რომან გოცირიძე: „ქართულ ოცნებას“ ანაკლიის პროექტის ჩაშლა არ შერჩება“

გაგანია კორონობის ჟამს საქართველოს ხელისუფლებამ ანაკლიის პროექტის ჩასაძირად დრო კიდევ ერთხელ გამონახა. ამ დღეებში გვაუწყეს, რომ ფოთის პორტის გაფართოება იგეგმება. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ეს გადაწყვეტილება ივანიშვილის ხელისუფლებამ ანაკლიის პორტის ჩასაძირად მიიღო. პრემიერი გახარია ამტკიცებს, რომ ეს ანაკლიის პროექტის განხორციელებას ხელს არ შეუშლის. გიორგი გახარიას ზღაპრების არ სჯერა პარლამენტის წევრს, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს რომან გოცირიძეს. რატომ არ სჯერა გახარიასი და რატომ ვერ გახდება ფოთი ღრმაწყლოვანი პორტი ამის შესახებ ის „თაიმერს“ ესაუბრება.

-ამ დღეებში გავიგეთ რომ იგეგმება ფოთის პორტის გაფართოება. ამას ოპოზიციის პროტესტი მოჰყვა. მთავრობის მეთაური ამტკიცებს, რომ ეს ანაკლიის პროექტის განხორციელებას ხელს არ შეუშლის. თქვენ რას გვეტყვით ამის შესახებ?
– ფოთის პორტის ოპერატორი კომპანია „ეიპიემ ტერმინალსი“ ყოველთვის აცხადებდა, რომ ანაკლიის პორტი არ უნდა აშენდეს. ისინი ანაკლიის პროექტს ღიად ემტერებოდნენ და ძირს უთხრიდნენ. მოტივის პოვნა ძალიან ადვილია -„ეიპიემ ტერმინალსი“ რუსეთში ფლობს პორტებს და რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოებულია. ანაკლიის პროექტის ჩაძირვა იყო რუსეთის მიზანი. მათ ივანიშვილმა ეს ოცნება აუსრულა. ამისთვის მოსკოვი მას ან არჩევნებზე დაეხმარებოდა, ანდა „ქართული ოცნების“ ლიდერს მათ წინაშე ჰქონდა ანაკლიის პორტის ჩაძირვის ვალდებულება. კრემლი მას ემუქრებოდა და ამ ვალდებულების შესრულებას ითხოვდა. ივანიშვილმა რუსეთის დავალება შეასრულა.
ყველაფრის მიუხედავად ანაკლიის პროექტის განხორციელება მაინც დაიწყო. ამ პროექტში რამდენიმე ათეული მილიონი ჩაიდო. შემოიყვანეს გემი, რომელიც ფსკერს აფართოებდა. უზარმაზარი ტერიტორია მომზადდა მშენებლობის დასაწყებად. როცა საქმე მშენებლობის დაწყებაზე მიდგა, ჩვენ ვნახეთ რომ ხელისუფლება ყველანაირად შეეცადა, რათა ამ პროექტისთვის ხელი შეეშალა.
ამ დროს რა გააკეთა ფოთის პორტის მმართველმა კომპანიამ. მათ განაცხადეს, რომ შესაძლებელია თავად ფოთის პორტი გახდეს ღრმაწყლოვანი პორტი. ფოთიდან ანაკლიამდე სულ რაღაც 30 კილომეტრია. ასეთ პატარა ტერიტორიაზე ორი პორტის არსებობა წარმოუდგენელია. ფოთის პორტის წარმომადგენლების განცხადება მიზნად ისახავდა იმას, რომ ინვესტორებს ანაკლიის პორტის მიმართ ყოველგვარი ინტერესი დაეკარგათ.
ამ განცხადებას მოჰყვა ძალიან დიდი სკანდალი. ეკონომიკის სამინისტრო იძულებული გახდა გადაწყვეტილება უკან წაეღო. მხედველობაში მაქვს ფოთის პორტის გაფართოების გადაწყვეტილება. მაშინ, ამაში მონაწილეობდა ეკონომიკის მინისტრი, მისი მოადგილე. ჯოხი მეისრეს გადააყენეს და დეპარტამენტის ხელმძღვანელი მოხსნეს. ვითომ მან მინისტრის დაუკითხავად გასცა ეს ბრძანება.
ამ დღეებში აღმოჩნდა რომ არაფერი დაუკითხავად არ იყო გაცემული. ხელისუფლებამ ისარგებლა შექმნილი ვითარების და კიდევ ერთხელ გასცა ფოთის პორტის გაფართოების ნებართვა. ქვეყანაში გახლავთ საგანგებო მდგომარეობა, არ მუშაობს პარლამენტი, არ მუშაობს სხვა სახელმწიფო სტრუქტურები. ადამიანები გადართული არიან სულ სხვა თემებზე. ყველა ცდილობს როგორმე ამ ვირუსისგან დაიცვას თავი. ამ დროს საქართველოს ხელისფულება აქტიურად მუშაობს ფოთის პორტის გაფართოების ნებართვის გაცემაზე. ეს მათ ძალიან ვერაგულად გააკეთეს. ეს ქვეყნის ინტერესების ღალატია.
-ფოთის პორტს აქვს იმის რესურსი, რომ იქ ღრმაწყლოვანი პორტი აშენდეს?
– ფოთში ღრმაწყლოვანი პორტი ვერასდროს ვერ აშენდება. ფოთი ყოველწლიურად ისილება. ფოთის სანაპიროს ყოველწელს სჭირდება ამ ქვიშისგან გაწმენდა. ფოთის პორტი თუ რამენაირად გაფართოვდება, ის ისეთივე გემებს მიიღებს, როგორებსაც ახლა ღებულობს.
„ეიპიემ ტერმინალსის“ მთავარი ამოცანა ფოთის პორტის გაფართოება არ ყოფილა. მთავარი ამოცანაა ანაკლიის პროექტის ჩაგდება. „ეიპიემ ტერმინალსი“ მთელ მსოფლიოში დაიწყებს პიარს და როგორც კი ანაკლიის პორტზე ჩამოვარდება საუბარი. იტყვის, ბატონო აგერ მე ვაშენებ ანაკლიადან 30 კილომეტრში ღრმაწყლოვან პორტს. ამით ფაქტობრივად აშინებს ინვესტორებს. ამ პორტში თუ დაიწყება გაფართოების სამუშაოები, ეს იმას ნიშნავს რომ ანაკლიის პროექტს მრავალი წლის განმავლობაში არ გამოუჩნდება ინვესტორი.
– გახარიას განცხადებაზე რას იტყვით? ის ამბობს რომ საქართველოში ორი ღრმაწყლოვანი პორტის არსებობა შესაძლებელია.
– გახარიას განცხადება არის სისულელე. მან ივანიშვილისგან მიღებული დავალება გაახმოვანა. ფოთის პორტის გაფართოების სამუშოები შესაძლებელია მრავალი წლის მანძილზე გაგრძელდეს და ისევე არ გაკეთდეს არაფერი, როგორც ეს ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შემთხვევაში ხდება.
ეს ყველაფერი მიმართულია ანაკლიის პორტის ჩასაძირად „ეიპიემ ტერმინალსი“ და ბიძინა ივანიშვილი აკეთებენ რუსეთის საქმეს.  გამოვლენილია ხელისუფლების დანაშაულებრივი ქმედებები. თუკი ვინმეს აქამდე ამაში ეჭვი ეპარებოდა. ახლა ეს ეჭვები გაქარწყლებულია, თავის დროზე  ანაკლიამ ითხოვა რომ საქართველოში რამდენიმე წლის მანძილზე არ აშენებულიყო სხვა პორტი, რათა ინვესტორები მოეზიდათ. ხელისუფლება პირიქით მოიქცა და ფოთის პორტის გაფართოებაზე გასცა ნებართვა. ახლა ისინი ამბობენ, რა ვქნათ ფოთი არ განვავითაროთო? მათ ანაკლიის ჩასაძირად ფოთიც კი გამოიყენეს. რუსეთთმა მიაღწია თავის მიზანს. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ ეს არავის არ ეპატიება.
-ვინ არ აპატიებს?
– კონკრეტულად ვინ მოსთხოვს პასუხს არ ვიცი. ვიცი ის, რომ „ქართულ ოცნებას“ ანაკლიის პროექტის ჩაშლა არ შერჩება“.

 

ავტორი: შორენა მარსაგიშვილი.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა
შემდეგი სტატიასაზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლები სოფელ ზედა ეწერში მოსახლეობას სიცხეს უზომავენ