რას ყვებიან “რუსთავი 2”-ი ჟურნალისტები?- პროკურატურამ დავით ქაშიაშვილი და ნათია ტრაპაიძე დაკითხეს

რამდენიმე წუთის წინ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საგანგებო განცხადება გაავრცელა

29507_video davit_kashiashvili_zhurnalisti_32695

დღეს პროკურატურაში ორ სხვადასხვა საქმეზე რუსთავი 2-ის ორი ჟურნალისტი დღეს დაკითხვაზე დაიბარეს. დავით ქაშიაშვილისგან გამომძიებელს სურდა მიეღო ინფორმაცია გუშინ კურიერის მთავარ გამოშვებაში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით, რომელიც ქალთა კოლონიის ყოფილი თანამშრომლის სკანდალურ ინტერვიუს ეხებოდა თუმცა, ჟურნალისტმა გამომძიებლის კითხვებს პასუხი არ გასცა და ჩვენების მიცემაზე უარი თქვა.

“გამოძიება დაინტერესებულია კურიერში გასული რეპორტაჟით, სადაც ციხის ყოფილი თანამშრომელი საუბრობს ე.წ. ჯართის საქმეზე და საქართველოს პარლამენტის დეპუტატების ციხეში ვიზიტების შესახებ,”- განაცხადა პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ დავით ქაშიაშვილმა.

ქაშიაშვილის ინტერესების დამცველი და რუსთავი 2-ის იურისტი დიმიტრი საძაგლიშვილი კი ამბობს, რომ ჟურნალისტს ჰქონდა უფლება არ მიეცა ჩვენება, რაც დავით ქაშიაშვილმა გამოიყენა.

“დავით ქაშიაშვილმა ისარგებლა სისხლის სამსართლის საპროცესო კოდექსით მისთვის მინიჭებული უფლებით და უარი თქვა ჩვენების მიცემაზე, იმიტომ რომ ეს ინფორმაცია მისთვის ცნობილი გახდა ჟურნალისტური მოვალეობების შესრულებისას,”- განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

დღესვე დაკითხვაზე დაიბარეს კურიერის კიდევ ერთი ჟურნალისტი ნათია ტრაპაიძე. ჟურნალისტისგან გამომძიებლებს აინტერესებდათ რა ინფორმაციას ფლობდა ის ფირცხალავა-ცააძის ოჯახის წევრების მიერ გაკეთებული განცხადებების შესახებ, რომელიც მოსამართლის შესაძლო კორუფციაში მონაწილეობას ეხებოდა.

კურიერის ჟურნალისტი საგამოძიებო ორგანოში მივიდა, თუმცა გამომძიებლის შეკითხვებს არ უპასუხა და არც ჩვენება მისცა. ნათია ტრაპაიძემ ამ შემთხვევაში კანონით მინიჭებული უფლებით ისარგებლა.

“მე ვიყავი მოწმის სტატუსით დაბარებული. საქმე ეხებოდა ერთ-ერთი მოსამართლის შესაძლო კორუფციაში მონაწილეობას, რომლის შესახებაც მსჯავრდებულებმა ისაუბრეს. ცააძისა და ფირცხალავას ოჯახის წევრები გამოთქვამდნენ ეჭვს, რომ მან გამამტყუნებელი განაჩენისთვის აიღო ფული. ჩვენება არ მივეცი, გამოვიყენე კანონით მონიჭებული უფლება და დავაფიქსირე, რომ ჩვენ არ ვიძლევით ჩვენებას,”- განაცხადა ნათია ტრაპაიძემ.

ჟურნალისტ ნათია ტრაპაიძის ინტერესებსაც რუსთავი2-ის იურისტი დიმიტრი საძაგლიშვილი იცავს.

შეგახსენებთ, რომ ნათია ტრაპაიძემ ფირცხალავა-ცააძის ოჯახის წევრების განცხადებები პრესკონფერენციაზე სხვა ჟურნალისტებთან ერთად მოისმინა, თუმცა საგამოძიებო ორგანოში ამ დროისთვის მხოლოდ ნათია ტრაპაიძე დაიბარეს.

 

banner
წინა სტატიაშიჟოზე მაურინიო “ჩელსიდან” გაუშვეს
შემდეგი სტატიაისლამურმა სახელმწიფომ ლიბიაში ქიმიური იარაღი ჩაიგდო ხელში