რუსეთში მცხოვრები ქართველები “კორონასთან” პირისპირ მარტო დარჩნენ

„ათასჯერ უნდა დარეკო ან ვიღაც გავლენიანი ნაცნობი გამონახო, რომ სასწრაფო დახმარების ბრიგადა მოვიდეს. თუ მოვა, საავადმყოფოში მაინც არ წაგიყვანს, რადგან გადატენილია ავადმყოფებით იქაურობა. თქვენ წარმოიდგინეთ, მძიმე პაციენტებიც კი დერეფანში წვანან. გამონაკლისის დაშვება იმ შემთხვევაში ხდება თუ ფულს გადაიხდი ან ნაცნობი გაგიწევს რეკომენდაციას. ჩვენს ახლობლებს დაემართათ კორონა, ბებია და შვილიშვილს 41 გრადუსი სიცხე ჰქონდათ, მაგრამ საავადმყოფოში არ გადაჰყავდათ. მხოლოდ მას შემდეგ მოხდა მათი ჰოსპიტალიზაცია, რაც ოჯახმა 2000 დოლარი გადაიხადა“, – გვიყვება მოსკოველი ქართველი.
თუ რამდენი ადამიანია რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებული, ამის ზუსტი მონაცემების გარკვევა შეუძლებელია. ოფიციალური მოსკოვი ზუსტ მონაცემებს მალავს.

სიტუაცია რომ უკიდურესად მძიმეა, ამაზე ვლადიკავკაზში არსებული ვითარებაც მეტყველებს. ამ პატარა რესპუბლიკაში, სადაც სხვათა შორის 10 000-ზე მეტი ეთნიკური ქართველი ცხოვრობს, 5 მაისის მონაცემებით 1.253 ადამიანია დაინფიცირებული. მათი რაოდენობა შეიძლება ბევრად უფრო მეტი იყოს. მათ შორის არიან ქართველებიც.
რუსეთში მცხოვრები ქართველების უმეტესობა საქართველოში დაბრუნებას არ აპირებს. მიაჩნიათ, რომ გზაზე დაავადების რისკი მაღალია. ამასთან ერთად, უკმაყოფილებას გამოთქვამენ, რომ საქართველოს ხელისუფლებას ისინი ერთი სიტყვითაც კი არ მოუკითხავს.
„ჩვენ არაფერს ვითხოვთ, არავის ვაწუხებთ, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებას ერთი სიტყვით მაინც შეეძლო გამოეხატა თანაგრძნობა ჩვენს მიმართ. თუ სხვა ქვეყნებში მცხოვრები ქართველების დაბრუნებაზე ზრუნავენ, ჩვენ რა დავაშავეთ? აქაც ხომ შეიძლებოდა დაენიშნათ რამდენიმე ავიარეისი? ჩვენც ხომ ქართველები ვართ, ისეთივე ქართველები, როგორც იტალიაში, საფრანგეთში ან ესპანეთში ცხოვრობენ. ჩვენი ბრალი არაა, რომ რუსეთში ვცხოვრობთ, ცხოვრებამ მოიტანა ეს ვითარება. რუსეთში ყოფნის გამო თუ ვისჯებით, მაშინ პირდაპირ გვითხრან. ბევრი არ აპირებს წამოსვლას, მაგრამ ვიღაცებს უნდათ სამშობლოში დაბრუნება, ასე რომ მათ მაინც დაეხმარონ“, – აცხადებენ „თაიმერთან“ საუბარში მოსკოვში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები.

ავტორი: შორენა მარსაგიშვილი

banner
წინა სტატიაშისუიციდის ფაქტი სენაკში
შემდეგი სტატიაზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოს ლაბორატორიაში ორ მოზარდს კორონავირუსი დაუდასტურდა