რატომ ებრძვის სახალხო დამცველის აპარატი უნივერსიტეტებს?!

ვინ არის ავტორი და ვინ აწერს ხელს სკანდალურ რეკომენდაციას, რომელმაც შეძრა ორი უნივერსიტეტი და სრულიად სოციალური ქსელი?!
დეტალები: სახალხო დამცველის ოფიციალურ ვებგვერდზე 7 დეკემბერს გამოქვეყნდა ორი რეკომენდაცია, პირველი: „2017 წლის 7 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ზოგადი წინადადებით მიმართა ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, შეიმუშაოს რეგულაციები, რომელიც პედაგოგს ლექციის განმავლობაში დისკრიმინაციული გამონათქვამების გავრცელებას აუკრძალავს. სამოქალაქო პლატფორმა „არა ფობიას“ განცხადების თანახმად, უნივერსიტეტის პროფესორი ლექციის განმავლობაში იყენებდა ჰომოფობიური შინაარსის შემცველ სახელმძღვანელოს, ასევე, ავრცელებდა ჰომოფობიურ მოსაზრებებს. საქართველოში ლგბტ თემის თანასწორობის მდგომარება დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება, პროფესორის აუდიტორიას კი სტუდენტები წარმოადგენდნენ და თუ მისი განცხადებები დისკრიმინაციის წამახალისებელია, სახალხო დამცველი გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევას გამართლებულად მიიჩნევს“.
და მეორე: „2017 წლის 7 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა განსხვავებული მოსაზრების ნიშნით პირდაპირი დისკრიმინაციის დადგენის თაობაზე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს რეკომენდაციით მიმართა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის უფროს მასწავლებელს, რომლის კვალიფიკაციის საკითხიც სადავო არასოდეს გამხდარა, შრომითი ხელშეკრულება აღარ გაუგრძელეს. განმცხადებელი ამ ფაქტს 2016 წლის აპრილში უნივერსიტეტში დაწყებულ საპროტესტო გამოსვლებში მონაწილეობით ხსნის, სადაც იგი უნივერსიტეტში არსებული სწავლების დაბალი დონისა და რექტორის ხელმეორედ არჩევის ლეგიტიმაციის წინააღმდეგ გამოდიოდა. საქმის შესწავლის პროცესში მოპასუხე მხარემ ვერ წარმოადგინა რეალური გამამართლებელი საფუძველი, რომელიც განმცხადებლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე წარმოშობილ დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდს გააქარწყლებდა. სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხრიდან ადგილი ჰქონდა განსხვავებული მოსაზრების ნიშნით პირდაპირ დისკრიმინაციას და მოუწოდა, სამუშაოზე აღდგენის გზით აღმოფხვრას განმცხადებლის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის შედეგი, ხოლო მომავალში თავი შეიკავოს შრომით ურთიერთობაში განსხვავებული მოსაზრების ან/და სხვა ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობისაგან და საქმიანობა თანასწორობის პრინციპის დაცვით წარმართოს“.


მოკლედ, ორი უნივერსიტეტიდან ერთი ჰომოფობი, მეორე კი მჩაგვრელი პროფესორების „სამჭედლოა“.
ორივე რეკომენდაცია სახალხო დამცველის ოფიციალურ ვებგვერდზე 7 დეკემბერს გამოქვეყნდა, და რაკი 7 დეკემბერს უჩა ნანუაშვილს, როგორც სახალხო დამცველს, უფლებამოსილება შეუწყდა, 8 დეკემბერს ნინო ლომჯარია, როგორც სახალხო დამცველი, შეუდგა მოვალეობის შესრულებას, „მარტივი არითმეტიკული დაანგარიშებით“, გამოდის, რომ რეკომენდაციები უჩა ნანუაშვილის ბოლო „გაფართხალებაა“.
რას გვეკითხება გამოცანა? ომბუდსმენი, როგორც ასეთი, არის თუ არა ნებისმიერი ადამიანის, განურჩევლად მათი პოლიტიკური თუ არაპოლიტიკური შეხედულებებისა, დამცველი? თუ სახალხო დამცველი იცავს ლგბტ თემს, რატომ არ ითვალისწინებს იმ ადამიანების მოსაზრებას ამ თემის შესახებ? თუ ლგბტ თემი თავის ქმედებაში არის შეუზღუდავი, აქვს პროპაგანდის, აქციების მოწყობის და ა.შ. უფლება, რატომ არა აქვს პროფესორს უფლება, გამოხატოს უარყოფითი დამოკიდებულება, ლგბტ თემის, როგორც მოვლენის შესახებ? ყველაზე საოცარი ისაა, რომ სახალხო დამცველის ოფისმა ცოდნის ტაძრის პროფესორ-მასწავლებლები ისე დაადანაშაულა, არც კი მიმართა მათ და არ დაინტერესდა ამ ადამიანების მოსაზრებით.

მეორე რეკომენდაცია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს უკავშირდება. სახალხო დამცველმა დაადგინა: „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხრიდან ადგილი ჰქონდა განსხვავებული მოსაზრების ნიშნით პირდაპირ დისკრიმინაციას“, რადგან „პროცესში მოპასუხე მხარემ ვერ წარმოადგინა რეალური გამამართლებელი საფუძველი, რომელიც განმცხადებლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე წარმოშობილ დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდს გააქარწყლებდა“.
ჩვენი ინფორმაციით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წინააღმდეგ „გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს“ საფუძვლად დაედო მ. ს-იას განცხადება, რომელიც თავს მიიჩნევს განსხვავებული მოსაზრების ნიშნით დისკრიმინაციის მსხვერპლად.
„თაიმერმა“ კომენტარისთვის მიმართა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს. მათი განცხადებით, მ. ს-იას განცხადების შემოწმების პროცესში უნივერსიტეტის მიერ სახალხო დამცველის აპარატში გაიგზავნა წერილები თანდართული შესაბამისი მასალით, რითაც დასტურდება რომ მ. ს-იას მიმართ არ დარღვეულა კანონი, მეტიც, მის მიმართ დისკრიმინაციას არ ჰქონია ადგილი: მ. ს-იასთან
2016/2017 სასწავლო წელს შრომითი ხელშეკრულება არ დადებულა საშემსრულებლო დისციპლინის დარღვევის ფაქტების არსებობის გამო; უნივერსიტეტში მუშაობის უკანასკნელი სამი სასწავლო წლის განმავლობაში ანუ 2013/2014, 2014/2015 და 2015/2016 სასწავლო წლებში ჰქონდა საშემსრულებლო დისციპლინის დარღვევის ფაქტები. კერძოდ, უნივერსიტეტის მონიტორინგის დეპარტამენტის მონაცემებით, მას 2013/2014 სასწავლო წლის მეორე სემესტრში 188 საათიდან 11 საათი ანუ 6% არა აქვს ჩატარებული, 2014/2015 სასწავლო წლის მეორე სემესტრში 185 საათიდან 17 საათი ანუ 9% არა აქვს ჩატარებული, 2015/2016 სასწავლო წლის მეორე სემესტრში 344 საათიდან 51 საათი ანუ 14% არა აქვს ჩატარებული. გარდა ამისა, 2013/2014 სასწავლო წლის პირველ სემესტრში მას 45 საათიდან ჩანაცვლებული აქვს 15 საათი ანუ 33%. 2013 წელს მ. ს-იას უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის დეკანატის მიერ ელექტრონულ უწყისში შეფასებების არასწორად შეტანისათვის მიეცა სიტყვიერი გაფრთხილება, ხოლო 2014 წლის 29 აპრილს უნივერსიტეტის ლექცია-სემინარების მიმდინარეობის შემმოწმებელი კომისიის მიერ მას მიეცა გაფრთხილება გაცდენების გამო (კომისიის სხდომის ოქმი #3, 29.04.2014 წ.). ამასთან, უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის, თ. ჯიშკარიანის 2016 წლის 18 ოქტომბრის მოხსენებითი ბარათის (რეგ.#76-01-249) შესაბამისად, 2015/2016 სასწავლო წელს საკონტაქტო საათების გაცდენის გამო მ. ს-იას და სხვა პედაგოგთა მიმართ საკითხი შესასწავლად გადაეცა ფაკულტეტის ეთიკის კომისიას, თუმცა მ. ს-იას მიმართ საკითხის განხილვა ეთიკის კომისიაზე არ მომხდარა, რადგან მასთან შრომითი ხელშეკრულების ვადა დასრულდა;

ტექნიკური უნივერსიტეტი სტუდენტებს დაასაქმებს!
„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მასწავლებელთა პერსონალის სამსახურში მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2016 წლის 24 თებერვლის #1937 დადგენილების შესაბამისად, მასწავლებლის თანამდებობაზე პირის მოწვევის თაობაზე შესაბამისი ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებას ამ წესით გათვალისწინებულ სხვა დოკუმენტებთან ერთად თან უნდა ერთვოდეს ცნობა მონიტორინგის დეპარტამენტიდან დისციპლინის დარღვევის ფაქტების არარსებობის შესახებ. სწორედ ზემოაღნიშნული საშემსრულებლო დისციპლინის დარღვევის ფაქტების არსებობა გახდა მ. ს-სთან ხელშეკრულების ვადის დადებაზე უარის თქმის საფუძველი; „შრომისა და დასაქმების სფეროში დისკრიმინაციის შესახებ“ 1958 წლის კონვენციის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, რომლის თანახმად, „დისკრიმინაციად არ ჩაითვლება ნებისმიერი განსხვავება, დაუშვებლობა ან უპირატესობა განსაზღვრული სამუშაოს მიმართ, რომელიც სპეციფიკურ მოთხოვნებს ემყარება“ და „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-8 პუნქტი, რომლის თანახმად, „დისკრიმინაციად არ მიიჩნევა ნებისმიერი განსხვავება, დაუშვებლობა და უპირატესობა განსაზღვრულ სამუშაოსთან, საქმიანობასთან ან სფეროსთან დაკავშირებით, რომელიც სპეციფიკურ მოთხოვნებს ემყარება“. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, უნივერსიტეტი ვერ დაეთანხმება რეკომენდაციაში მითითებულ დასკვნას, რომ მ. ს-იას მიმართ ადგილი ჰქონდა განსხვავებული მოსაზრების ნიშნით პირდაპირ დისკრიმინაციას და ვერ გაიზიარებს რეკომენდაციის მოთხოვნას მ. ს-სთან შრომითი ხელშეკრულების დადების თაობაზე“.
ეპილოგი: და მაინც, ვინ დაწერა ორი ასეთი „ობიექტური“ რეკომენდაცია და რას ისახავს მიზნად უნივერსიტეტების წინააღმდეგ გალაშქრება?! აი კითხვა, რომლის პასუხი ვიცით და არც ვიცით…

 

www.timer.ge

banner
წინა სტატიაშირუსთაველის გამზირზე დაჭრილი მოზარდის ოპერაცია დასრულდა
შემდეგი სტატიამოსკოვმა და სოხუმმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას “განათლებისა და კვალიფიკაციის ურთიერთცნობის შესახებ”