საბა მეტრეველი: სცენის სევდიანი რაინდი

 

მოულოდნელად გარდაიცვალა ცხინვალის ივანე მაჩაბლის თეატრის მსახიობი გიორგი რევაზიშვილი. არის ჩვენ ირგვლივ მოვლენები, რომელთა ახსნა და გაცნობიერება შეუძლებელია. ქართული თეატრის ისტორიის ტრაგიკულ ფურცლად დარჩება გიორგი რევაზიშვილის ნაადრევი წასვლა ამ, მართლაც, უსწორმასწორო და გაუტანელი წუთისოფლიდან.
მთელი თავისი ხანმოკლე ცხოვრება სცენის მსახურებაში გაატარა – არ ჰყოლია მფარველი, პატრონი, ბიძგის მიმცემი. მხოლოდ საკუთარი ნიჭითა და პიროვნული ღირსებით გაიკვლია გზა და მოძებნა საკუთარი ადგილი, იპოვა თავისი თავი იმ სივრცეში, რომლის გარეშეც არსებობა ვერ წარმოედგინა. თეატრი იყო მისი ცხოვრება, არსებობის საშუალება, თვითრეალიზაციის ასპარეზიცა და სამყაროსთან დიალოგში შესვლის ფორმაც.
გიორგი რევაზიშვილი აღარ არის – რას ნიშნავს ეს მისი ოჯახისთვის, მეგობრებისთვის, კოლეგებისთვის, მისი მაყურებლისთვის – ჯერ ამის გაცნობიერება შეუძლებელია.

 

აწი სიზმრად თუ გნახავ, თვალებში უძიროდ ლურჯსევდაჩამდგარო, ჩემო ერთგულო და უღალატო, ზოგჯერ უხასიათო და ხშირად დამათრობელი იუმორით გაცისკროვნებულო, უთქმელო, მორიდებულო…
ვერ მივიღებ იმ მწარე ობიექტურ მოცემულობას, რომ აღარ ხარ, ვერ გნახავ, ვერ დაგირეკავ…
ვაი, რომ უკვე ვერასოდეს მეტყვი შენებური იუმორით: მამ, როგორ მყავხარო…
სცენის სევდიანი რაინდი იყავი! ერთბაშად შეგეძლო აგეყვანა მაყურებელი. გეუბნებოდი კიდეც: რომ შემოდიხარ, დარბაზი გაისუსება-მეთქი და შენებურად ჩაგეღიმებოდა.
მზე და მთვარე ერთდროულად დანავარდობდნენ შენში და ამ კონტრასტით იდუმალს თხზავდი. ბავშვივით თბილი და მოწყალე გულით სხივს ჰფენდი ირგვლივ ყველას და როგორი შემაძრწუნებლად ბედნიერი ვარ, რომ მეც მერგო ეს სიყვარული, შენი სულის ნაწილი, „მამ“!!!
არ გიყვარდა თხოვნა, არ იკადრებდი ფუსფუსს ამა სოფლის ძლიერთა კარზე. შორს იყო შენგან ინტრიგა, შური და ბოღმა. რამდენი სითბო დაუტოვე ყველას, რამდენი სახსოვარი, სათქმელიც, მაგრამ ახლა ყველა ბგერა გულში გვაქვს ჩაწყვეტილი.

ან რაღა ფასი აქვს უშენოდ ამ აშმორებულ დედამიწას?!
მშვიდობით, გიორგი, „ტკბილი გქონდეს მგზავრობა“…

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია: ფერმერებს სრულად ჩამოეწერებათ 8 მლნ ლარის ოდენობის დავალიანება 2012-2019 წელს, ასევე 2020 წლის სამელიორაციო მომსახურების საფასურს მთლიანად სახელმწიფო გადაიხდის
შემდეგი სტატიაალექსანდრე მოწერელია ხობში ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო