ქეთევან ციხელაშვილი : ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლების შეფერხება თუ დაკავება არის პროვოკაციული მოქმედება

ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლების შეფერხება თუ დაკავება რამე ფორმით, პროვოკაციული მოქმედებაა, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის მიერ ევროკავშირის მონიტორინგის მისიის დამკვირვებლების დაკავებასთან დაკავშირებით.

როგორც სახელმწიფო მინისტრმა განმარტა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას მანდატით აქვს გათვალისწინებული საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მოქმედება.

„მინდა, ცალსახა შეფასება მივცე ამ ფაქტს. როდესაც ხდება ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლების შეფერხება თუ დაკავება რამე ფორმით, ეს არის ძალიან პროვოკაციული მოქმედება. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია 2008 წლის ოქტომბრიდან არის განთავსებული და მას მანდატით აქვს გათვალისწინებული საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მოქმედება. ამიტომ მათი შეკავება, მათთვის მუშაობაში ხელის შეშლა და მით უმეტეს, ამაზე გარკვეული განცხადებების გაკეთება ცალსახად პროვოკაციულია“, – განაცხადა ციხელაშვილმა.

მისი თქმით, სხვა საკითხებთან ერთად, აღნიშნული საკითხი დღეს ერგნეთის ტექნიკურ შეხვედრაზე დაისმება.

ამასთან, როგორც ციხელაშვილმა აღნიშნა, სოფელ ჩორჩანასთან შექმნილი მდგომარეობის გარდა, ბოლო პერიოდში ერთ-ერთი გამოწვევაა განცხადებები, რომელიც საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან კეთდება, ასევე გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა.

„ახალგორის მიმართულებით მოძრაობის შეზღუდვა უამრავი ადამიანისთვის, ახალგორელებისთვის, მაგრამ არამხოლოდ, ხაზგასმით ვამბობ, რომ ცხინვალის რეგიონში არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გამოწვევა და მათი უფლებების ძალიან უხეში დარღვევა. ამიტომ, როგორც ქართული მხარისთვის, ისე ჩვენი პარტნიორებისათვის ამ საკითხის მოგვარება, ანუ გადასასვლელის უპირობოდ გახსნა არის ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელიც ასევე დღევანდელ შეხვედრაზე განიხილება“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

ევროკავშირის მონიტორინგის მისიის პატრული ჩორჩანა-წნელისის ტერიტორიაზე პატრულირებისას, დე ფაქტო რეჟიმის უსაფრთხოების შეიარაღებულმა წარმომადგენლებმა დააკავეს.

ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ევროკავშირის მონიტორინგის მისიამ, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის შეუიარაღებელი დამკვირვებლები ე.წ. სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების წარმომადგენლებმა დააკავეს. „24 ოქტომბრის, შუა დღეს, ევროკავშირის მონიტორინგის მისიის პატრული ჩორჩანა-წნელისის ტერიტორიაზე პატრულირებისას სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების შეიარაღებულმა წარმომადგენლებმა მცირე ხნით დააკავეს. ამ მოვლენების შემდეგ მალევე ცხინვალისგან ცხელი ხაზი გააქტიურდა. მისია ამ დროისთვის ჯერ კიდევ სწავლობს ინციდენტის დეტალებს, რომელიც განვითარდა ტერიტორიაზე, რომელიც მიიჩნევა თბილისის მიერ ადმინისტრირებად ტერიტორიად, ადმინისტრაციული საზღვრის ტრადიციული ინტერპრეტაციის შესაბამისად“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, აღნიშნული საკითხი ერგენთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში დაგეგმილ მორიგ შეხვედრაზე განიხილება.

banner
წინა სტატიაშიქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მთავრობამ აუცილებლად უნდა გააღრმავოს აშშ-სთან სამხედრო პარტნიორობა – კახიძე
შემდეგი სტატიაISUZU-ს 8-მეტრიანი ავტობუსები ახალ მარშრუტებზე გავიდა