებსაც უგზავნიან.

  • პირველი სირთულე რა იყო რაც ამ ჯგუფის ადმინისტრირებისას შეგხვდა?

 

  • თავიდანვე ვიფიქრეთ იმაზე, რომ საჩუქრების გაჩუქებას არ უნდა ჰქონოდა ქაოტური ხასიათი და რაც მთავარია, არ უნდა შეექმნა უსამართლო, კონფლიქტური გარემო, ამიტომაც, მარტივად, დასწრების პრინციპით დავიწყეთ – ვინც პირველი დააკომენტარებდა, საჩუქარიც მას ერგებოდა. თუმცა, ამ პრინციპმა მალევე შექმნა გარკვეული სირთულეები, თუნდაც იმიტომ, რომ ადამიანები მთელ დღეს სოციალურ ქსელში არ ვატარებთ, სამაგისოდ არც დრო გვაქვს და ალბათ, არც უნდა ვატარებდეთ. ამის გამო, საჩუქარს, უფრო ხშირად, ის ადამიანები მოიპოვებდნენ, რომლებიც უფრო მეტ დროს უთმობენ ონლაინ სივრცეს. ამის გათვალისწინებით, შევიმუშავეთ საჩუქრების გაჩუქების სამი ძირითადი პრინციპი და რამდენიმე რეკომენდაცია, რომელთა დახმარებითაც ჯგუფის შიგნით კომუნიკაცია რეგულირდება.

გარდა ამისა, „საჩუქრების“ ჯგუფი იმდენად მალე გაიზარდა, ორი ადამიანი ადმინისტრირებისთვის საკმარისი აღარ იყო, ამიტომაც, მისი შექმნიდან რამდენიმე დღეში, ჯგუფის აქტიური წევრებისგანვე შეიქმნა მოდერატორთა გუნდი, რომლებიც სრულიად უანგაროდ, მთელი გულით გვეხმარებიან იმაში, რომ ჯგუფის თავდაპირველი მიზანი და აქტივობა უცვლელი დარჩეს.

  • ზოგადად რა სახის სირთულეები გხვდება და როგორ აგვარებთ შენ, თაია და მოდერატორები?
  • როცა 22 000 ადამიანისგან დაკომპლექტებული ჯგუფის მართვაზე იღებ პასუხისმგებლობას, ბუნებრივია, უნდა მოემზადო სირთულეების მოსაგვარებლადაც და იმისთვისაც, რომ ყველა ერთნაირად კმაყოფილი ვერ იქნება. ზოგ შემთხვევაში გვთხოვდნენ, წესები უფრო მეტად გამკაცრებულიყო, ზოგ შემთხვევაში, პირიქით – უფრო ლიბერალურ რეგულაციას მოითხოვდნენ. მთლიანობაში, ყველა ეს თხოვნა მიგვანიშნებდა იმაზე, რომ ეს ადამიანები დაინტერესებულები იყვნენ ჯგუფის ფუნქციონირებით და ჩართულნი იყვნენ მისი დახვეწის პროცესში, რაც ძალიან სასიამოვნოცაა. მართალია, ურთიერთგამომრიცხავ ინტერესებს ვერ გავითვალისწინებდით, თუმცა მოდერატორებთან ერთად ვმსჯელობდით, ვდებდით გამოკითხვებს და მთლიანობაში, უმრავლესობის აზრს ვითვალისწინებდით. ზოგჯერ ყოფილა დესტრუქციული, არაეთიკური კომუნიკაციაც ჯგუფის რომელიმე წევრის მხრიდან, რაზეც ჩვენი პასუხი გაფრთხილება ან დაბლოკვაა. საბედნიეროდ, ასეთი შემთხვევები მთლიანი რაოდენობის მეათასედია, რაც, დამეთანხმებით, იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი კარგად მიდის. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ თავიდანვე გავემიჯნეთ ქველმოქმედებას. ეს ჯგუფი არ შექმნილა ამ მიზნით. ძალიან ძნელია, სოციალურ ქსელში ვამოწმოთ, ვინმეს მართლა ჭირდება თუ არა დახმარება და არც იმაზე გვაქვს პრეტენზია, სიკეთის კეთებითა და ქველმოქმედებით დავკავდეთ. ხშირი იყო ასეთი კომენტარებიც, თუმცა თავიდანვე დაზუსტდა, რომ კარგი განწყობის შექმნას არაფერი აქვს საერთო ქველმოქმედებასთან. ასევე ვერიდებით ისეთი ხასიათის გზავნილებს, რომელიც უკავშირდება რაიმე თანხას ა.შ. თუ ფასდაკლების ვაუჩერებს აჩუქებენ ჯგუფის წევრები ერთმანეთს, ეს რა თქმა უნდა, ნებადართულია.
  • ჯგუფი სოციალურ ქსელში უკვე არის. იგივე შინაარსის საიტის გაკეთებას ხომ არ გეგმავთ?
  • იდეის განხორციელებამდე და ჯგუფის ამოქმედებამდე არ ვიცოდი, რომ არსებობდა მსგავსი სივრცეები, თუმცა ჯგუფში დამატებულმა ერთმა ადამიანმა, რომელიც ისლანდიაში ცხოვრობს, შეგვატყობინა, რომ იქაც ყოფილა მსგავსი ჯგუფი, თუმცა არ ვიცით, რა წესებით რეგულირდება, რადგან ინგლისურენოვანი არ არის. რაც შეეხება ვებგვერდს, შევიტყვე, რომ არსებობს ამ ტიპის ვებგვერდიც. ვფიქრობ, რაც უფრო მეტი ასეთი პოზიტიური სივრცე შეიქმნება, უკეთესია, თუმცა, ალბათ თავისებური, განსხვავებული პრინციპებითა და წესებით. შესაძლოა, ეს ყოველივე ერთ დღეს ვებგვერდადაც იქცეს, მაგრამ ამაზე საუბარი ნაადრევია. პირველ რიგში, ჯგუფში სიახლეების შეტანაზე ვართ ორიენტირებული.
  • საერთოდ როგორ ხედავ ამ ჯგუფის ხვალინდელ დღეს – რას ფიქრობთ როგორ განავითარებთ იდეას?
  • ძალიან მინდა, ჯგუფის წევრების ჩართულობით, ჩავატაროთ საჩუქრების ფესტივალი. ბევრი საჩუქრით, სურპრიზით, კიდევ უფრო მეტი მუსიკით და მხიარულებით. გარდა ამისა, რეგიონებში მცხოვრებ ბევრ ადამიანს შეექმნა საჩუქრების მიწოდების პრობლემა, რის გამოც წამოვიდა საკურიერო მომსახურების იდეაც. უკვე დასრულდა მოლაპარაკებები ერთ-ერთ კერძო საფოსტო კომპანიასთან, რომელიც, ექსკლუზიურად ჯგუფისთვის შექმნილი ტარიფებით უზრუნველყოფს თბილისისა და საქართველოს მასშტაბით საჩუქრების მიწოდებას. მოხარული ვარ, რომ სანამ ჩვენ დავიწყებდით ასეთი კომპანიების მოძიებას, თვითონვე დაგვიკავშირდნენ და შემოგვთავაზეს. ამ მომსახურებაში მთავარი იყო ის, რომ ეს ტარიფები არ ყოფილიყო მაღალი, რაზეც მათგან მზაობა წამოვიდა.
  • და ბოლოს, როგორ ფიქრობ, სიკეთის კეთება ხომ არ მობეზრდებათ ადამიანებს? ისინი ვინც პირველ დღეებში საჩუქრებს აქტიურად ანთავსებდნენ ისევ ჩანან თუ მათთვის ჯგუფმა თავი ამოწურა?
  • პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ სიკეთის კეთება ფართო ცნებაა და ყველას თავისებურად ესმის. პირადად ჩემთვის, ეს არ არის რაიმე ქველმოქმედება ან სიკეთე. ეს უბრალოდ დადებითი ემოციის მიღების წყაროა. შეიძლება კითხვაც კი გაჩნდეს, ვინ უფრო მეტ სიამოვნებას იღებს ამ პროცესით – გამჩუქებელი თუ მჩუქებელი?! შესაბამისად, ინდივიდუალურია, ვის რამდენ ხანს გაჰყვება იმის სურვილი, დაიტვირთოს ამ ემოციებით. ზოგი პირველივე დღიდან ჩართულია და აქამდე ძალიან აქტიურობს, ზოგიც გაპასიურდა, ზოგი, პირიქით, ჯერ გვაკვირდებოდა და ახლა ძალიან ბევრ საჩუქარს დებს. მთავარი ერთი რამეა, ეს ყველაფერი იყოს გულწრფელი, უანგარო და სასიამოვნო ემოციების მომტანი. სანამ ეს იდეა იქნება მთავარი და ჯგუფის მოდერირებაც ეფექტიანად გაგრძელდება, მანამ ყოველთვის იქნებიან ჯგუფის ერთგული წევრებიც და ახალბედებიც, რომლებიც ყოველდღიურად გვიერთდებიან.
banner
წინა სტატიაში,,გაზპრომი,, თურქეთის შიდა ბაზარს ტოვებს
შემდეგი სტატიარუსეთში გამოკითხულთა უმეტესობამ სტალინი უდიდეს ფიგურად დაასახელა