რომან გოცირიძე: გია ბარამიძემ ეს გაიგო პირდაპირი მნიშვნელობით თითქოს და ბრბოში იგულისხმებოდა არა ფილოსოფიური ბრბო, არამედ ხულიგნური დაჯგუფება

„ბოდიშის მოხდისკენ მომიწოდა გია ბარამიძემ ამ ადგილიდან, ბოდიშის მოხდისკენ მომიწოდა აბრაამ ლინკოლნის ციტატის გამოყენებისთვის მეც და სალომე სამადაშვილსაც, თურმე ჩვენ აქტივისტებს ვუწოდეთ „ბრბო“. აბრაამ ლინკოლნის ციტატაში ნათქვამია, რომ „არ არსებობს დანაშაული, რომელიც ბრბოს განსჯის საგანი იყოს, სადაც ბრბო არის მასა“, ორტეგა – ი – გასეტის „მასების აჯანყებაში“ მასა და ბრბო სინონიმებია, 200 წლის წინ კაცმა სამართლებრივი კუთხით გამოიყენა ტერმინი, რომელიც კოლექტივს ნიშნავს ინდივიდუალიზმის საწინააღმდეგოდ. გია ბარამიძემ ეს გაიგო პირდაპირი მნიშვნელობით თითქოს და ბრბოში იგულისხმებოდა არა ფილოსოფიური ბრბო, არამედ ხულიგნური დაჯგუფება. წარმოიდგინეთ, მე გია ბარამიძეს რომ ვუწოდო, ცხენი ან ვირი. ასე რომ ვუთხრა: „ბატონო გია, თქვენ ბრძანდებით ბურიდანის ვირი!“- ცნობილი ამბავია, რომ ბურიდანის ვირი ნიშნავს ადამიანს, რომელსაც გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლია, ახლა პირდაპირი მნიშვნელობით უნდა გაიგოს გია ბარამიძემ? ტროას ცხენი ხარ-მეთქი პარტიაში, რომ ვუწოდო?! ანუ შუღლს აგდებ-მეთქი, პირდაპირი მნიშვნელობით კი არ უნდა გაიგოს, რომ ცხენი ვუწოდე. ბოდიშის მოხდისკენ მოწოდება არის არასერიოზული განცხადება.

ყოველთვის ჯობია თქმა. უფრო მეტიც, პარტია უნდა იყოს უფრო მეტად ღია, თუ გვინდა, რომ მოვიზიდოთ ახალი სისხლი და პარტია იყოს თანამედროვე ტიპის და არა ჩაკეტილი ორგანიზაცია, სადაც ინფორმაციის გაჟონვა, თურმე, არ შეიძლება რაღაც პრაგმატული მოსაზრების გამო“, – განაცხადა გოცირიძემ.

მისივე თქმით, პარტიაში რაიმე სერიოზულ დაპირისპირებას ადგილი არ აქვს.

„გააზიარა მიხეილ სააკაშვილმა ეს ფაქტი, მან გააზიარა და გარკვეულწილად ირიბად მოწონება გამოხატა, მე მოწონება არ გამოვხატე, ისევე, როგორც სხვებმა, ისევე, როგორც ეკა ხერხეულიძემ, ისევე, როგორც მირდატ ქამადაძემ, აჭარაში ჩვენმა ლიდერმა, არავინ არ მოიწონა. გამოდის, რომ პარტია რაღაც ერთ ორიენტირზე არ არის დამოკიდებული და ის ორიენტირი შეიძლება, პარტიის განწყობილების მიხედვით შეიცვალოს. ამიტომ, პირადად ჩემზე თუ არის საუბარი, არასდროს პარტიული თუ საარჩევნო კონიუნქტურით არ ვიმოქმედებ, სადაც საჭიროა, ვიტყვი სიმართლეს, ერთკვირიან კრიტიკას ავიტან,“- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ თანაპარტიელ გიორგი ბარამიძის კრიტიკის პასუხად განაცხადა, რომელიც გოცირიძის მიერ ბათუმში, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატისთვის ნაგვის დაყრის ფაქტთან დაკავშირებით სიტყვა „ბრბოს“ გამოყენებას მოჰყვა.

banner
წინა სტატიაშიფრიდონ ინჯია – „ნაცმოძრაობას“ მართავს შევარდნაძისდროინდელი იუსტიციის მინისტრი მიხეილ სააკაშვილი
შემდეგი სტატია“ევროპის უნივერსიტეტში” ინდოეთის რესპუბლიკის 72-ე წლისთავთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება გაიმართა