„პუტინმა მორიგი ომი დაიწყო და ორ წუთში დაასრულა, ომი მოგვიგო“ – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტის მიერ საქართველოს ისტორიის მიზანმიმართლად დამახინჯებაზე კი არ უნდა ვიქილიკოთ, არამედ, მას სათანადო პასუხი სახელმწიფომ და ისტორიკოსებმა უნდა გასცენ.

„ახლა ცივი გონებით შევხედოთ რეალობას. გავრილოვიდან გაბუნიამდე განვითარებული მოვლენები და პოლიტიკური ჯგუფების ვნებები იმდენად აცდენილია სახელმწიფოებრივ და პრაგმატულ პოლიტიკურ განზომილებას, სიღრმეებში თუ ჩავყვებით ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია ვთქვათ – ვაი, შენ უბედურო საქართველოვ. მაგრამ ეს გამოსავალი არ არის.

შორს არ წავიდეთ – რაც გუშინ მოხდა, მავანთა ცინიზმის მიუხედავად, ქართული სახელმწიფოს უდიდესი მარცხია. ჰო, არ გამოგვიცხადა ომი, არ დაგვბობა, პირიქით – საჭმელი და სარჩო გამოგვიწოდა “დიდსულივნად” რაზეც ხელისუფლებამ მადლობები იხადა და ოპოზიციამ ხელისუფლებას დასცინა.

გუშინ ყველას დაავიწყდა, რომ საქართველოა თემა. ყველას დაავიწყდა ამ ქვეყანას, ამ სახელმწიფოს შეხიდებოდა და ეჩვენებინა, რომ მისთვის საქართველოა თემა, რომ საქართველოში უყვართ საკუთარი თავი და არა საქართველო საკუთარი თავისთვის.

გუშინ, დამარცხდა ქართულმა მედია, როდესაც დღის თემა ვერ განსაზღვრა და საკუთარი ტელეეთერები, ინტერნეტგვერდები ისტორიკოსებს და ექსპერტებს არ დაუთმო – ერთი კონკრეტული საკითხის გარშემო – საქართველო. ისევ საყვედური ქართველ ისტორიკოსებს, რომელთაც საკუთარი ინიციატიით არ გაუჩნდათ განცხადებების გაკეთების, სტატიების დაწერის სურვილი.

პუტინის განცხადებას თუ გავაანალიზებთ, რომელიც მას არ დაესიზმარა, არამედ, რომლის მომზადებაში სახელმწიფო მანქანა იყო ჩართული – დათო გამცემლიძეს დავესესხები – რუსეთის უშიშროების საბჭოს სპეციალიზებულლი ლაბორატორია – უნდა მივხვდეთ, რომ სპონტანური, ქუჩაში მომზადებული პასუხები აქ საკმარისი არ არის. რაც გაჟღერდა არანაირად არ არის მხოლოდ ხელისუფლების პრობლემა, პასუხისმგებლობის მქონე ყველა პოლიტიკოსის, თოთოეული მოქალაქის პრობლემაა.

რა პატრიოტულ ნამუსზე შეგდებას ქონდა ადგილი გაგახსენოთ? „ ომის გეშინიათ? ომს დაიწყებს?“ ჯარები რომ ყოლოდა შემოჭრისთვის საზღვართან გამზადებული, ისეთი მოცემულობა შევქმენით, რომ ყველა გონიერი მთავარსარდალი უკან გაიხმობდა. რატომ? იმიტომ, რომ გუშინ, პუტინმა მორიგი ომი დაიწყო და ორ წუთში დაასრულა. ომი მოგვიგო კიდევ ერთხელ და ვიქილიკოთ ახლა და ვიდარდიმანდოთ. და არა მხოლოდ საინფორმაციო ომზე არ ვსაუბრობ… (ამჯერად პასუხად იდიოტურ სისულეებს ვერ მოვისმენ, არაერთხელ ჩაფსმულთა მხრიდან განსაკუთრებით. უცებ რომ გახდა ბაქიბუქობით უშიშარი ვითარცა.. შიში ყველაფერთან ერთად პასუხისმგებლობაა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საკითხი სახელმწიფოს და მის ბედს ეხება.) და ისე ნებისმიერი ომის ფინალი ისტორიაა ეს უნდა ახსოვდეს ყველას.

ამ ვითარებაში, მორიგი კრიზისისთვის ისევ მოუმზადებელნი აღმოვჩნდით. და კრიზისი ესაა რეალურად.
კიდევ ერთხელ ნახეთ განცხადებები აფხაზეთზე და “სამხრეთ ოსეთზე” გულდასმით. ისტორია გადაგვიწრა – რა გაცინებთ, რითი ხართ კმაყოფილები? ეს „უწყინარი“ განცხადება, და პასუხად – ისტორია არ იცისო, არის სიბრიყვე. ესაა გადაწერილი ისტორია, რომლის მიზანი ძალიან მზაკვრულია. ისტორია, რომლის არსს ოპიზიციამ წაუყრუა, მთავარი კონტექსტი ჩამოაშორა და ცუნგცვაგში მყოფ ხელისუფლებას შესტენა. არა და ისტორია იმითაა მნიშვნელოვანი, რომ მას ნარატივი ასაზრდოვებს. ეს ნარატივი დახვდება შემდგომ ხელისუფლებებს. შესაძლოა იმათ, ვინც დღეს დუმს ან ქილიკობს. ამიტომ, ეს არაა თემა, რომელიც ოპოზიციმ ვინმეს უნდა შესტენოს, ხოლო ხელისუფლებამ წაუყრუოს. და როგორ არ უნდა წაუყრუოს, ამის მინიმუმ სწორი გააზრება უნდა ჰქონდეს თუნდაც კუთხეში მომწყვდეულს.

ნახეთ ტვ სიუჟეტები – არავის მოუვიდა აზრად ერთი ისტორიკოსი მაინც ჩაეწერათ. მოემზადებინათ სიუჟეტები, ისტორიულ კუთვნილებაზე, ემხილებინათ. რატომ? ჩვენ ისედაც ვიცით და ეგაა? პოლიტიკოსებს რომელთა წონა და სიმაღლე იმ “ლილიპუტის” ვერც წონას სწვდება და ვერც სიმაღლეს, უსვამდნენ კითხვებს, რომლის პასუხები იმთავითვე იყო ცნობილი. ოპოზიცია: – ხელისუფლება სუსტია და რუსეთთან ვერ დალაგდა, რაც იმთავითვე გულისხმობს მე დავლაგდებიო (ესეც მოვისმინეთ ბოლო დღეებში) და ხელისუფლება პასუხობდა და პასუხობს – პროვოკაცია ოპოზიციამ მოაწყოო. აქამდე დავიდა მორიგო წაგებული ომის შეფასება.
მედიამ ვერ შესძლო თემის პროფესიონალური – ინტელექტური უარყოფის ორკესტრირება. ხოლო ზედაპირული პოლიტიკოსების აბდაუბდა, ყველა ფლანგიდან, მომავალში კიდევ მოგვჭრის კბილს.

სუბიექტურად, თუ ოპოზიცია ფიქრობს, რომ პუტინის განცხადებები მისთვის საამურია და ეს ივანიშვილის დასამარცხებლად გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია – ცდება და უფრო მეტიც – საკუთარი თავისთვის გამოაქვს ვერდიქტი. თუ ხელისუფლება ფიქრობს, რომ პრობლემა გადააგორა – ცდება და მასაც – საკუთარი თავისთვის გამოაქვს ვერდიქტი. ორივე მხრიდან კი ეს არაა სახელმწიფოებრივი აზროვნება.

მოკლედ, ახლა ტელეეთერებში, საგაზეთი გვერდზებზე, ინტერნეტსაიტებზე გვჭირდება მწყობრი და მიზანმიმართული, დაგეგმილი ქმედებები. გვჭირდება ავტორიტეტები, ისტორიკოსები, მკვლევარები და მათი აზრები, რომელთა კულტივირებას ციტატებად არა მხოლოდ პოლიტიკოსები, არამედ ნებისმიერი ქართველი მოახდენს. გვჭირდება ფულის დახარჯვა უცხოურ მედიაშიც. ეს ის თემაა, რომელიც ვერ უნდა აღმოჩნდეს წყალგამყოფი ვერც ერთი ქართველისთვის. (დაგიჭამიათ ერთმანეთი ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, ახლა ერთად დგომაა საჭირო და ნამდვილად არ ვაბუქებ და არ ვდგამ დრამას.)

ყველაფერს გავაკეთებდი, რომ რომელიმე მსოფლიო ლიდერს პუტინისთის საჯარო შეხვედრისას პაატა ქურდოვანიძის „ქართულ აფხაზური ალბომი“ ეჩუქებინა (და ისე რატომ არ არის ეს წიგნი ინგლისურ ენაზე გამოცემული?) ა კიდევ ბევრი რამე შეიძლება, მაგრამ ამას გონიერება სჭირდება და პოლიტიკური სპექტრის უნისონში საქმიანობა.
ჩერჩილი მაინც გავიხსენოთ, “უმწეო” ჩემბერლნის პირობებში როგორ იცავდა ბრიტანეთის ინტერესებს, ისე რომ არც ერთხელ საკუთარი პოლიტიკური ოპონენტი არ ულანღძია. რატომ? ეს ბრიტანეთის სისუსტის დემონსიტირება იქნებოდა. აქ პირიქით ხდება ყველაფერი და უმეტესობას რომ ჰკითხო, მსოფლიოს ნომერ პირველ პოლიტიკოსად სწორედ ჩერჩილი მიაჩნია.

და ბოლოს, მე, ერთი რიგითი ადამიანი მოგმართავთ თხოვნით პოლიტიკოსებს ყველა ფლანგზე, მედიას და ისტორიკოსებს, ამ თემის გარშემო მაინც გაერთიანდით და ნუ გადააწერინენებთ ნურავის საქართველოს ისტორიას. მივმართავ ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებს – დღეს ნუ დავკარგავთ საქართველოს წარსულს, ისტორიას და სწორად განისაზღვროს დღის წესრიგი და მესიჯებიც.

ყველას – ჩვენ საქართველო გვიყურებს ახლა!“ – წერს მირცხულავა სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაში„ეს არის ისტორიული ფაქტების ტენდენციურად წარმოჩენის მაგალითი” – ზალკალიანი პუტინის განცხადებას ხანგრძლივი ფიქრის მერე გამოეხმაურა
შემდეგი სტატიაპუტინმა ძალზედ ღირსეული კომენტარი გააკეთა, ჩვენ ჩვენი წილი ვიშრომეთ – ინაშვილი