ქადაგიშვილი – ოკუპაციას ყოველთვის თან ახლავს სამწუხარო, ტრაგიკული შემთხვევები – ხელისუფლება მოქმედებს ისე, რომ პროვოკაციის ადგილი არ დაუტოვოს აგრესორს

ოკუპაციას ყოველთვის თან ახლავს ასეთი სამწუხარო, ტრაგიკული შემთხვევები – ხელისუფლება მოქმედებს ისე, რომ პროვოკაციის ადგილი არ დაუტოვოს აგრესორს, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილის თქმით, ხელისუფლებისკენ ხელის გაშვერა, მით უმეტეს, იმ პოლიტიკური ძალისგან, “რომლის უპასუხისმგებლო პოლიტიკამ შესაძლებელი გახადა ფართომასშტაბიანი აგრესიის განხორციელება”, “უტიფრობა” და “უზნეობაა”.

“კონკრეტული ადამიანის მკვლელობა ტრაგედიაა და ვუსამძიმრებ მის ოჯახს, საქართველოს. ეს გამოწვეულია ოკუპაციიდან, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს ორ ტერიტორიაზე ხორციელდება. ოკუპაციას ყოველთვის თან ახლავს ასეთი სამწუხარო, ტრაგიკული შემთხვევები. ჩვენ ვითხოვთ, რომ გამოძიებული იქნას და გადმოცემული იქნას დამნაშავე ვინც ეს ჩაიდინა, რომ საქართველოს კანონმდებლობით მოხდეს მისი პასუხისგებაში მიცემა და დაუყოვნებლივ იქნას გათავისუფლებული მეორე პირი, რომელიც ჯერჯერობით ტყვეობაშია.

სპეკულირება დღეს და ხელისუფლებისკენ ხელის გამოშვერა, მითუმეტეს, იმ პოლიტიკური ძალისგან, რომლის უპასუხისმგებლო პოლიტიკამ შესაძლებელი გახადა ფართომასშტაბიანი აგრესიის განხორციელება იმ ფორმით და იმ მასშტაბით, რა მასშტაბითაც ვიხილეთ, არის სრული უზნეობა და პოლიტიკური უტიფრობის მწვერვალი. აღსანიშნავია, რომ მანამდეც მომხდარა ასეთი ტრაგიკული ფაქტები, 2010-2011 წლებში და არასდროს იმდროინდელ ოპოზიციას არ გაგვიხდია ასეთი სპეკულირების საგანი ოკუპანტების ჩადენილი დანაშაულები. ეს არის ოკუპაციის შედეგი. ეს არის სრულად დასაგმობი ფაქტი. ამავდროულად, ჩვენ ვნახეთ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განცხადება, რომელიც მოუწოდებს ყველა მხარეს, რომ არ მოხდეს შემდგომი ესკალაცია და მოვლენების ცუდი სცენარით განვითარება,”- განაცხადა ქადაგიშვილმა.

მისივე თქმით, წინა ხელისუფლების ქმედებებმა, რომელიც “პროვოკაციის ზღვარზე გადიოდა” რუსეთს აგრესიის განხორციელების საშუალება მისცა, დღევანდელი ხელისუფლება კი მოქმედებს ისე, რომ “პროვოკაციის ადგილი არ დაუტოვოს აგრესორს”.

“2008 წლის ომზე აგრესორს ეკისრება პასუხისმგებლობა პირველ რიგში, მაგრამ ვისაც ახსოვს საქართველოს ხელისუფლების ქმედებები, რომელიც პროვოკაციის ზღვარზე გადიოდა და საშუალებას აძლევდა რუსეთს თავის აგრესია განეხორციელებინა. როცა დღეს, დღევანდელი ხელისუფლება მოქმედებს ისე, რომ პროვოკაციის ადგილი არ დაუტოვოს აგრესორს, ამას აფასებენ რუსული ხელისუფლების ქმედებად,”- განაცხადა ქადაგიშვილმა.

კითხვაზე, რამდენად ახერხებს “პროვოკაციის ადგილის არდატოვებას” ხელისუფლება მაშინ, როცა საქართველოს მოქალაქეებს კლავენ, ქადაგიშვილი აცხადებს, რომ “ასეთი ტრაგედიების ერთეული შემთხვევები აქვთ.”

“ჩვენ ერთეული შემთხვევები გვაქვს, სამწუხაროდ, მაგრამ ერთეული შემთხვევებია ასეთი ტრაგედიების და ვიღაც რომ ითხოვს რაღაც მეტს, მეტ დაპირისპირებას მეტი ესკალაცია მოყვება და რა უმართავ პროცესებში გადაიზრდება, ამაზე ვინმე აგებს პასუხს ოპოზიციიდან?! მათი ქმედებების შედეგი იყო, ის რაც საქართველოს აგრესიის შედეგად მოუვიდა,”- განაცხადა ქადაგიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლება პალესტინასთან „დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების პერსპექტივებს“ განიხილავს
შემდეგი სტატიაშალვა პაპუაშვილი ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლების დელეგაციას შეხვდა