ქართველი დიპლომატები, ყველა გამოწვევისა და საფრთხის მიუხედავად, განაგრძობენ თავიანთ მოვალეობების შესრულებას და უკრაინის მიმართ საქართველოს სრულ სოლიდარობას და მხარდაჭერას გამოხატავენ – კასიანოვი

ამ ყველაზე კრიტიკულ დროს, უკრაინაში რუსეთის ბარბაროსული ქმედებების ფონზე, მიუხედავად ყველა გამოწვევისა და საფრთხისა, ქართველი დიპლომატები ასრულებენ თავიანთ მოვალეობებს უკრაინაში და ამგვარად, გამოხატავენ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ საქართველოს სრულ სოლიდარობასა და მხარდაჭერას, – ამის შესახებ უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ანდრეი კასიანოვმა დღეს გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა, რომლის დროსაც საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, უკრაინაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების თანამშრომლები ღირსების მედლით დააჯილდოვა.

„მოხარული ვარ იმით, რომ მეძლევა შესაძლებლობა მონაწილეობა მივიღო ქართველი დიპლომატების დაჯილდოების ცერემონიაში, რომლებმაც, რუსეთის ბარბაროსული ქმედებების შედეგად გამოწვეული ყველა გამოწვევისა და საფრთხისა მიუხედავად, განაგრძეს უკრაინაში თავიანთი მოვალეობების შესრულება.

2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს ევროპული ქვეყნების ხუთი ლიდერი ჩამოვიდა აქ რათა გამოეხატა ძლიერი მხარდაჭერა და სოლიდარობა საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ რუსული აგრესიის ფონზე. იმ ლიდერებს შორის იყო უკრაინის პრეზიდენტი, რომელმაც გარკვევით განაცხადა, რომ უკრაინა ყოველთვის მხარს დაუჭერს საქართველოს ბრძოლას თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის. და დღეს, ამ ყველაზე კრიტიკულ დროს, უკრაინაში რუსეთის ბარბაროსული ქმედებების პერიოდში, ყველა გამოწვევისა და საფრთხის მიუხედავად, ქართველი დიპლომატები ასრულებენ თავიანთ მოვალეობებს უკრაინაში და ამგვარად, გამოხატავენ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ საქართველოს სრულ სოლიდარობას და მხარდაჭერას.

ბოლოს, ნება მიბოძეთ გამოვხატო იმედი, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობა და ურთიერთობები კიდევ უფრო გაძლიერდება ქართველი და უკრაინელი ხალხის სასარგებლოდ.

კიდევ ერთხელ, მადლობას ვუხდი ყველა დიპლომატს, ელჩ ზაქარაშვილის ხელმძღვანელობით, უკრაინის მიმართ ძლიერი მხარდაჭერისა და სოლიდარობის გამო ამ ძალიან რთულ და კრიტიკულ დროს,“- აღნიშნა უკრაინელმა დიპლომატმა.

banner
წინა სტატიაშიპრემიერი ოპოზიციაზე – გვთხოვდნენ, ჩარტერული რეისებით გაგვეშვა მოხალისეები, ეს ნიშნავდა ჩვენი ქვეყნის პირდაპირ ჩართულობას საომარ მოქმედებაში და ამას აკეთებდნენ ადამიანები, რომლებმაც ძალიან კარგად იციან, რომ ჩვენი ქვეყანა ჯერ კიდევ ოკუპირებულია, ეს არის მავნებლობა, მეგობრებო, ეს არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების მტრობა
შემდეგი სტატიარაც ვერ გაიგო ევროპამ და რაზეც პასუხი არ აქვს, ეს არის მთავარი შეკითხვა – ჩვენს ევროპულ მომავალს უჭერს თუ არა მხარს ივანიშვილი – სამადაშვილი