რუსთავი 2-ის ექსკლუზიური დოკუმენტები – სესიაშვილის შვილის საქმეზე მიმოწერა სუს-სა და შსს-ს შორის

ექსკლუზიური დოკუმენტების მიხედვით, რომელიც “რუსთავი 2”-ს ხელში ჩაუვარდა და რომელიც უმრავლესობის დეპუტატის ირაკლი სესიაშვილის შვილს უკავშირდება, 2015 წლის 5 მარტს შს სამინისტროში შევიდა შეტყობინება მოქალაქე ჯანო ბერაიასგან იმის თაობაზე, რომ თბილისში, სიონის ქუჩა ნომერ 13-თან გაჩერებული ავტომანქანიდან მოიპარეს მისი მეგობრის თამარ წილოსანის ხელჩანთა. მომხდარ ფაქტზე იმავე დღეს დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით.

ამ ამბიდან 2 წლის შემდეგ საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის შვილის, 20 წლის დავით სესიაშვილის დანიშვნა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. სუს-მა დასანიშნი კანდიდატის დავით სესიაშვილის სტანდარტული შემოწმების ფარგლებში, მისი თითის ანაბეჭდების დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა ჩაატარა.

ამ ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ დავით სესიაშვილის თითის ანაბეჭდები 2015 წლის 5 მარტს თბილისში, თამარ წილოსანის ხელჩანთის ქურდობის ფაქტზე დაწყებული გამოძიების დროს, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული თითის ანაბეჭდების იდენტურია.

ამ ფაქტს ადასტურებს 2017 წლის 6 თებერვალს შსს-დან სუს-ში გადაგზავნილი წერილი, რომლსაც ხელს აწერს საექსპერტო კრიმინალური დეპარტამენტი დირექტორის მოადგილე გიორგი მახარაძე, რომელშიც ვკითხულობთ:

“გაცნობებთ, რომ შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის, ექსპერტიზის სამმართველოს დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის განყოფილებაში, 2017 წლის 2 თებერვალს განხორციელდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მისაღები კანდიდატის 1997 წლის 29 იანვარს დაბადებული დავით ირაკლის ძე სესიაშვილის დაქტილოსკოპირება.

ჩატარებული დაქტილოსკოპიური კვლევის შედეგად დადგინდა, რომ დავით ირაკლის ძე სესიაშვილის ხელის ანაბეჭდი იდენტურია 2015 წლის 5 მარტს ქალაქ თბილისში სიონის -ქუჩა 13-თან ავტომანქანიდან ჩანთის ქურდობის ფაქტზე, შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული ხელის ორი კვალის,“ – წერია აღნიშნულ დოკუმენტში.

ასევე, 2017 წლის 24 თებერვალს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, ძველი თბილისის სამმართველოს უფროსის, გიორგი ხაჟალიას მიერ ხელმოწერილ წერილში ვკითხულობთ, რომ ამ საქმეზე დავით სესიაშვილი დაკითხული იყო მოწმის სახით.

აღსანიშნავია, რომ ამ თემასთან დაკავშირებით შსს-სა და სუს-ს შორის გაგზავნილ ყველა წერილს გრიფით საიდუმლო ადევს.

ექსკლუზიური მასალების და დოკუმენტების შესახებ, რომელიც “რუსთავი 2”-მა მოიპოვა, დღეს “განსხვავებული აქცენტების” ეთერიდან გახდა ცნობილი.

banner
წინა სტატიაში„მადლობა პურის ნორმის გაორმაგებისთვის!“ – მშიერი ხალხი სამადლობელო წერილი ზუგდიდის მერს
შემდეგი სტატია,,სუს-ი იყო პირდაპირ ჩარეული 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებში“ – ხათუნა სამნიძე