ქეთევან ციხელაშვილი: სამშვიდობო პოლიტიკა გაგრძელდება

ჩვენ გავაგრძელებთ პრაგმატულ პოლიტიკას, რომელიც ხშირად არ არის ხმამაღალ რიტორიკაზე მიმართული, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ახლად დანიშნულმა სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა. მან კვირიკაშვილს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სამშვიდობო პოლიტიკა გაგრძელდება.

”მშვიდობა არის აუცილებელი წინაპირობა ქვეყნის პრობლემების მოგვარების და ქვეყნის გაერთიანების. ჩვენ გავაგრძელებთ პრაგმატულ პოლიტიკას, რომელიც ხშირად არ არის ხმამაღალ რიტორიკაზე მიმართული, არამედ საქმეზე. თან არის ძალიან პრინციპული. ამ პოლიტიკის მეშვეობით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში შევძელით შეგვენარჩუნებინა მშვიდობა ძალიან რთულ გარემოში, შევძელით შეგვენარჩუნებინა არაღიარების პოლიტიკა. ჩვენ გავაგრძელებთ ერთის მხრივ დეოკუპაციის პოლიტიკას რუსეთთან მიმართებაში, ხოლო მეორეს მხრივ დიალოგის პოლიტიკას აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებთან მიმართებაში, რომელიც ნდობის მშენებლობაზეა ორიენტირებული”, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

მისივე თქმით, მთავრობის მიზანია, ერთიანი საქართველო და ეს პირველ რიგში ხალხის გაერთიანებას გულისხმობს. ”ჩვენი სამინისტრო ფუნქციონირებს მეორე მნიშვნელოვანი მიმართულებით – სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის. ჩვენ 2015 წელს მივიღეთ ახალი სტრატეგია, სადაც ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი სიახლე გვაქვს დაგეგმილი. 2020 წლამდე ძალიან ბევრ ნაბიჯს გადავდგამთ იმისთვის, რომ ჩვენი მრავალფეროვნება რეალურად იქცეს ჩვენს სიმდიდრედ, განვითარების უნიკალურ წყაროდ და გზავნილი ჩვენი თანამოქალაქეებისთვის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში”, – აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.

კვირიკაშვილმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტზე ქეთევან ციხელაშვილი, ხოლო თავდაცვის მინისტრის პოსტზე ლევან იზორია წარადგინა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: დარწმუნებული ვარ, ლევან იზორია და ქეთი ციხელაშვილი გამორჩეული მინისტრები იქნებიან
შემდეგი სტატია“სუსი თავდაცვაში” – ხიდაშელი იზორიას დანიშვნაზე