ქეთევან ციხელაშვილი ზალკალიანი-ლავროვის შეხვედრაზე – გადაიდგა ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომლის შედეგებსაც უნდა დაველოდოთ

რა თქმა უნდა, ეს იყოს სწორი ნაბიჯი და მომავალშიც გადავდგამთ ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ინტერესებში იქნება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანისა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შეხვედრის კომენტირებისას განუცხადა.

კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა, რომ მომავალში საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორისაც გაიმართოს შეხვედრა, ციხელაშვილი აცხადებს, რომ ამაზე ახლა ვერაფერს იტყვის და ამ ეტაპზე უკვე გადაიდგა ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომლის შედეგებსაც უნდა დაველოდოთ.

მისივე თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი ბოლო ორი თვის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებზე გაკეთდა, რაც ოკუპაციის საკითხს უკავშირდება.

„შვეიცარია დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში თქვენ იცით, რომ სწორედ მედიატორის როლს ასრულებს და სწორედ შვეიცარიის ინიციატივით მოხდა ეს შეხვედრა. ქართულმა მხარემ განიხილა პარტნიორებთან და დათანხმდა. ვფიქრობ, გადაიდგა ძალიან სწორი ნაბიჯი. საერთოდ ჩვენ განვაცხადეთ, რომ ყველა ნაბიჯი უნდა გადავდგათ და გადავდგამთ, რომელიც ემსახურება საქართველოს ინტერესებს, იმისთვის, რომ კონფლიქტი მოგვარდეს მშვიდობიანად და ომის გარეშე. ყველა ნაბიჯი რა თქმა უნდა, არის მისაღები.

ამ შემთხვევაში ორი რამ გამოიკვეთა: პირველი ის, რომ საუბარი იმ ფორმატებში და თუნდაც ასე, გაეროში, მისაღებია. ჩვენ არსად გავურბივართ და მზად ვართ ყოველგვარი დიალოგისთვის. ჩვენ ამასვე ვაკეთებთ ჟენევაში, რომ მოგვარდეს პრობლემები. მეორე ის, რომ ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ, ვიცით, რა საკითხებზე და რისთვის ვსაუბრობთ. სწორედ ეს საკითხები იყო ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ განხილული რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, მითუმეტეს იმ ფონზე, რომ ძალიან ცხელი ზაფხული იყო, მიმდინარე პერიოდშიც გრძელდება ძალიან მძიმე შეზღუდვები, მათ შორის განსაკუთრებით მტკივნეულია ჰუმანიტარული პრობლემები, რომელიც გადაკეტილი გადასასვლელებისა თუ სხვა ინციდენტის დროსაა. ჩვენ გულხელდაკრეფილი ვერ და არ ვიქნებით, გადავდგამთ ყველა ნაბიჯს, რომელიც ცოტათი მაინც დაგვაახლოვებს ამოცანებთან და მიზანთან, რომელიც კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას უკავშირდება. მოლოდინი რომ ამ ერთი შეხვედრით შეიძლება მოვაგვაროთ პრობლემები, რა თქმა უნდა, არარეალისტურია, მაგრამ ვფიქრობ, კარგი იყო ამ შესაძლებლობის გამოყენება, რაც ჩვენი პარტნიორების მხრიდანაც შესაბამისად იქნა აღქმული,“ – განაცხადა ციხელაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში შვეიცარიის კონფედერაციის ინიციატივითა და ორგანიზებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შეხვედრა გაიმართა.

banner
წინა სტატიაშიუნდა დასრულდეს ქალებზე ძალადობა არ იგულისხმება მარტო შანტაჟი – ხაზარაძე
შემდეგი სტატიაგია ვოლსკი : ზალკალიანისა და ლავროვის შეხვედრასთან დაკავშირებით პარტნიორი ქვეყნებს წარმომადგენლებთან მაღალ დონეზე გვქონდა კონსულტაცია