ქართულ-ამერიკული სწავლებისთვის საჭირო ტექნიკა უკვე საქართველოშია

ქართულ-ამერიკულ სწავლება “Noble Partner 2016”-ში მონაწილეობის მისაღებად გამოგზავნილი ამერიკული მძიმე ტექნიკა საქართველოშია.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, M1A2 ტიპის ტანკები “აბრამსები” და ქვეითთა საბრძოლო მანქანები “ბრედლები” ფოთის პორტში უკვე ჩამოიტვირთა და ეშელონებით ვაზიანის მიმართულებით დაიძრა.

აშშ-ის არმიის ეროვნული გვარდიის ტანკები და ქვეითი საბრძოლო მანქანები ბულგარეთში, ვარნას პორტში ბორანზე დაიტვირთა და შავი ზღვით საქართველოსკენ 2 მაისს წამოვიდა.

ქართულ-ამერიკული სწავლება “ღირსეული პარტნიორი” საქართველოში მეორედ ტარდება და ქართული ასეულის ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალებში (NRF) მონაწილეობისთვის მზადყოფნის ამაღლებას ისახავს მიზნად. სწავლების სცენარი კი სტაბილურობის, შეტევა/თავდაცვის ოპერაციებს ემყარება.

უწყების ცნობით, წელს “ღირსეული პარტნიორი” ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე მეორედ გაიმართება და მასში 1300 სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას. სწავლებაში 650 აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის, 500 ქართველი და 150 ბრიტანელი სამხედრო ჩაერთვება. პირველად საქართველოს შეიარაღებული ძალების ისტორიაში სწავლებაში M1A2 ტიპის ამერიკულ ტანკებს “აბრამსებს” გამოიყენებენ.

წვრთნაში ასევე ჩართული იქნება C-130 ტიპის ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი და სხვა აღჭურვილობა.

ქართულ-ამერიკული სწავლება ოფიციალურად 11 მაისს გაიხსნება და 26 მაისამდე გაგრძელდება.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ვაშაძემ შესაძლოა, „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვოს
შემდეგი სტატიაგიორგი ვაშაძემ დაადასტურა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა