სააკაშვილმა თვითდაზიანების სტრატეგიას თავი უნდა დაანებოს, ის საკმაოდ სერიოზული პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ არის, მათ შორის თანაგუნდელებისგან – ვოლსკი

გამოსავალს ვხედავ იმაში, რომ სააკაშვილმა თვითდაზიანების სტრატეგიას თავი უნდა დაანებოს, საკმაოდ სერიოზული პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ არის სააკაშვილი, მათ შორის, თანაგუნდელებისგან,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პროფესიონალების აზრია მნიშვნელოვანი, თუმცა, დღემდე არ მოუსმენიათ, რა სახის სამედიცინო სერვისი სჭირდება სააკაშვილს, რომელიც არ მიეწოდება.

“მოთხოვნა მესმის პოლიტიკური თვალსაზრისითაც და მითუმეტეს, ოჯახის მოთხოვნაც გასაგებია. სამწუხაროა, რომ არც ერთი არ ახსენებს იმ სადისტურ მმართველობას, რომელიც განსაკუთრებით ქართულ ციხეებში არსებობდა. ეს არაა პოლიტიკოსების გასარჩევი საქმე, პროფესიონალური შეფასებაა საჭირო და დღემდე არ გაგვიგია, რა სახის სამედიცინო მომსახურებაა აუცილებელი და რა არ მიეწოდება პატიმარს, ამის ნაცვლად გვესმის, რომ არის პუტინის პატიმარი, საკმაოდ სერიოზულ პოლიტიკურ კონტექსტში განიხლება, მათ შორის, ექიმების მხრიდან, რომლებიც მხარს უჭერენ პოლიტიკურად კონკრეტულ პარტიას,”- განაცხადა ვოლსკიმ.

მისივე თქმით, მოქალაქეებმა იციან, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის თემით სპეკულაცია მიმდინარეობს, რეალურად კი ამის უკან რევოლუციური მიზნები დგას.

“რაც შეეხება აქციებს, მოქალაქეებს, მათ შორის, მათ, ვინც “ნაცმოძრაობას” დაუჭირეს მხარი არჩევნებში, მიაჩნიათ, რომ ჯანმრთელობის თემა პოლიტიკური სპეკულაციაა და სხვა არაფერი, ამის იქით კი ის სტრატეგია დევს, რაზეც სააკაშვილი ყოველდღიურად მოუწოდებს საზოგადოებას, ეს არის დესტაბილიზაცია და რევოლუციური სცენარები. გამოსავალს ვხედავ იმაში, რომ სააკაშვილმა თვითდაზიანების სტრატეგიას თავი უნდა დაანებოს. საკმაოდ სერიოზული პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ არის სააკაშვილი, მათ შორის, თანაგუნდელებისგან, სადაც არ არის სტაბილურობა და გაერთიანებული პოზიცია ბევრ საკითხთან მიმართებით. ამ რეალობაში იმყოფება სააკაშვილი ლიდერი, ბელადი და არ გამოვრიცხავ, რომ არის ზეწოლის ქვეშ, რათა ამ თვითდაზიანებას თავი არ დაანებოს. დიდი ხანი არ არის მას შემდეგ გასული, რაც გავრცელდა ერთ -ერთი ტელევიზიის ხელმძღვანელის, “ნაცმოძრაობის” ლიდერის, მისი ადვოკატის განცხადება, რომელიც ამბობდა, რომ ერთი ლუკმაც რომ მიიღოს სააკაშვილმა, პოლიტიკურად წამგებიანი იქნება მისთვის, ამბობდა ასევე, რომ არასწორი ფიქრი დაიწყო, ანალიზის უნარი დაკარგა და მისი ყველა განცხადება არ არის სერიოზულად მისაღები. ყველას მოვუწოდებდი, სააკაშვილზე ზემოქმედება მოახდინონ, რომ თავი დაანებოს თვითდაზიანებას,”- განაცხადა ვოლსკიმ.

წინა სტატიაშიუკრაინის უმაღლესი რადა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატასა და სენატს მოუწოდებს, რუსეთი ტერორიზმის დამფინანსებლად აღიაროს
შემდეგი სტატიაწალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის გიორგი ხარჩილავას ინიციატივით, მუნიციპალიტეტში გამწვანების აქცია გრძელდება