რუსეთს ევროპაში ომი არ სურს, სწორედ დასავლეთი ამტკიცებს, რომ რუსეთი უნდა დამარცხდეს – ლავროვი

რუსეთს ევროპაში ომი არ სურს, მაგრამ დასავლური ქვეყნები მუდმივად ამბობენ, რომ მოსკოვი უნდა დამარცხდეს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ომანელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„თქვენ ევროპაში ომის პერსპექტივა თუ გაწუხებთ, ჩვენ ეს საერთოდ არ გვსურს, მაგრამ თქვენს ყურადღებას გადავიტან იმ ფაქტზე, რომ სწორედ დასავლეთია, რომელიც მუდმივად ამტკიცებს, რომ რუსეთი ამ სიტუაციაში უნდა დამარცხდეს. დასკვნები თავად გამოიტანეთ“, – განაცხადა ლავროვმა.

მისივე თქმით, უკრაინაში „რუსული სპეცოპერაციის“ დასრულება შეაჩერებს დასავლეთის მცდელობებს, შეარყიოს საერთაშორისო სამართალი და ხელი შეუწყოს ერთპოლუსიან სამყაროს. აქვე ლავროვმა დაამატა, რომ კოლონიალიზმის ეპოქა წარსულს ჩაბარდა.

„ჩვენი სამხედრო ოპერაციის დასრულება დასავლეთის მხრიდან საერთაშორისო სამართლის შელახვის, გაერო-ს წესდების პრინციპების იგნორირებისა და უხეშად დარღვევის მცდელობების შეჩერებას შეუწყობს ხელს და აიძულებს მათ, შეწყვიტოს ეგრეთ წოდებული ერთპოლუსიანი სამყარო, შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების დომინირება“, – განაცხადა ლავროვმა.

რუსი დიპლომატის თქმით, აუცილებელია თანამედროვე სამყაროს კულტურული, კონფესიური, ცივილიზაციური მრავალფეროვნების პატივისცემა.

მისივე განცხადებით, ოფიციალური მოსკოვი დაინტერესებულია, რომ უკრაინაში, საბრძოლო მოქმედებების ზონები ყველა სამოქალაქო პირმა დატოვოს. „ჩვენ ვაგრძელებთ ჰუმანიტარული დერეფნების გახსნას, ხალხი აგრძელებს მათი გამოყენებით გადაადგილებას, თუმცა ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ ყველა მშვიდობიანმა მოქალაქემ ეს ზონები დატოვოს“, – განაცხადა ლავროვმა.

ამასთან, ლავროვი ამბობს, რომ გაერო-მ უნდა მოუწოდოს ოფიციალურ კიევს, შეწყვიტოს „სამხედრო ოპერაციის ზონიდან“ მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის ხელშეშლა.

„გაერო-ს გენერალური მდივნის ანტონიო გუტერეშის ინტერესის გათვალისწინებით, ჩვენ მას ვურჩიეთ, უპირველეს ყოვლისა, კიევის ხელისუფლებას მიმართოს, მათგან მოითხოვოს, რომ შეწყვიტონ მშვიდობიანი მოსახლეობის გასვლის შეფერხება სამხედრო ოპერაციების რაიონებიდან“, – აღნიშნა ლავროვმა.

წინა სტატიაში„აზოვსტალში“ ორი მებრძოლი დაიღუპა
შემდეგი სტატიაახლა ვეუბნები აქედან, სადაც არ უნდა ვიყო, რამდენი ხანიც არ უნდა ვიყო, სახეს ავახევ – ნიკა გვარამია ივანიშვილზე