„ქართული ოცნება“ ანტიდასავლურ რიტორიკას არ აწარმოებს, ჩვენს პარტნიორ ქვეყანასთან ყველა გაუგებრობას გავარკვევთ და ისე აღმოვფხვრავთ, როგორც პარტნიორებს შეეფერებათ – სამხარაძე

ვიდრე ხელისუფლებაში „ქართული ოცნებაა“, საქართველოს არ გადაუხვევია და არ გადაუხვევს ევროპული ინტეგრაციის გზიდან, რადგან ეს არის კონსტიტუციური ამოცანა, რომელიც ჩვენს თავს დავუსახეთ საზოგადოებასთან ერთად, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს კურსი არ გადაიხედება.

როგორც სამხარაძე ამბობს, ხელისუფლებას შეერთებულ შტატებთან მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები აქვს.

„ეს კურსი არანაირად არ გადაიხედება. „ქართული ოცნება“ არანაირ ანტიდასავლურ რიტორიკას არ აწარმოებს, ეს არის დიდი ტყუილი. ჩვენ ამერიკის შეერთებულ შტატებთან მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები გვაქვს, შესაბამისად, ჩვენს პარტნიორ ქვეყანასთან ყველა გაუგებრობას გავარკვევთ და ისე აღმოვფხვრავთ, როგორც ეს პარტნიორებს შეეფერებათ. თუ რაიმე გაუგებრობა არსებობს, საჭიროა ნათელი პასუხების გაცემა და ეს შეიძლება, მოხდეს შეხვედრაზე უშუალო ჩართული პირების მიერ და ეს საკითხი დაიხურება. ჩვენ შორის ურთიერთობები იმდენად მაღალ ნიშნულზეა და იმდენად მეგობრულია, რომ ეს პატარა გაუგებრობები თავისუფლად იქნება აღმოფხვრილი. ვინაიდან, კელი დეგნანის მიმართ რამდენიმე კითხვა იყო დასმული, რა თქმა უნდა, საკუთარი ელჩის მხარდაჭერა ჩვეულებრივი ამბავია და აქაც ვერ ვხედავ ისეთს, რამაც შეიძლება, ეს ურთიერთობები მცირედით მაინც დააზიანოს“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

banner
წინა სტატიაშირუსეთმა მშვიდობიან უკრაინულ მიწაზე როცა ომი დაიწყო, ჩვენც გვქონდა მოლოდინი, რომ საქართველო უკრაინას უფრო ეფექტურ მხარდაჭერას გაუწევდა, სამწუხაროდ, ეს არ მომხდარა – კასიანოვი
შემდეგი სტატიაგანცხადებები, რაც ჩემზე კეთდება, მომართულია არა ჩემსკენ პერსონალურად, არამედ ამერიკელი ხალხისკენ და ამერიკის პრეზიდენტისკენ – დეგნანი