ქეთევან ციხელაშვილი: კორონავირუსის შესახებ ნახევარ მილიონზე მეტი მასალა დარიგდა იმ რეგიონებში, სადაც სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის მოქალაქეები ცხოვრობენ

საიტი stopcov.ge მოქმედებს სხვადასხვა ენებზე, მათ შორის აფხაზურად, ოსურად, სომხურად და აზერბაიჯანულად. ცოცხალ რეჟიმში ნებისმიერ ჩვენს მოქალაქეს, მათ შორის ეთიკური უმცირესობების წარმომადგენლებს შეუძლიათ, მათთვის გასაგებ, მშობლიურ ენაზე ინფორმაციის მოძიება- ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა.

ქეთევან ციხელაშვილის თქმით, მარტის დასაწყისიდან ნახევარ მილიონზე მეტი ბეჭდური მასალა კარდაკარ არის დარიგებული იმ რეგიონებში, სადაც კომპაქტურად ცხოვრობენ სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის ჩვენი თანამოქალაქეები.

„ბუნებრივია, ჩვენი სამინისტრო საკუთარ ვებგვერდზეც ათავსებს ამ მასალებს ცოცხალ რეჟიმში, დღეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, კერძოდ გუბერნატორებს პრემიერმა სთხოვა და მოუწოდა, გააორმაგონ შრომა იმისთვის რომ საინფორმაციო კამპანია კიდევ უფრო ინტენსიური გახდეს, ჩვენი მოქალაქეები უფრო კარგად იყვნენ ინფორმირებული მიმდინარე პროცესებზე, მიიღონ ყველა სარგებელი“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა თითოეულის მხრიდან, ყველა წესისა და რეკომენდაციის დაცვა, რომელიც მოქმედებს საგანგებო ვითარებაში, კონკრეტულ რაიონებსა თუ დასახლებებში და თანამშრომლობა თუ პატივისცემა ადამიანებისა, ინსტიტუტების მიმართ, რომლებიც აღასრულებენ წესებსა და რეკომენდაციებს.

„ასეთები არიან ექიმები, პოლიციელები, სხვა სამართალდამცავები, სამხედროები და ა.შ. მინდა, თითოეულ ჩვენ მოქალაქეს ვთხოვო, გამოვიჩინოთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშილევან რატიანი : მედპერსონალის მდგომარეობა არის სტაბილური, გართულებების გარეშე
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე : პარლამენტმა დაუყოვნებლივ, ჩვეულ რეჟიმში დაიწყოს საქმიანობა