რაქვიაშვილი – აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული კანონის მიღების შემდეგ მოთამაშეების დიდი ნაწილი კრიმინალი გახდება

აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული კანონის მიღების შემდეგ მოთამაშეების დიდი ნაწილი კრიმინალი გახდება – კანონს უფრო მეტი მსხვერპლი მოჰყვება, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან „გირჩის” დეპუტატმა სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, კანონის მიღების შემდეგ მოთამაშეები არალეგალურად ითამაშებენ, სადაც მათი უფლებები დაუცველი იქნება.

„ეს კანონი გამართლებულია იმით, რომ ადამიანებს ვითომ შეუზღუდავს წვდომას ონლაინ თამაშებზე, რაც ტყუილია. ეს შეუძლებელია. მთავარი პრობლემაა ის, რომ ამ კანონის მიღების შემდეგ მოთამაშეების დიდი ნაწილი კრიმინალები გახდებიან. ისინი ნაკლებს კი არ ითამაშებენ, ითამაშებენ არალეგალურად, მათი უფლებები ნაკლებად იქნება დაცული, ხოლო ადამიანები ვინც ამ ბიზნესშია დასაქმებული ლეგალურად, დაკარგავენ სამსახურს. ეს იქნება მთავარი შედეგი. საბოლოო ჯამში ამ კანონს უფრო მეტი მსხვერპლი მოჰყვება. ამ ადამიანების დახმარების შანსიც დაიკარგება, როცა ეს სფერო იქნება ფარული და არალეგალური. არ ვიცი რას უკავშირდება საპატრიარქოს წარმომადგენლების აქ ყოფნა, ეჭვი მაქვს ისინი უჭერენ მხარს ამ კანონპროექტს, მაგრამ თუ ისინი დაინახავენ, რომ საბოლოო ჯამში ეს მეტ მსხვერპლს გამოიწვევს, შეიძლება შეცვალონ პოზიცია და თუ ეკლესია შეცვლის პოზიციას, შეიძლება სულ სხვა რეალობა დადგეს,”- განაცხადა რაქვიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკმა BARTA-ს წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდო მიიღო
შემდეგი სტატიაბათუმის მერიაში ხმაური იყო