საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა საყოველთაო რეგისტრაცია დღეს იწყება

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 19, 2019 10:12

საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა საყოველთაო რეგისტრაცია დღეს იწყება

თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში 2019-2020 სასწავლო-სააღმზრდელო წლისთვის აღსაზრდელთა საყოველთაო რეგისტრაცია ვებგვერდზე – registration.kids.org.ge დღეს იწყება.

აღნიშნულ ეტაპამდე უკვე განხორციელდა იმ ბავშვების რეგისტრაცია, რომლებიც არიან სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან, რომელთა და-ძმა უკვე ირიცხებიან ბაღში, არიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონენი, ასევე იმ ოჯახის წევრი ბავშვები, რომლებიც 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალდნენ, მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირთა შვილები.

რაც შეეხება რეგისტრაციის მეორე ეტაპს, ანუ საყოველთაო რეგისტრაციას, როგორც საქართველოს პირველ არხს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოდან აცნობეს, რეგისტრაციის პროცესი 19 ივნისს, 12:00 საათზე დაიწყება და ელექტრონულად დარეგისტრირებას შეძლებს ყველა ის აპლიკანტი, რომელიც არ შედის პირველ ეტაპზე დასარეგიტრირებელთა კატეგორიებში. ამასთან, რეგისტრაცია შესაძლებელია მხოლოდ ერთ საჯარო ბაგა-ბაღში.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახა გვანცელაძე აცხადებს, რომ რეგისტრაციის გავლას შეძლებენ ორიდან ექვს წლამდე ასაკის ბავშვები.

„12:00 საათზე იწყება რეგისტრაცია, ორი წლიდან ასაკის ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ, დარეგისტრირდნენ. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ვებგვერდს მიაკითხონ, შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა და ასეთი საშუალებით შეძლებენ მშობლები, დაარეგისტრირონ ბავშვები. წელს ჩვენ გვაქვს 15 000 ადგილი, 2 000 ადგილი უკვე შევსებულია. ასე რომ, 13 000 ვაკანტური ადგილი არის“, – განაცხადა კახა გვანცელაძემ.

ბაგა-ბაღების სააგენტოში განმარტავენ, რომ რეგისტრაციის გავლას შეძლებენ ის ბავშვები, რომლებსაც ორი წელი შეუსრულდათ სასწავლო-სააღმზრდელო წლის დასაწყისში და არა რეგისტრაციის მომენტში.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, წელს თბილისის საბავშვო ბაღების ჩამონათვალს დაემატება ოთხი ახლად აშენებული საბავშვო ბაღი, რომელიც მიმდინარე წლის შემოდგომაზე გაიხსნება.

რეგისტრაციის წარმატებით გავლის შემდეგ, დარეგისტრირებული ბავშვის მშობელმა საჭირო დოკუმენტაცია უნდა წარადგინოს კონკრეტულ საბავშვო ბაღში. ეს დოკუმენტებია: დაბადების მოწმობის ასლი; ორი ფოტოსურათი (ბიომეტრიული); ჯანმრთელობის დამადასტურებელი ცნობა; მშობლების პირადობის მოწმობის ასლი.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 19, 2019 10:12

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,408
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics