ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის საქართველოს გაწვდილი ხელი აფხაზეთისა და ცხინვალის ახალგაზრდებისთვის

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის საქართველოს გაწვდილი ხელი აფხაზეთისა და ცხინვალის ახალგაზრდებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ამ უნივერსიტეტის გახსნით აფხაზეთსა და ცხინვალში მცხოვრებ ახალგაზრდებს ეძლევათ შესაძლებლობა, საკუთარი მომავალი შექმნან და თავი თანამედროვე სამყაროს მოქალაქეებად იგრძნონ.

„დღეს ქუთაისს ქვეყანაში, რეგიონსა და მსოფლიოში ახალი მისია ევალება. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის საქართველოს გაწვდილი ხელი აფხაზეთის და ცხინვალის ახალგაზრდებისთვის. მათ აქ ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, შექმნან საკუთარი მომავალი, იგრძნონ თავი თანამედროვე სამყაროს თავისუფალ მოქალაქედ. მე მჯერა ასევე, რომ ამ რეგიონში ეს უნივერსიტეტი იქნება ადგილი, სადაც აზერბაიჯანელი და სომეხი სტუდენტები ერთად ისწავლიან და ამ ორ, ჩვენთვის ძვირფას ერს შორის დიდი შერიგების საწინდარი იქნება, რამეთუ კეთილმეზობლობა არის ჩვენი ქვეყნების, კავკასიის რეგიონის ერების ბედისწერა და ამას წინ ვერაფერი და ვერავინ დაუდგება.

ქუთაისი, სწორედ თავისი საზოგადოებით, წარსულით, ქალაქური კულტურით, გახსნილობით, სითბოთი და განუმეორებელი იუმორით იქნება ადგილი, სადაც დაიწყება ახალი, მშვიდობიანი კავკასიის ისტორია. დღეს აქ იბადება მშვიდობიანი, განათლებული და კულტურული საქართველო და კავკასია, რომელსაც შესწევს უნარი, გლობალურ მსოფლიოში საკუთარი ადგილი დაიმკვიდროს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიკახა მიქაია პრემიერს მიმართავს
შემდეგი სტატიაშსს მედიას მოუწოდებს, პირდაპირ ეთერის რეჟიმში არ გადასცენ საპოლიციო ღონისძიების და სპეცდანიშნულების თანამშრომელთა მიერ წარმართული ოპერაციის ამსახველი კადრები