რობი უილიამსი: ქართველი მსმენელი იყო სენსაციური და ძალიან გულუხვი

ბრიტანელმა მომღერალმა, რობი უილიამსმა საქართველო უკვე დატოვა. მან თბილისში დღეს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, გრანდიოზული შოუ-კონცერტი გამართა.

შოუს დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, რობი უილიამსი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს მიხიელ გიორგაძეს შეხვდა და მისი ნაჩუქარი ყაბალახიც მოირგო.

წარმოუდგენლად თბილი, დიდსულოვანი, ენერგიული – ასეთია ბრიტანელი მუსიკოსის შთაბეჭდილებები ქართველ მსმენელზე.

საკუთარ ემოციებზე მან დღეს აეროპორტში ისაუბრა.

“ქართველი მსმენელი იყო სენსაციური და ძალიან გულუხვი. იმის გათვალისწინებით, რომ მე აქ არასოდეს ვყოფილვარ, ჩემთვის ძნელად წარმოსადგენი იყო, რომ ყველას ეცოდინებოდა ჩემი სიმღერების ტესტები. კონცერტის განმავლობაში არ ყოფილა არცერთი ჩავარდნა, მუდმივად იგრძნობოდა აუდიტორიის ენერგეტიკა. ეს იყო ჩემი პირველი კონცერტი ბოლო 7 თვის განმავლობაში და საკმაოდ ვნერვიულობდი, მაგრამ როგორც კი სცენაზე დავდექი, ქართველი მსმენელი ძალიან დამეხმარა. ეს იყო გამოცდილება, რომელიც ყოველთვის დარჩება ჩემს მეხსიერებაში.ძალიან ბედნიერი ვარ და მოუთმენლად ველოდები თქვენთან დაბრუნებას, კიდევ ერთხელ თქვენთან შეხვედრას“.

მომღერალმა დღეს იმ სიურპრიზზეც ისაუბრა, რომელიც “დინამო არენაზე” მისულ მაყურებელს შესთავაზა.

“სიმღერიდან სიტყვა – New York, ასე შევცვალე – Georgia. მგონი, ცოტა დაუჯერებელი იყო აუდიტორიისთვის, ოვაციებით თუ ვიმსჯელებთ, ამ ექსპერიმენტმა გაამართლა”.

დღევანდელი კონცერტის მიმდინარეობისას, ბრიტანელმა მომღერალმა სცენაზე ქართველი გოგონა აიყვანა და მას მიუძღვნა ცნობილი ჰიტი – “She is the one”.

Let Me Entertain You – ამ სიმღერით კი, მან კონცერტი გახსნა. მსმენელს ქართულად მიესალმა, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და მაყურებელს რამდენჯერმე სთხოვა, მის სიმღერას აჰყოლოდნენ.

შესრულდა უამრავი ჰიტი, მათ შორის -“Feel”. შთამბეჭდავი სანახაობა დაახლოებით, ორი საათის განმავლობაში გაგრძელდა. ერთ-ერთი სიურპრიზი აღმოჩნდა ბრიტანელი მომღერლის მიერ მამასთან ერთად შესრულებული სიმღერა.

აღსანიშნავია, რომ სპეციალურად ამ ღონისძიებაზე დასასწრებად თბილისს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ტურისტები ეწვივნენ.

ცნობისათვის, მსოფლიო ვარსკვლავის კონცერტი საქართველოს მთავრობის ინიციატივით წამოწყებული მასშტაბურ პროექტ – Check in Georgia-ს ფარგლებში გაიმართა.

banner
წინა სტატიაშინატოს ყოფილი გენერალური მდივანი პოროშენკომ მრჩევლად დანიშნა
შემდეგი სტატიაშსს-ს მაშველებმა თუშეთში მწყემსი გადაარჩინეს