ქართული მხარე აზერბაიჯანულ კომპანიას სასამართლოში უჩივის – „თაიმერს“ საგარეო უწყება ეხმაურება

„თაიმერის“ მიერ ექსკლუზიურად გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც აზერბაიჯანში, კერძოდ, იმიშლის რაიონში ქართული გადამზიდავი კომპანიის 19 მძღოლი ერთი თვეა, უკიდურესად მძიმე პირობებში იმყოფება და მათ უფლებებს არც აზერბაიჯანული მხარე იცავს და არც – ჩვენი საელჩო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება.

როგორც სამინისტროში „თაიმერს“ განუცხადეს, აღნიშნულ საკითზე აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურში ოფიციალური შეტყობინება მიმდინარე წლის 1 მაისს შევიდა.

„საელჩოს საკონსულო სამსახურმა, ოპერატიულ რეჟიმში საკითხის შესწავლის შემდეგ, რეაგირების მიზნით, შესაბამისი ნოტით მიმართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს. როგორც წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, საქმე ეხება აზერბაიჯანისა და საქართველოს ორ კერძო კომპანიას შორის სადაო საკითხს.

საელჩოს საკონსულო სამსახური, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს აქტიურ კომუნიკაციას აზერბაიჯანის შესაბამის უწყებებთან. ასევე აღნიშნული კერძო კომპანიების წარმომადგენლებსა და მძღოლებთან.

გარდა ამისა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის იმიშლის რაიონში მივლინებულნი არიან საელჩოს თანამშრომლები, რათა ადგილზე შეხვდნენ ქართველ გადამზიდავებს და გაეცნონ არსებულ ვითარებას. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ამჟამად, ქართულ მხარეს შეტანილი აქვს სარჩელი აზერბაიჯანული კომპანიის წინააღმდეგ საქართველოსა და აზერბაიჯანის სასამართლოებში.

საელჩო თვალ-ყურს მიადევნებს აზერბაიჯანის სასამართლოში მიმდინარე სადაო პროცესს, აგრეთვე თავისი კომპეტენციის ფარგლებში, განახორციელებს შესაბამის ქმედებებს ქართველი გადამზიდავების ინტერესების დაცვის მიზნით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში.

საელჩოსა და აზერბაიჯანის შესაბამის სახელმწიფო უწყებებს შორის განხორციელებული კონსულტაციებისას გაირკვა, რომ ქართველ გადამზიდავებს შეეძლოთ და დღესაც შეუძლიათ უპრობლემოდ დატოვონ აზერბაიჯანის ტერიტორია და დაბრუნდნენ საქართველოში,“ – აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში

ექსკლუზივი: აზერბაიჯანში ქართველებს პრობლემები აქვთ! სად არის ელჩი? (video)

banner
წინა სტატიაშიპოლიციამ გარდაბანში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო
შემდეგი სტატიაშსს რეგიონებში სიჩქარის მზომი„ჭკვიანი“ კამერების მონტაჟს აგრძელებს