რატომ შეწყვიტა კახა მიქაიამ კონტაქტი “ოცნების” თანამებრძოლებთან-ექსკლუზივი “თაიმერზე”

ჩვენთვის მთავარი ის კი არ არის, თუ ვინ იქნება რუსეთის პრეზიდენტი, არამედ ის, თუ როგორ პოლიტიკას გაატარებს საქართველოს ხელისუფლება მის წინააღმდეგ – აცხადებს მოძრაობა „დაიცავი საქართველოს” ლიდერი კახა მიქაია. „თაიმერისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში მან საქართველოს დღევანდელი ხელისფლების პოლიტიკას „უსუსური და კაპიტულანტური“ უწოდა, ხოლო თავად პრემიერს სახელმწიფო ინტერესების ღალატში დასდო ბრალი. ქართულ-რუსული ურთიერთობები და საპატრიარქოში არსებული ვითარება – ორი თემა, რომელთა მიმართ თავის დამოკიდებულებას გამოხატავს კახა მიქაია.

– პუტინს რომ არ გაემარჯვა, ის იქნებოდა გასაკვირი. ფაქტობრივად, ჩვენ მივიღეთ ისევ დიქტატორული რეჟიმი და საბჭოთა კავშირი. პუტინი ცეკას მდივანია, ვიდრე პრეზიდენტი. რუსულ-ქართულ ურთიერთობებში პუტინის პირობებში ან მისი შეცვლით არაფერი შეიცვლება. ყველაფერი ისე გაგრძელდება, როგორც არის დღეს. მთავარი ის კი არ არის, ვინ იქნება რუსეთის პრეზიდენტი, არამედ როგორ მოიქცევა საქართველოს ხელისუფლება. რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში ჩვენ ვიცით როგორ იქცევა კრემლი, მაგრამ რა პოლიტიკას გაატარებს საქართველოს ხელისუფლება რუსეთის წინააღმდეგ მომავალში?! ეს არის მთავარი.

– პრემიერ-მინისტრის განცხადების ფონზე საქართველო რუსეთს წინააღმდეგობას გაუწევს?

– კვირიკაშვილის განცხადება არის კაპიტულანტური, უსუსური.
იმ საზოგადოებას , რომელსაც ახსოვს 1991 წლის პუტჩი, თავი რომ დავანებოთ 200 წლიან მონობას, ახსოვს საქართველოს უახლესი ისტორია, ახსოვს აგვისტოს ომი, იცნობს იმ სახელმწიფოს, რომელიც წინააღმდეგია ჩვენი განვითარების, დემოკრატიის, დამოუკიდებლობის და რაც მთავარია, ჩვენი ინტეგრაციის ევროატლანტიკურ სივრცეში, ვისაც ეს ყოველივე ახსოვს და იცის, იმ ადამიანებმა არ შეიძლება პროტესტის გარეშე აღიქვან კვირიკაშვილის ეს განცხადება. ეს არ იყო ჩავარდნა მხოლოდ, ეს იყო ღალატის ტოლფასი განცხადება. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, ვინ არის კვირიკაშვილი, ჩვენ კარგად ვხედავთ, რას წარმოადგენს “ქართული ოცნება”. მე, პირადად, არც გამკვირვებია ეს განცხადება.

-კვირიკაშვილმა, თქვენი აზრით, დამოუკიდებლად, გუნდთან შეუთანხმებლად გააკეთა ეს განცხადება?

-არა! მე “ქართულ ოცნებას” როცა ვამბობ, არ ვგულისხმობ მხოლოდ კვირიკაშვილს. ერთ რუსულ სლენგს მოვიშველიებ – говорим партия, подразумеваем — Ленин. ყველამ კარგად იცის, “კტო პოდრაზუმივაეტსია!” არ იყო ეს განცხადება მოულოდნელი.

-ანუ ელოდით?

– “ქართული ოცნებისგან” ქართულ-რუსულ ურთიერთობებში ადეკვატური განცხადების გაჟღერება იქნებოდა გასაკვირი. ეს გასაკვირი არ არის!

– ბატონო კახა, მოსახლეობის მხრიდან ისმის, შეიძლება ვთქვათ, პრეტენზიები, რომ თქვენ ლომის წვლილი მიგიძღვით “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლაში.

– კი, ბატონო, მე მას არ უარვყოფ, მაგრამ პოლიტიკაში არსებობს იძულებითი არჩევანი. არამარტო მე, არამედ ბევრი ადამიანი საქართველოში, რომელიც მხარს უჭერდა “ქართულ ოცნებას” და დღევანდელი ,,ქართული ოცნების” ე.წ. ლიდერშიპისგან განსხვავებით, თავი შეაკლა მიხეილ სააკაშვილს, იძულებული იყო “ოცნებისთვის” დაეჭირა მხარი, რათა სააკაშვილი წასულიყო ხელისუფლებიდან. ეს იყო ის მომენტი, როდესაც მთელმა ქართულმა საზოგადოებამ ჯერ კიდევ არ. იცოდა ვინ ვინ იყო და ვინ მოდიოდა ხელისუფლებაში და ამიტომ მხარი დაუჭირა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ძალას. მაგრამ დღეს რაც ხდება, ნამდვილად წარმოუდგენელი იყო, ვერ წარმოვიდგენდი თუ ასეთი ბრიყვები აღმოჩნდებოდნენ და სახელმწიფო ინტერესებს უღალატებდნენ.

– სახელმწიფო ინტერესების მოღალატენი?

– დიახ! კვირიკაშვილის განცხადება არის სახელმწიფო ინტერესების ღალატი.

– ბატონო კახა, გაქვთ დღეს “ოცნების” წევრებთან ურთიერთობები?

– არა. დღეს მე მათთან ურთიერთობა არ მაქვს.

– ანუ კონტაქტი შეწყვიტეთ?

– დიახ, არ მაქვს მათთან კონტაქტი ამ და სხვადასხვა საკითხების გამო. მე ამას მწუხარებით ვამბობ. ვერც კი წარმომიდგენია მათ მხარდამჭერთა რიგებში ყოფნა!

– რას ველოდოთ?

– არაფერს კარგს. ამ ხელისუფლებას რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა და მისი გამკლავება არ შეუძლია. აქ არის ორი პოზიცია. პირველი – მიხეილ სააკაშვილს და “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” ჰქონდა ასეთი პოზიცია: ,,აქეთ გორას წიხლსა ვკრავ, იქეთ გორას ძვრას ვუზამ” და მეორე – “ოცნება”: ,,ჩუმად, ჩუმად, არვინ გაგვიგოს.”
ორივე პოზიცია ჩემთვის მიუღებელია. სააკაშვილის პოლიტიკა იყო ექსცენტრული, არაადეკვატური, ემოციური. ბოლოს თავად წამოეგო პუტინის პროვოკაციას და საერთოდ დაღუპა ქვეყანა. მისგან განსხვავებულია ” ოცნების” პოლიტიკა – რომელსაც ეშინია პოზიციის დაფიქსირების.
“ოცნების” სანაცვლოდ აშშ და დასავლეთის არც ერთი ქვეყანა რუსეთს არ დაელაპარაკება, წინააღმდეგობას არ გაუწევს, თუ თავად ქართულმა მხარემ არ მისცა ბიძგი პროცესის დაწყებას. თუ დასავლეთმა დაინახა, რომ შენ ხარ მოწადინებული პრობლემების გადასაწყვეტად, შენ გინდა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, შენ ხარ ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანების მომხრე, შენი სურვილები და ქმედებები თუ იძლევა ამის საფუძველს, მაშინ დაგიჭერს მხარს. თუ დასავლეთის სათრევი და დასავლეთის მიერ ყურით სატარებელ ქვეყნად საბოლოოდ ჩამოვყალიბდით, მაშინ დასავლეთი არ დაგვეხმარება. მსგავსი რაღაცეები შეუძლია რუსეთს – ყურში მოგვკიდოს ხელი და ჩექმით გაგვიხეთქოს ერთი ადგილი.

-ანუ რუსეთთან დიალოგის წინააღმდეგი ხართ?

-მე არ ვარ წინააღმდეგი საუბრის და დიალოგის, მაგრამ მე მონობის წინააღმდეგი ვარ, მონასა და პატრონს შორის  გამართული დიალოგის. რაციონალიზმი და თანამიმდევრულობა ეს არის გამოსავალი შექმნილი მდგომარეობიდან. თავის პოზიციაზე მყარად მდგარი, უშიშარი ხელისუფლება, რომელიც რისკზეც წავა, მაგრამ გონივრულ რისკზე და ამ ურთიერთობებში იქნება რაციონალური და თანმიმდევრული, მოაგვარებს ამ პრობლემებს. ეს უნარი არ გააჩნდა არც მიხეილ სააკაშვილს და არც დღევანდელ ხელისუფლებას. ამიტომ ორივე ხელს უწყობდნენ რუსეთის იმპერიას, რომ საქართველოში საბოლოოდ ჩამოყალიბებულიყო ერთი აზრი – “მიშა გიჟია, ესენი – უნიათოები და ჩვენ არაფერი  გვიშველება”. არ არსებობს პრობლემა, რომლის მოგვარებაც არ შეიძლება. ნორმალური ხელისუფლება, რომელიც იქნება თანმიმდევრული, მტკიცე, რაციონალური, მოაგვარებს რუსეთთან ურთიერთობებს, რა თქმა უნდა, დასავლეთის მხარდაჭერით. თუ საზოგადოება იმას ფიქრობს, რომ ჩვენს მაგივრად დასავლეთი გადაწყვეტს ჩვენს პრობლემებს, ჩვენ კი მხართეძოზე წამოვწვებით,  პრემიებს და დანამატებს მოვიმატებთ, კორუფციას გავაძლიერებთ , კრიმინალს ავაყვავებთ, რუსეთს წინააღმდეგობას არ გავუწევთ, სამუშაო ადგილებს არ შევქმნით , ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხს ნულამდე დავიყვანთ და ამ დროს დასავლეთი მოგვკიდებს ქეჩოში ხელს და გვეტყვის, წამოდით, ახლა, ბიჭებოო, არაფერი შეგეშალოთ! ასე არ მოხდება! შენ უნდა იყო მზად რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად. ბრძოლისთვის მზად მყოფ საქართველოს კი ყველა დაეხმარება!

– “მე ხანდახან ისეთი აზრიც კი მებადება, რომ აღარ ეშველება ქვეყანას” – პატრიარქის ამ განცხადებამ საზოგადოებაში და პოლიტიკურ სპექტრში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. თქვენი აზრით, რა მესიჯი გაავრცელა უწმინდესმა.
– ჩემი აზრით, საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა ცნობილი განცხადებით:  “მე ხანდახან ისეთი აზრიც კი მებადება, რომ აღარ ეშველება ქვეყანას. ეს ჰგავს დაგორებულ ლოდს, ქვას, აი, მთიდან რომ დაგორდება და ვეღარ გააჩერებ, აი, ამას ჰგავს დღევანდელი მდგომარეობა”  – პოლიტიკური განაჩენი გამოუტანა “ქართულ ოცნებას”. დიახ, ეს არის პატრიარქის მიერ გამოტანილი განაჩენი და ის როდის აღსრულდება ამას ვერ გეტყვით. ეს უწმინდესის პოლიტიკური განცხადება იყო. რაც შეეხება პატრიარქის ძალას  და მისი სიტყვის ძალას, ეს ყველას მოეხსნება! არაერთი ხელისუფლების მოსვლაში  და მერე მის გასტუმრებაში მიუძღვის ილია მეორეს ლომის წვლილი. სხვათაშორის, დღევანდელმა ხელისუფლებამ მოახერა ის, რაც ვერ მოახერხა მიხეილ სააკაშვილმა. დღევანდელმა ხელისუფლებამ შეურაცხყოფა მიაყენა იმ ინსტიტუტს, რომლის შეურაცხყოფა და დისკრედიტაცია ძალიან  უნდოდა სააკაშვილს, მაგრამ ვერ გაბედა. ” ციანიდის საქმით” შეურაცხყოფა მიაყენეს, პირველ რიგში, ქართულ მართლმადიდებლურ სამოციქულო ეკლესიას და მის საჭეთმყრობელს. საპატრიარქოში რომ არის პრობლემები ამას არავინ უარყოფს, მაგრამ ქართულ ეკლესიას ასე შეურაცხყო, ყოვლად გაუმართლებელია!
-შეისმენს  ან გაიგებს ხელისუფლება უწმინდესის განცხადების შინაარსს?
-კვირიკაშვილის ხელისუფლება- არა!
-ბიძინა ივანიშვილის?
-შესაძლოა, მაგრამ  ბიძინას ჯერ არ სცალია სხვა საქმითაა დაკავებული.(იცინის)

ბერდია კალანდია

banner
წინა სტატიაშიგრიგორი კარასინი – არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებაზე ასე სწრაფად დასკვნებს არ გავაკეთებდი
შემდეგი სტატიაარჩილ ტატუნაშვილის საქმეზე ვერაფერი მოვისმინეთ რუსეთის მხარისგან, სამაგიეროდ, წარმომადგენლებმა ცხინვალიდან წაიკითხეს დემაგოგია