რეცეპტის გამოწერის ახალი სისტემა საქართველოში

 

წამლის მაღალი ფასები, დიდი ხანია, საქართველოს მოსახლეობის ერთ-ერთი მთავარი სატკივარია. დღესდღეობით, ჯანდაცვის სერვისებისათვის გაწეული მთლიანი დანახარჯის მესამედზე მეტი (36%), სწორედ მედიკამენტებზე მოდის. წამლების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, საქართველოში რეცეპტის გამოწერის ახალი სისტემა ამოქმედდა. რას გულისხმობს აღნიშნული რეფორმა, როგორ შეიძლება ისარგებლოთ ცვლილებით და მიიღოთ თქვენთვის საჭირო მედიკამენტები შედარებით დაბალ ფასად – დღეს სწორედ ამაზე მოგიყვებით.

რას გულისხმობს რეცეპტის გამოწერის ახალი სისტემა

2022 წლის 11 აპრილიდან რეცეპტის გამოწერისას ექიმი ვალდებულია დანიშნულებაში დაგიწეროთ არა კონკრეტული ბრენდის, კონკრეტული დასახელების მედიკამენტი, არამედ წამალი მისი გენერიკული დასახელებით – მასში შემავალი აქტიური ნივთიერების მიხედვით. საერთაშორისო სახელწოდების მითითება საშუალებას გაძლევთ, მრავალი ალტერნატივიდან ყველაზე იაფი აირჩიოთ.

 

ახალი სისტემის თანახმად, რეცეპტი ელექტრონულად იწერება. ამ რეცეპტით პაციენტი აფთიაქში მიდის, სადაც ფარმაცევტი ე.წ. „პოზიტიურ სიაში“ ეძებს შესაბამის წამლებს. ის ვალდებულია, გამოწერილი რეცეპტის საფუძველზე, მომხმარებელს ამ შემადგენლობის მქონე სამი ყველაზე ეკონომიური და ამავე დროს ხარისხიანი მედიკამენტი შესთავაზოს.

რა უნდა იცოდეთ გენერიკულ წამლებზე

ერთ-ერთი კითხვა, რომელიც ამ სიახლის გარშემო გამართულ დისკუსიებში ხშირად გაჟღერდა, თავად გენერიკული წამლების წარმომავლობასა და მათ სანდოობას უკავშირდება.

გენერიკული და ორიგინალი მედიკამენტი ერთმანეთისგან შეფუთვით, დასახელებითა და ფასით განსხვავდება, თუმცა მოქმედი ნივთიერების შემცველობა, რომელსაც უშუალოდ სამკურნალო ეფექტი აქვს, იდენტურია. იდენტურია ასევე მათი მიღების ფორმა, დოზირება, ხარისხი, უსაფრთხოება და მოქმედების ეფექტურობა. განსხვავება მდგომარეობს მხოლოდ ფასში, ვინაიდან მათი მწარმოებელი კომპანია უკვე არსებული, გამოცდილი და ნაკვლევი ფორმულით ორიგინალურის ანალოგ მედიკამენტს აწარმოებს. შესაბამისად, “ჯენერიკები” უსაფრთხო და ხელმისაწვდომი ალტერნატივაა.

გახდის თუ არა რეცეპტის გამოწერის ახალი სისტემა წამლებს უფრო ხელმისაწვდომს

როგორც უკვე აღვნიშნეთ, რეცეპტის გამოწერის ახალი სისტემის მიზანია, წამლები ხელმისაწვდომ ფასად მიიღოთ. თქვენ გაქვთ უფლება, უარი უთხრათ ექიმს ძვირადღირებული, ბრენდული მედიკამენტის დანიშვნაზე და მოითხოვოთ მისი ალტერნატიული, შედარებით იაფი და მსგავსად ეფექტური ვერსიები. ინფორმირებული არჩევანის საფუძველზე შეგიძლიათ თავადვე გადაწყვიტოთ, რომელი კომპანიის წარმოებულ, რომელი დასახელებისა და რა ფასის მედიკამენტს შეიძენთ.

როგორ ვებრძოლოთ პოლიპრაგმაზიას

სამწუხაროდ, ჩვენს რეალობაში ხშირია ისეთი შემთხვევები, როცა დანიშნულება ათზე მეტ წამალსაც კი შეიცავს. როდესაც ჯანმრთელობის ერთი პრობლემის მოსაგვარებლად ხუთზე მეტი წამალი ინიშნება, ამას პოლიპრაგმაზია ეწოდება. ამგვარი პრაქტიკის მსხვერპლი შესაძლოა, თქვენც ყოფილხართ. ზოგიერთი ექიმი სხვადასხვა ფარმაცევტულ კომპანიასთან თანამშრომლობს და ხელს უწყობს მათი წამლების რეალიზაციას, იმ დროს, როცა შესაძლოა იგივე შემადგენლობის წამლის უფრო იაფი ალტერნატივა არსებობდეს. ასეთ შემთხვევებს ხელს უწყობს ჰოლდინგური სისტემებიც, როდესაც, მაგალითად, ფარმაცევტული კომპანია თავად ფლობს აფთიაქსაც და კლინიკასაც.

ამიტომ, გირჩევთ, ყოველთვის გადაამოწმოთ, ნამდვილად გჭირდებათ, თუ არა ყველა ის წამალი, რომელსაც იღებთ და ხომ არ აქვთ მათ შედარებით უფრო ეკონომიური ალტერნატივები რეცეპტის გამოწერის ახალი სისტემა პოლიპრაგმაზიის აღმოფხვრასაც ისახავს მიზნად.

დამატებითი რჩევები

მედიკამენტების ხელმისაწვდომობა ყველა მოქალაქისთვის მნიშვნელოვანი საკითხია. თუ აქამდე რეცეპტის გამოწერის ახალი სისტემის შესახებ არ იცოდით, ამიერიდან აუცილებლად დააკვირდით, რამდენად ითვალისწინებს ექიმი აღნიშნულ წესს. ამას გარდა, არის კიდევ რამდენიმე ფაქტორი, რომელიც წამლის შედარებით იაფად შეძენაში დაგეხმარებათ.

დღესდღეობით არსებობს ჯანდაცვის არაერთი პროგრამა, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და კონკრეტული დიაგნოზის მქონე ადამიანების, მათი საცხოვრებელი ადგილის, სოციალური სტატუსისა და ასაკის შესაბამისად, ჯანდაცვის სერვისების დაფინანსებას ან თანადაფინანსებას სთავაზობს. ამ შეღავათით თქვენც შეგიძლიათ ისარგებლოთ, თუ პროგრამაში ჩართვის კრიტერიუმებს აკმაყოფილებთ. გარდა ამისა, მედიკამენტის შეძენამდე შეგიძლიათ, მისი ღირებულება სხვადასხვა აფთიაქში წინასწარ გადაამოწმოთ და ამის მიხედვით გადაწყვიტოთ, სად რომელი წამლის ყიდვა სჯობს. მედიკამენტებზე დანახარჯების შესამცირებლად აფთიაქებში ფასდაკლების დღეებიც გამოგადგებათ.

შეჯამება

რეცეპტის გამოწერის ახალი სისტემა საქართველოში 2022 წლიდან მოქმედებს. მისი უმთავრესი მიზანი წამლების ხელმისაწვდომობის გაზრდაა. თუ აქამდე ექიმი დანიშნულებაში კონკრეტული ბრენდის, კონკრეტული დასახელების მედიკამენტს უთითებდა, ახლა ის ვალდებულია  გენერიკული სახელწოდება მიუთითოს. ეს პაციენტს შესაძლებლობას აძლევს, მრავალი ალტერნატივიდან ყველაზე ეკონომიურზე გააკეთოს არჩევანი. გენერიკული წამლები მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი, უსაფრთხო და ეფექტური საშუალებაა.

 

 

 

banner
წინა სტატიაშილატვიაში რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც საელჩოში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად მივლენ, პოლიცია შეამოწმებს, რამდენად ლეგალურად იმყოფებიან ისინი ქვეყანაში
შემდეგი სტატიანარკოდანაშაულისთვის დაკავებულ 8 პირს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა