“რომელი ოპონენტის ავადმყოფურ გონებაში მომწიფდა აზრი, რომ შეურაცხმყოფელი ტოლობის ნიშანი დაესვა საახალწლო ნაძვის ხესა და შვილმკვდარი მამის პროტესტს შორის” – კალაძე

თბილისის მერი, კახა კალაძე დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე რუსთავლის გამზირეზე მიმდინარე აქციას გამოეხმაურა.

კალაძე ამბობს, რომ მერიის წინააღმდეგ ვრცელდება ტყუილი, თითქოს ნაძვის ხის გამო, სარალიძეს პროტესტის გამოხატვაში ხელს უშლიან.

„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს არის ძალიან დიდი ტყუილი, სიცრუე. ამასთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ ვისაუბრეთ და გავასაჯაროეთ ყველა ის მიმოწერა. პირველი ნოემბრის დასაწყისში ზაზა სარალიძემ მოგვმართა წერილით, რომ 31 დეკემბრამდე ჰქონდა სურვილი, გაეგრძელებინა აქციები და წერილს მოჰყვა შესაბამისი რეაგირება მუნიციპალიტეტის მხრიდან, რომელსაც კანონი გვავალდებულებს.

დედაქალაქის მერიას 15 დეკემბრიდან თვის ბოლომდე დაგეგმილი აქვს საახალწლო ღონისძიებები და ამის გამო, ვალდებულები ვიყავით, რომ სამი დღის განმავლობაში გაგვეცა პასუხი, რაც ასახული იყო წერილობით და გავაცანით მოსახლეობას.

ყველაზე დიდი უბედურება არის ის, რომ ჩემთვის ნამდვილად წარმოუდგენელია, რომელი ოპონენტის ავადმყოფურ გონებაში მომწიფდა აზრი, რომ შეურაცხმყოფელი ტოლობის ნიშანი დაესვა საახალწლო ნაძვის ხესა და შვილმკვდარი მამის პროტესტს შორის. შემდეგ ეს ყველაფერი გადმოებრალებინა ჩვენთვის.

ეს არის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი, როგორ მუშაობს „ნაციონალური მოძრაობის“ კუთვნილი პარტიული ტელევიზია „რუთავი 2.“ კონკრეტულად ამ ტელევიზიის ხელმძღვანელი საუბრობდა ამ ყველაფერზე პირდაპირ ეთერში.

ეს კატეგორიულად მიუღებელია, თუმცა ეს სიცრუის პროპაგანდა, რომელსაც ისინი აწარმოებენ, მთელი სარედაქციო პოლიტიკა დაფუძნებულია სიცრუეზე, შუღლზე. ეს მათი არჩევანია. ჩვენი არჩეული გზიდან ნამდვილად არ გადავუხვევთ, რომელიც ადამიანის ღირსებაზე, საკუთარი ხალხის პატივისცემასა და ქვეყნის განვითარებაზე არის ორიენტირებული,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშისაია : მეორე ტურის თარიღად არასამუშაო დღე უნდა განისაზღვროს
შემდეგი სტატიადღეს რომ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდეს, 56% გრიგოლ ვაშაძეს მისცემს ხმას, 44% სალომე ზურაბიშვილს – Edison Research