არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე ვერაფერი მოვისმინეთ რუსეთის მხარისგან, სამაგიეროდ, წარმომადგენლებმა ცხინვალიდან წაიკითხეს დემაგოგია

არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე ვერაფერი მოვისმინეთ რუსეთის მხარისგან, სამაგიეროდ, წარმომადგენლებმა ცხინვალიდან წაიკითხეს დემაგოგია, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით დონდუამ განაცხადა.

„დასრულდა ჟენევის მოლაპარაკებების 43-ე რაუნდი. განვიხილეთ დღის წესრიგით გათვალისწინებული ყველა საკითხი ორივე სამუშაო ჯგუფში. ორივე სამუშაო ჯგუფში მთავარი თემა იყო არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა. ჩვენ და არა მარტო ჩვენ, მონაწილეებმაც, თანათავმჯდომარეებმაც აშშ-დან ძალიან მწვავედ დავაყენეთ ეს საკითხი. ყველამ აღვნიშნეთ, რომ ეს არ უნდა დარჩეს გამოუძიებელი, საქმე ბოლომდე უნდა იყოს მიყვანილი და სამართალი აღსრულებული, რაც არ მოხდა წინა შემთხვევებში, დავით ბაშარულისა და გიგა ოთხოზორიას შემთხვევებში, რამაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეთნიკური დისკრიმინაცია კიდევ უფრო წაახალისა“, – აღნიშნა დონდუამ.

მისი თქმით, აუცილებელია, ხელი არ შეეშალოს გამოძიებას და დადგინდეს მომხდარზე პასუხისმგებელი პირები​.

„იმისათვის, რომ ასეთი ფაქტები ერთხელ და სამუდამოდ აღიკვეთოს, აუცილებელია, ხელი არ შეეშალოს გამოძიებას, მივიდეს ბოლომდე და დადგინდეს ის პირები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან იმაზე, რაც მოხდა. ეს ყველაფერი, ჩვენი მიმართვა ძირითადად რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებისკენ იყო მიმართული, რადგან პოლიტიკური პასუხისმგებლობა მათ ეკისრებათ, ისინი ახორციელებენ ეფექტურ კონტროლს ოკუპირებულ ტერიტორიებზე“, – აღნიშნა დონდუამ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, რუსეთისგან საპასუხოდ ვერაფერი მოისმინეს, ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა კი დემაგოგიური განცხადება წაიკითხეს.

„პასუხად ვერაფერი მოვისმინეთ რუსეთის მხარისაგან. სამაგიეროდ, წარმომადგენლებმა ცხინვალიდან წაიკითხეს ის დემაგოგია, რასაც ამბობდნენ ადრე და რასაც არაფერი აქვს საერთო რეალობასთან. ფაქტობრივად, ამასთან დაკავშირებით ვერავინ მოგვცა რაიმე შინაარსიანი პასუხი. ჩვენ და დანარჩენი მონაწილეები ერთიანი ვიყავით ამ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა დავით დონდუამ.

მოლაპარაკებების 43-ე რაუნდი ჟენევაში 27-28 მარტს მიმდინარეობდა. საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა ხელმძღვანელობდა. ძალის გამოუყენებლობის შეთანხმების ტექსტის შემუშავების გარდა, დისკუსიების მთავარი თემა იყო არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტი.

banner
წინა სტატიაშირატომ შეწყვიტა კახა მიქაიამ კონტაქტი “ოცნების” თანამებრძოლებთან-ექსკლუზივი “თაიმერზე”
შემდეგი სტატიასირიაში რუსული კერძო სამხედრო კომპანიის პირველი ფოტო გამოქვეყნდა