ამბავი, რომელსაც გიყვებით, ზუგდიდში, „მაცხოვრის კარის“ სასაფლაოზე ხდება – 70 წლის ქალი, დოდო ჯოხაძე 13 წელია ერთადერთი ვაჟის საფლავთან ცხოვრობს. 2009 წლის 4 დეკემბერს, სოფელ ჩხორიაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რასაც 32 წლის დავით (ჯაჯა) ჯანჯღავას სიცოცხლე ემსხვერპლა.
როგორც „თაიმერთან“ ინტერვიუში შვილმკვდარი დედა ამბობს, შვილისთვის საფლავის გაკეთება თავდაპირველად, საკუთარი სახლის ეზოში სურდა, თუმცა, საბოლოოდ, მაინც ზუგდიდში, ქალაქთან ახლოს არსებულ სასაფლაოზე დაკრძალა, სადაც დოდო ჯოხაძე ვაჟის დაკრძალვიდან დღემდე, დასთან, როზა ჯოხაძესთან და რვა მიცვალებულთან ერთად ცხოვრობს.
– 2009 წლის 4 დეკემბერს შეიცვალა ჩემი ცხოვრება… ჩემი შვილი სოფელ ორულუში, ღონისძიებაზე იყო წასული, იქიდან რომ დაბრუნდა, დაურეკეს მეგობრებმა და სადღაც წაყვანა სთხოვეს. ჩემს შვილს წასვლა არ უნდოდა, ალბათ გული უგრძნობდა, მაგრამ მათ არ დააყენეს და გაბრაზებული წავიდა მათთან. მე კი დამიბარა, მალე დავბრუნდებიო. უკვე ღამის 10 საათი შესრულდა და რომ არ დაბრუნდა, დავურეკე, ვიღაცამ აიღო ტელეფონი. გამიკვირდა, ყურმილი ჩემმა დამ გამომტაცა და უთხრეს ავარიის ამბავი. მაშინვე საავადმყოფოში წავედით. იქ, იმ ბიჭების მშობლები დაგვხვდნენ, ვისაც გაჰყვა ჩემი შვილი. ყვიროდნენ: “ჩვენი შვილია მკვდარი, ჩვენი შვილიო”, ვითომ, მე მაწყნარებდნენ (მათ დღემდე ვმტრობ). მე შიგნით არ შემიშვეს, ამბავი ჩემს ძმას უთხრეს და ასე გავიგეთ. საავადმყოფოდან გამომიშვეს და თურმე, ჩემი შვილს ცხედარი (გასაკვეთად) ექსპერტიზისთვის გადაასვენეს, სადაც ის მეორეჯერ მომიკლეს, დაუკითხავად გაკვეთეს ეს ყველაფერი.
– როგორ შეხვდნენ ნათესავები და ოჯახის წევრები თქვენს გადაწყვეტილებას, რომ სასაფლაოზე აპირებდით საცხოვრებლად გადასვლას?
– ძალიან დიდი წინააღმდეგობა შემხვდა, მაგრამ მიღებული გადაწყვეტილება არ შევცვალე. ჩემი შვილი სასაფლაოზე იმ პირობით დავასაფლავე, თუ მეც მასთან ერთად ვიცხოვრებდი მის საფლავთან. მას შემდეგ, აქ, სასაფლაოზე, ჩემს დათოსთან და გარდაცვლილ ნათესავებთან ერთად, მე და ჩემი და ვცხოვრობთ.
– თავდაპირველად, ალბათ ბევრი სირთულე შეგხვდათ…
– დიახ, ერთ წელზე მეტი ღია ცის ქვეშ ვცხოვრობდით. მერე ჩემი შვილის მეგობრების დახმარებითა და ჩემი ფიზიკური შრომით, საფლავი საცხოვრებელ სახლს დავამსგავსეთ. აქ, უკვე წყალიც და ელექტროენერგიაც გვაქვს. სველ წერტილებს რაც შეეხება, მხოლოდ საპირფარეშოა. აქვე, ახლოს, ჩემი ძმა ცხოვრობს და მასთან დავდივართ ხოლმე დასაბანად.
– თქვენი ეს გადაწყვეტილება, რელიგიურად, დიდად გამართლებული არ არის… ამაზე, რას ამბობენ სასულიერო პირები?
– თავიდან, მირჩევდნენ, რომ არ გამეკეთებინა, რადგან ეს მიუღებელი იყო. საბოლოოდ კი, მათ, ჩემს გადაწყვეტილებას პატივი სცეს. “მონასტერში ხომ ცხოვრობენ დედები და ესეც მისი შვილის გვერდით ცხოვრობსო”, უთქვამს ერთ-ერთ მამაოს.
– როგორც ჩვეულებრივ ოჯახში ხდება. დილით ადრე ვდგები. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ვანთებ სანთელს და ლოცვებს ვკითხულობ, შემდეგ კი ჩემს შვილს ყავას ვუხარშავ და საფლავთან ვუდგამ. მერე, როგორც ოჯახში ხდება ხოლმე, სხვა საქმეებსაც ვაკეთებ. როცა მიცვალებულების ხსენების დღეა, დათოს მეგობრები, ახლობლები და ნათესავები მოდიან და ერთად აღვნიშნავთ ხოლმე.
– ადამიანური ფაქტორია, რომ ვინმესთვის, შესაძლოა, საშიშად ჟღერდეს, სასაფლაოზე ცხოვრებისა და მიცვალებულებთან ერთად ძილის ამბავი. თქვენს შემთხვევაში როგორ ხდება?
– არანაირი შიში არ გვაქვს. დასაფლავების დღიდან არაფრის მეშინია. ვგრძნობ, რომ ჩემი შვილი ჩემს გვერდითაა და რისი, ან ვისი უნდა მეშინოდეს?!
– რაც შეეხება თქვენს გადაწყვეტილებას, ხომ არ აპირებთ შეცვლას?
– გამორიცხულუილია! არასდროს, რადგან დათოს გარდა, არ მყავდა შვილი! ყოველთვის ვამბობდი, “სადაც ჩემი შვილი იქნება, მეც იქ ვიქნები”-თქო. სამწუხაროდ, ცხოვრებამ ასეთი ბედი მარგუნა, მაგრამ შევეგუე. მე ჩემი შვილის გვერდით ვარ, ძალიან ხშირად ველაპარაკები და თავს ვიმშვიდებ.
– როგორ ფიქრობთ, რა იქნება თქვენი სიკვდილის შემდეგ?
– ყველაზე მეტად მენატრება ჩემი შვილი და სიკვდილის ნამდვილად არ მეშინია. მეც ძალიან მაინტერესებს, ჩემი სიკვდილის შემდეგ, რა იქნება აქ. ალაბთ, დაიხურება ეს კარი და მოაკითხავენ ხოლმე საფლავს.
ავტორი: ჯემალ ღამბაშიძე