სააპელაციო სასამართლო: ანას ბაღში მშენებლობის გაგრძელების ნებართვა არ გაგვიცია

თბილისის სააპელაციო სასამართლო განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ მედიისა და პრესის მეშვეობით გავრცელებული ინფორმაცია თითქოს სააპელაციო სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით „ანას ბაღის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებლობის გაგრძელების ნებართვა გასცა, არ შეესაბამება სინამდვილეს და წარმოადგენს სასამართლოს გადაწყვეტილების არასწორ სამართლებრივ და ფაქტობრივ ინტერპრეტაციას.

„საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, სასამართლო განმარტებას აკეთებს ე.წ „ანას ბაღის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალბინიანი კორპუსის მშენებლობის შეჩერების თაობაზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე.

მედიისა და პრესის მეშვეობით გავრცელებული ინფორმაცია თითქოს სააპელაციო სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით „ანას ბაღის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებლობის გაგრძელების ნებართვა გასცა, არ შეესაბამება სინამდვილეს და წარმოადგენს სასამართლოს გადაწყვეტილების არასწორ სამართლებრივ და ფაქტობრივ ინტერპრეტაციას.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2020 წლის 27 აპრილს განიხილა კერძო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 24 თებერვლის განჩინების გაუქმების მოთხოვნით, რომლითაც საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შეჩერდა მშენებლობა. თბილისის სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა კერძო საჩივარი და მიუთითა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ თანაზომიერების პრინციპზე დაყრდნობით, უნდა შეაფასოს რამდენად დაცულია პროპორციულობა კერძო პირთა და საჯარო ლეგიტიმურ მიზნებს შორის, რისთვისაც საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნა თბილისის საქალაქო სასამართლოს. ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს არ გადაუწყვეტია მშენებლობის გაგრძელების ან შეჩერების საკითხი.

სასამართლო მოუწოდებს მხარეებს და ყველა დაინტერესებულ პირს თავი შეიკავოს გადაუმოწმებელი და არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან“, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 29 აპრილის ინფორმაციით, რომელიც „ანას ბაღის დამცველებმა“ გაავრცელეს, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით გაუქმდა პირველი ინსტანციის შეჩერების გადაწყვეტილება – მოსამართლემ “ანას ბაღთან” მშენებლობის გაგრძელების ნება დართო მშენებელს დავის დასრულებამდე.

ადგილობრივმა მოსახლეობამ ანას ბაღის გადარჩენისთვის ბრძოლა 3 წლის წინ დაიწყო. 2017 წელს აქ მშენებლები პირველად გამოჩდნენ და მათ ეზოში ტერიტორია სამშენებლო ღობით შემოღობეს. მშენებლობის ნებართვა თბილისის ყოფილმა მერმა დავით ნარმანიამ გასცა, ხარვეზების გამო მოქმედმა მერმა შეაჩერა. თუმცა, მალევე მშენებლობა ისევ განახლდა და „ანას ბაღთან“ მძიმე ტექნიკა გამოჩნდა.

მშენებლობის დაწყებას ადგილობრივები ყველა ხერხის გამოყენებით შეეწინააღმდეგნენ, მძიმე ტექნიკას წინ გადაუდგნენ და პარალელურად სასამართლოში სამართლებრივი დავა დაიწყეს.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდის იფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში დღის ბოლომდე 29 პაციენტს COVID 19-ზე გამოიკვლევენ
შემდეგი სტატიათავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტლში სამ ადამიანს კორონავირუსი დაუდასტურდათ