რუსეთის პრეზიდენტის რეაქციაც ნათლად მიუთითებს იმ ნიშნულზე, რასაც საქართველომ სამიტზე მიაღწია

ქართველი ექსპერტების შეფასებაში მოვისმინე, თურმე, ნატო-ს სამიტიდან მნიშვნელოვანი არაფერი წამოგვიღია, რუსეთის პრეზიდეტისთვის კი, იმდენად მნიშვნელოვანი გზავნილები იყო, ერთ კვირაში ორჯერ გააკეთა კომენტარი ნატო-სა და საქართველოს შესახებ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, ამ საკითხზე საუბრისას საზოგადოებასთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტის რეაქციაც ნათლად მიუთითებს იმ ნიშნულზე, რასაც საქართველომ სამიტზე მიაღწია.

„როგორც ქართველი ექსპერტების შეფასებაში მოვისმინე, თურმე, ნატო-ს სამიტიდგან არაფერი წამოგვიღია ისეთი, რომელიც ჩვენი გამოჩენილი ქართველი ექსპერტების ყურადღების ღირსი გახდებოდა. ყოველ შემთხვევაში, ვლადიმერ პუტინისთვის იმდენად სერიოზული გზავნილები იყო, იმ დღის მერე ერთი კვირა გავიდა და ორჯერ გააკეთა კომენტარი ნატო-სა და საქართველოზე. გავიგე, რომ რაც პუტინისთვის მნიშვნელოვანია, ქართველი ექსპერტებისთვის მათ რადარს ქვევით მოხვდა და ვერაფერი დაინახეს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, რუსეთის პრეზიდენტმა ერთი კვირის განმავლობაში, ორჯერ გააკეთა გამაფრთხილებელი შეტყობინება ნატო-ს თაობაზე. ეს რა თქმა უნდა, არასასიამოვნოა, მაგრამ მიანიშნებს იმაზე, რა ტიპის ნიშნულს მივაღწიეთ სამიტზე“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

როგორც მან განმარტა, საქართველომ ძალიან რთულ სამიტზე, სადაც ძალიან რთული საკითხები განიხილებოდა, ნატო-ში გაწევრიანების მტკიცე მხარდაჭერა მიიღო.

„საქართველომ ნატო-ში გაწევრიანების მტკიცე მხარდაჭერა მიიღო მართლაც რთულ სამიტზე. იქ, ამ სირთულეში საქართველომ მიიღო ცალკე დეკლარაცია, ანუ საქართველოს თაობაზე იყო ცალკე დეკლარაცია ქვეყნის ლიდერების დონეზე, რუსეთისთვის მტკიცე გზავნილით, რომ უნდა გაიყვანოს ჯარი; საქართველოსთვის შეიარაღების და თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მტკიცე დაპირებით და იმის დათქმით, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, ის სამიტის შედეგებს მნიშვნელოვნად აფასებს.

„შესაბამისად, მე ისევე, როგორც იქ გამომსვლელი დონალდ ტრამპი, რომელმაც საქართველოზე გააკეთა კომენტარი, სამწუხაროდ, ვლადიმერ პუტინი, ამ შემთხვევაში, სამიტის შედეგებს მნიშვნელოვნად ვაფასებთ“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ამასთან, მან იმედი გამოთქვა, რომ ქართულ საზოგადოებას უკვე ექნება შესაძლებლობა, რომ მსგავსი მნიშვნელოვანი გზავნილი თავად წაიკითხოს.

კითხვაზე, თუ როგორ აღიქვა პრეზიდენტმა ამ საკითხზე რუსეთის პრეზიდენტის განცხადებები და ხომ არ შეიძლება გარკვეული პროვოკაცია იგეგმებოდეს, მარგველაშვილმა განაცხადა, რომ უპირველესად, ამას რუსეთის მხრიდან თავდაცვად აღიქვამს.

„პირველ რიგში, მე ამას აღვიქვამ, როგორც თავდაცვას იმ დიდი წარმატების ფონზე, რასაც ჩვენ მივაღწიეთ, ეს არის რუსეთის თავდაცვა“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უცხოეთში აკრედიტებულ რუსეთის ელჩებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნებს ურჩევს, საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების შემთხვევაში, შესაძლო შედეგებზე დაფიქრდნენ. ასევე, პუტინმა ტელეკომპანია Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთს საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე უკიდურესად ნეგატიური რეაქცია ექნება.

 

[fbvideo link=”https://www.facebook.com/PresidentMargvelashvili/videos/1005232249645048/” width=”500″ height=”400″ onlyvideo=”1″]

banner
წინა სტატიაშიარჩილ ტატუნაშვილის საქმეზე მისმა ოჯახმა და ადვოკატებმა რუსეთის გენერალური პროკურატურიდან წერილი მიიღეს
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი – გზა დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ ნიშნავს გავიაზროთ ეს გზა და დასახულ მიზანს მივაღწიოთ შეთანხმებებით და კომპრომისებით